“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ შვეიცარიულ ნიონში ორშაბათს გამართულ კენჭისყრაზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის ”დინამო” ანდორის “ლუზიტანოსსა” და ფარერების “სტრეიმურს” შორის გამარჯვებულს (16/17 და 23/24 ივლისს) შეხვდება. ესენი ერთმანეთს 2/3 და 9/10 ივლისს დაუპირიპირდებიან. დაგვეთანხმებით, ისეთი გუნდებია, რომელთა სახელწოდება ცოტას თუ სმენია. როცა კონკრეტულად გაირკვევა, რომელი მათგანი ჩამოვა თბილისში, მეტოქეს უფრო ვრცლად წარმოგიდგენთ. ახლა კი უბრალოდ ვნახოთ, რას წარმოადგენენ და “რითი იჭმევიან”.
ანდორის “ლუზიტანოსი” ზედიზედ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემიონი. მოგეხსენებათ, ანდორა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ციდა სახელმწიფოა, აღმოსავლეთ პირენეში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მდებარეობს და დაახლებით 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის ფეხბურთზე პორტუგალიელთა გავლენა დიდია და გამონაკლისი არც “ლუზიტანოსია”, რომლის მფლობელიც (ანტონიო და სილვა სერკეირა) და შემადგენლობის უმრავლესობაც პორტუგალიელები არიან. ლუზიტანები ინდოევროპული წარმოშობის ტომები იყვნენ და პორტუგალიელები მათ საკუთარ წინაპრებად მიიჩნევენ. სახელწოდებაც აქედან მოდის. ლუზიტანებმა შარშანაც ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და პირველივე რაუნდში მალტურ “ვალეტასთან” (0:1, 0:8) წააგეს. თუ რა დონის გუნდია, დასკვნა თავად გამოიტანეთ.
“სტრეიმური” ფარერული დასახლება აიის გუნდია და 1993 წელს დაარსდა “ეიდის ბოლტფელაგისა” და “სტრეიმურის” შერწყმის შედეგად. გუნდი ფარერის კუნძულების 3-გზის ჩემპიონი (2008, 12, 13) და 4-გზის თასის მფლობელია (2007, 08, 10, 11). შარშან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ “განძასართან” დამარცხდა (3:1, 0:2). ყველაზე გამოსარჩევი ეპიზოდი გუნდის ისტორიაში კი უეფას თასის 2008/09 წლების გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი იყო, როცა მრისხანე “მანჩესტერ სიტის” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ჯამში ოდენ 0:4 (0:2, 0:2) დამარცხდა.