საქართველოს პირველმა ჩოგანმა ოქსანა კალაშნიკოვამ ტაიგაში მდინარე ირტიშის სანაპიროებს მიაშურა და თოვლიანი და ყინვიანი ხანტი-მანსიისკის საჩოგბურთო ტურნირში იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
ოქსანა მე-4 ნომრად გახლავთ განთესილი, მისი პირველი მეტოქის ვინაობა კი საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვასა და რუსი დიატჩენკოს დუეტი პირველ ნომრადაა მიჩნეული, მათი პირველი მეტოქეები კი ასევე რუსები კულბიკოვა და მონოვა იქნებიან.
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში იმყოფებიან სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც 10-ათასიან ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაებმებიან.
თურქეთის კორორტ ანთალიაში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე მალევე დაასრულეს ასპარეზობა ქართველმა გოგონებმა. კვალიფიკაციის პირველ რაუნდში თამარ ცხაკაია შვედ ვალერია ოსადჩენკოსთან 3:6, 2:6 დამარცხდა, თეონა ტატიშვილმა გერმანელ იულია კიმელმანთან 0:6, 2:6 წააგო, მეორე წრეში პირდაპირ დაშვებული ირინა თოიძე კი არგენტინელ გუადალუპე მორენოს ვერ გაუმკლავდა – 1:6, 1:6.
ანთალიაშივე ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც 10-ათასიან ტურნირზე მე-11 რეიტინგი გააჩნია.







