ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 354 ქულა მოაგროვა და კარიერის უმაღლეს 161-ე ადგილს უწია.
კალაშნიკოვას უმთავრესი მოცილე კვლავაც ანა ტატიშვილია, რომელიც 342 ქულით 167-ე პოზიციამდე აღზევდა და საქართველოს პირველ ჩოგნობაზეც, ძველებურად პრეტენზიას აცხადებს.
მიმდინარე კვირაში ტატიშვილი ფლორიდული ტურნირების შემდეგ ისვენებს, კალაშნიკოვა კი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს. ოქსანა ძირითად ბადეში მე-4 ნომრადაა განთესილი, მისი პირველი მეტოქის ვინაობა კი საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ამ კვირაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული საჩოგბურთო დესანტი უზბეკეთის ქალაქ ნამანგანში იქნა გადასხმული. 25-ათასიან ტურნირში ასპარეზობის სურვილი ერთბაშად ხუთმა ქართველმა გოგონამ გამოთქვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-7 ნომრად განთესილმა ანა ჯიქიამ ბელორუს ვოლია კალოძიცას 6;4, 6:4 სძლია და ძირითად ბადეში გასვლისთვის აზერბაიჯანელ კამილა აბდუკადიროვას გაეჯიბრება.
გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ ჯიქია მთავარ ტურნირში თანამემამულეს გაეჯიბროს. თათია მიქაძე და სოფო ქვაცაბაია პირველ რაუნდში სწორედ კვალიფიკაციის გამარჯვებულთ ელიან.
მე-5 ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი სოფო შაფათავას დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე ჩახნაშვილი და შაფათავა უზბეკებს აზიმოვასა და რაჰმანოვას ეთამაშებიან. ასევე უზბეკებს – ჩერნაიასა და საიდხოჯაევას გაეჯიბრებიან ჯიქია და ბელორუსი იემელიანოვა.
მიქაძე და ბერძენი გეორგატუ ძალებს პოლონელ კოსინსკასთან და სლოვაკ ვიენეროვასთან მოსინჯავენ, ქვაცაბაია და უზბეკი შაპიროვა კი წარმატების მიღწევას რუმინელ ბოგდანთან და უკრაინელ პივენთან ეცდებიან.
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ფუჯაირაჰში 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი მანანა შაფაქიძე, რომელიც საწყის რაუნდში ჩეხ დიტა ჰაუერლანდოვას დაუპირისპირდება.
წყვილთა გათამაშებაში შაფაქიძისა და ავსტრალიელი ჰოპერის დუეტს ასევე მე-2 რეიტინგი გააჩნია, მათი პირველი მეტოქეები კი ბრაზილიელი რაფული და სერბი საბლიარევიჩი იქნებიან.
ქართველმა გოგონებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს თურქეთის კურორტ ანთალიაში 10-ათასიან ტურნირზე. თამარ ცხაკაია რუს იულია სამუსევასთან 1:6, 0:6 განადგურდა, თეონა ტატიშვილი იაპონელ კანა დანიელთან 2:6, 0:6 დამარცხდა, ხოლო თამარ კომახიძე ებრაელ მარგარიტა-გრეტა სკრიპნიკთან 0:1-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ანთალიაშივე ასევე 10-ათასიან ტურნირზე ძირითად ბადეშია დაშვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) ახალ რეიტინგში 34 პოზიციით დაქვეითდა, თუმცა, ქართველთა შორის კონკურენტი მაინც არ ჰყავს.
161 (164). ოქსანა კალაშნიკოვა – 354 ქულა; 167 (168). ანა ტატიშვილი – 342; 210 (213). მაკა ჩახნაშვილი – 252; 354 (351). სოფო შაფათავა – 109; 432 (432). სოფო ქვაცაბაია – 77; 475 (469). მანანა შაფაქიძე – 65; 481 (481). თათია მიქაძე – 63; 553 (553). ეკატერინე გორგოძე – 48; 1024 (1026). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1077 (1078). ანა ჯიქია – 4;
540 (506). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 49; 1075 (1076). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1476 (1481). გიორგი ცივაძე – 1; 1574 (1576). გიორგი რევაზიშვილი – 1; 1574 (1576). სოზარ გოქაძე – 1; 1574 (1576). ნოდარ ითონიშვილი – 1;







