სხვა

22:31 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტაიმი

 

თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებილი ხელბურთის გულშემატკივრები უაღრესად საინტერესო მატჩის მომსწრენი გახდნენ.

ლიტვასთან, თურქეთთან და ფინეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ევროპის პირველი ეტაპის პირველ ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურში ფინეთის ნაკრებს მასპინძლობდა. პირველ ტურში საქართველომ სტუმრად ლიტვასთან 17:23 წააგო, ხოლო ფინეთმა საკუთარ მოედანზე თურქეთი 26:20 დაამარცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 50-ე წამზე (ტეემუ ტამინენის) შვიდმეტრიანი საჯარიმოთი გახსნეს. ორი წუთის შემდეგ მასპინძელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ხელბურთელმა სერგო დათუკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. მალე იმავე ტამინენმა თანაგუნდელები ისევ შვიდმეტრიანი საჯარიმოთი დააწინაურა. ასე გაგრძელდა პირველი ტაიმის 26-ე წუთამდე. წინ გასულ ფინელებს მასპინძლები მალევე უთანაბრებდნენ. 26-ე წუთის ბოლოს სტუმრები, პირველად ამ შეხვედრაში, 2 ბურთის სხვაობით – 8:6 დაწინაურდნენ. ფინეთმა აღნიშნული უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა, რომელიც 10:8 მოიგო კიდეც. მეორე ტაიმი, რომელიც მასპინძელთა შტურმით დაიწყო, პირველისგან სრულიად განსხვავებული გამოდგა. მეორე წუთის ბოლოს დათუკაშვილმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. ერთი წუთის შემდეგ, პირველად ამ შეხვედრაში, მასპინძლები რატი მსხვილიძემ 11:10 დააწინაურა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. იყო მომენტი, როცა საქართველო 9 ქულის სხვაობით – 21:12 იგებდა. დარჩენილ დროში ფინეთმა შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება – 26:19 – საქართველოს სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 6 ბურთი საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ ჭანტურიამ გაიტანა.

ხელბურთელთა მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში ყატარში გაიმართება, სადაც პლანეტის 24 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

3 საგზურს მიიღებენ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურის მონაწილე 15 გუნდიდან 1-3 ადგილებზე გასული გუნდები. დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 ჯგუფის გამარჯვებული გუნდები. 18 გუნდი დაწყვილდება და 2014 წლის ივნისში შინ და სტუმრად ჩატარებული მატჩებით 9 საუკეთესო გუნდის ვინაობა გაირკვევა.

საქართველო მორიგ შეხვედრას 2014 წლის 2 იანვარს თურქეთში, ამ ქვეყნის ნაკრებთან ჩაატარებს.

 

საქართველო-ფინეთი 26:19

თბილისი. სპორტის სასახლე. 3 ნოემბერი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი. პირველი ჯგუფი. II ტური.

საქართველო: გვაზავა, გამზარდია (2), აბრამიშვილი, დათუკაშვილი (5), რუსია (4), ჩიქოვანი (4), ამირანაშვილი, ტორონჯაძე, ორჯონიკიძე, მაისურაძე, სიმონია, თევზაძე, ჭანტურია (6), მსხვილიძე (5), ბერძენიშვილი, გოგალაძე.

მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რასიჩი

ფინეთი: ნორდკვისტი, კოლიონენი, ბრომანი (1), კორპიმიაკი (1), კილსტედტი (2), რონბერგი (1), ოიალა, სუნდბერგი (4), ვალო (2), ბრომანი (3), აუერი, მიაკელა (1), ტამინენი (4), სიომანი.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ტულანდერი

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფაჩანი (ორივე ისრაელი)

კომისარი: ისქანდერ ასქაროვი (აზერბაიჯანი)


0.208404