ჭადრაკი

1:45 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ეტაპის ჯამში მუზიჩუკი და ძაგნიძე ლიდერობენ

როგორც უკვე ვიუწყებოდით, სომხეთის ქალაქ დილიჟანში დასრულებულ ფიდე-ს საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ეტაპზე ქართველმა ნანა ძაგნიძემ (2550) სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან (2593) ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა და აქტივს 120 ქულა შემატა.

საინტერესოა, რომ 2 ეტაპის ჯამში ლიდერებში სწორედ ქართველი და სლოვენიელი მოჭადრაკეები იმყოფებიან. მუზიჩუკის აქტივში 250 ქულაა და იგი პირველ ადგილზეა, ხოლო ძაგნიძეს 220 ქულით მე-2 პოზიცია უკავია.

ლიდერებს კვალში რუსი ტატიანა კოსინცევა (2526) – 190 ქულა, ქართველი ბელა ხოტენაშვილი (2531) – 170 ქულა, ინდოელი ჰამპი კონერუ (2597) – 160 ქულა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – უკრაინელი ანა უშენინა (2499) – 155 ქულა უდგანან.

შეგახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა, რომელიც პირველი ეტაპის გამარჯვებულია, დილიჟანში 160 ქულას მხოლოდ 10 შემატა, ტურნირის გამარჯვებული კი კონერუ გახდა. ინდოელი მოჭადრაკე პირველ ეტაპს ატარებდა და საერთო გამარჯვებაზე მყის სერიოზული განაცხადი გააკეთა.

2013-14 წლების გრან-პრის მე-3 ეტაპი 17 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში შედგება და მასში ქართველთაგან მხოლოდ ხოტენაშვილი ითამაშებს. მის გარდა აზიურ ეტაპზე კონერუს, ჟუს (ჩინეთი), ლაჰნოს (უკრაინა), ჩმილიტეს (ლიტვა), სტეფანოვას (ბულგარეთი), დრონავალის (ინდოეთი), კოსტენიუკს (რუსეთი), გირიას (რუსეთი), დანიელიანს (სომხეთი), ჟაოს (ჩინეთი) და მუმინოვას (უზბეკეთი) ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ საჭადრაკო გრან-პრის ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა, საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა. ცნობისთვის, ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს. მომავალი ტურნირი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).

გრან პრის გამარჯვებული 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად ჩემპიონი უკრაინელი უშენინაა, რომელმაც ტიტული შარშან, ნოკაუტსისტემით მოიგო. წლეულს უშენინა წოდების შესანარჩუნებლად, 2011-12 წლების გრან პრის გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) გაეჯიბრება.

0.104193