გულშემატკივრის სვეტი

11:00 | 24.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ჯენტლმენი წარსულიდან

- ასეთ დროს, ლონდონში ბარები ყოველთვის ხალხითაა სავსე. ცარიელ ბარს მაინც როგორ მოაგენით ჰოლმს?
- უბრალო ამბავია. ჩვენ ახლა “ტოტენჰემის” გულშემატკივრების საყვარელ ბარში ვართ. აქ ”ჩელსის” ქომაგობით არავინ შეიწუხებს თავს. პირიქით...
- ეს როგორ? რა კავშირშია ”ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ფინალთან?
- როგორ და, თუ ”ჩელსიმ” ჩემპიონთა თასი აიღო, ”ტოტენჰემი” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. აბა ეგ აქ ვის აწყობს მისტერ უოტსონ?
- თქვენ ფეხბურთი არასოდეს გიყვარდათ ჰოლმს და დღეს რატომ აიტეხეთ ფინალის საცქერლად აქ წამოსვლა?
- დედუქციის უნარს ვივითარებ ექიმო.
- ფეხბურთზე დედუქციის უნარს?
- რა თქმა უნდა! აი მაგალითად, მისტერ უოტსონ, დააკვირდით ტრიბუნაზე მჯდომ ჯონ ტერის. როგორ ფიქრობთ, თამაშამდე რას აკეთებდა ჯონი?
- ალბათ გუნდთან ერთად იყო და ბიჭებს ამხნევებდა.
- არავითარ შემთხვევაში! ჯონი სტადიონზე პირდაპირ მიუნჰენური ლუდხანიდანაა მისული. ლუდხანაში კი იმიტომ იყო, უთამაშებლობით გამოწვეული დარდი რომ გაექარვებინა?
- ეს ლუდხანა საიდან მოიტანეთ? ან დარდის გაქარვება?...
- ჯონ ტერის კარგად თუ დააკვირდები, თვალები ჩასიებული აქვს, მაგრამ მაინც უცნაურად უციმციმებს. ასეთი თვალები მხოლოდ იმ კაცს შეიძლება ჰქონდეს, რომელსაც დარდით მთელი ღამე არ უძინია. თვალების მსგავსი ციმციმი კი ალკოჰოლის დამსახურებაა. როგორ გგონია, რას დალევდა ინგლისელი მიუნჰენში? ვისკის? არაყს? ღვინოს? რა თქმა უნდა ლუდს! ამას გარდა, მის ახალთახალ კოსტუმზე მოსტაფილოსფრო ყველის ნაფხვენების კვალიც ჩანს. ასეთ ყველს მიუნჰენში ლუდხანებში ყიდიან.
- თქვენ მე კიდევ ერთხელ მაკვირვებთ მისტერ ჰოლმს. რაკი საუბარს შევყევით, ბარემ ისიც მითხარით, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი მატჩი...
- მე ფეხბურთის ბევრი არაფერი გამეგება. მაგრამ ის კი შემიძლია გითხრა, რომ დიდიე დროგბა გოლს აუცილებლად გაიტანს!
- ესეც მის თვალებში ამოიკითხეთ?
- არამარტო თვალებში ექიმო. ხომ ხედავთ, გერმანელები როგორ უტევენ ჩვენებს. სადაცაა გოლს გაიტანენ. როდესაც გერმანელი გოლს მიტანს, ან რაიმე წარმატებას აღწევს, თავს ზეკაცად რაცხს და შიშის უნარიც მთლად უქრება. დიდიე დროგბა კი ძალიან მაგონებს პანტერას, რომელიც ყველაზე კარგად მაშინ ნადირობს, როდესაც მსხვერპლს უკნიდან ეპარება. მით უმეტეს, თუ ამ ”მსხვერპლს” ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი ემუქრება.
- დი მატეო რატომღა ფორიაქობს მისტერ ჰოლმს? ეგეც ვინმეს ეპარება?
- დი მატეო არ ფორიაქობს. მოწინააღმდეგეს აჩვენებს თავს ეგრე. განერვიულებულ კაცს ნაბიჯებიც ნერვიული აქვს. ეს კი ჯუზეპე გარიბალდივით თავდაჯერებულად მიმოდის მოედნის მიღმა. აფორიაქებული მწვრთნელის ნახვა თუ გსურს, არსებობს ასეთი ქვეყანა – საქართველო და იმათი ნაკრების მწვრთნელის მოქმედებები უნდა ნახო მატჩის მიმდინარეობის დროს. ერთხელ ვუყურე მაგ გუნდის თამაშს და ადვილად მივხვდი, რომ მწვრთნელს სულ ეშინია, ფეხბურთელებმა ემანდ რაიმე შეცდომა არ დაუშვან და თავი არ მომჭრანო. ხელების ქნევაზეც კი ემჩნევა ეს. დი მატეო კი ნამდვილი მსახიობია!
- ბარაქალა მისტერ ჰოლმს! უკვე პენალტების სერია იწყება. თქვენ ყველაფერი გამოიცანით. ახლახანს ჩაილაპარაკეთ, რომ პენალტების სერიას ”ჩელსი” მოიგებს. როგორ ასკვნით, რომ ”ჩელსი” მოიგებს?
- არანაირი სირთულე არ გახლავთ ამის გამოცნობა ჩემო მეგობარო. დარწმუნებული ვარ, ჰაინკესი რობენს პენალტს არ დაარტყმევინებს. ეს ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ჰოლანდიელმა თამაშიდან ვერ გაიტანა პენალტი და ნერვებმა ახლაც შეიძლება უღალატოს. მაგრამ, გერმანელებს მთელი მათი ისტორიის მანძილზე დიდი წინამძღოლის გარეშე არასოდეს არაფერი უქნიათ და ვერც ახლა იზამენ. გერმანელებს ახლა მაგალითის მიმცემად ბასტიან შვაინშტაიგერი დარჩათ. ის შვაინშტაიგერი, რომელიც შენც ხედავ რომ ბუნებით წინამძღოლი არაა.
- მგონი უკვე დროა წავიდეთ ბარიდან შერლოკ. როგორც ხედავ, ბარის მეპატრონეებიც ”ტოტენჰემის” გულშემატკივრები არიან და ”ჩელსის” ჩემპიონობის გამო, ჩვენც ავი თვალით გვიყურებენ. თითქოს ჩვენი ბრალი იყოს მათი გუნდი ამდენი წვალების მიუხედავად, მაინც ჩემპიონთა ლიგის მიღმა რომ დარჩა.
- მართალს ამბობ ჩემო მეგობარო. ჩვენი წასვლის დროა. მით უმეტეს, რომ ხვალ კიდევ ერთი სპორტული თავსატეხი – დები უილიამსების წარმატების საიდუმლო გვაქვს ამოსახსნელი. ამაში ფულს არავინ გადაგვიხდის, მაგრამ ხანდახან ტვინის გავარჯიშებაც სასარგებლოა!
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

0.120804