ძიუდო

21:54 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს დასაწყისი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, დიუსელდორფის “დიდი პრიზის” პირველი დღე 2 მედლით ჩაამთავრა. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და შალვა ქარდავა (66 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
პაპინაშვილმა ძირითად ბადეში ბელგიელი სენ ვინსი, ყაზახი იერკებულან კოსაიევი და მატიაზ ტრბოვჩი ისე ჩამოიშორა, საჭიდაოდ დაწესებული 5 წუთი სრულად ერთხელაც არ დასჭირვებია. ოქრო-ვერცხლის შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან ორჯერ დავარდა ვაზარზე. რეპეშაჟის ფინალში კი, ყაზახ ასხატ ტელმანოვს 2 იუკოთი აჯობა. უმსუბუქეს წონაში, საქართველოს სახელით, პაპინაშვილის გარდა, ბეთქილ შუკვანმაც იჭიდავა, მაგრამ მოულოდნელად, ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან მარცხის შემდეგ. ამ უკანასკნელმა საწადელს კონტრშეტევისას შესრულებული იპონით მიაღწია. არადა, იქამდე შუკვანი ვაზარით და 2 იუკოთი იგებდა და თავისუფლად შეეძლო, დარჩენილი დრო უპირატესობის შესანარჩუნებლად გამოეყენებინა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა შავდათუაშვილმა და შალვა ქარდავამ იჭიდავეს და საბოლოოდ ისე მოხდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთს უნდა დასჭიდებოდნენ, მაგრამ შეხვედრა ქარდავამ უბრძოლველად მოიგო.
შავდათუაშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე ნახევარფინალიდან გადაერთო, სადაც იაპონელ მასაში ებინუმასთან შებოჭვაზე მოყვა. ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონელთან დაპირისპირებამდე ჰოლანდიელი იასპერ დე იონგი 4 შიდოთი დაამარცხა, სამხრეთკორეელ ჯუნ-ჰიუნ ჩოს იპონით აჯობა, აზერბაიჯანელ ტარლან კარიმოვს კი ვაზარი აკმარა.
ქარდავამ ძირითად ბადეში უკრაინის ნაკრების წევრი გევორქ გევორქიანი და რუმინელი ლასლო სზოკე 4-4 წუთში ჩამოიცილა. მეოთხედფინალში იაპონელ მასაში ფუკუოკასთან თავად დავარდა ბეჭებზე. ბრინჯაოს ფრონტზე გადართულმა კი, ესპანელ სუგოი ურიარტეს იუკოთი სძლია.
დღესვე, გერმანულ ტატამზე ზურაბ ნოზაძემ და ამბაკო ავალიანმაც (ორივე 73 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს. ნოზაძე პირველსავე წრეში ვაზარით დამარცხდა, ესპანელ ხავიერ რამირესთან. ავალიანი კი, ტუნისელი რაგებ კარჩუდის იპონით ძლევის შემდეგ, ებრაელ საგი მუკთან დაჭიდებისას თავად დავარდა ბეჭებზე.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ტატამზე გავლენ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე, გიორგი ნოზაძე (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09433