ძიუდო

2:43 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილის ოქროს წერტილი

 საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია

ბრაზილიაში ჩატარებული ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა რიო დე ჟანეიროს ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.

საჩემპიონო გზას ქართველები პირველობის ერთ-ერთი ფავორიტის – საფრანგეთის ძლევით (3:2) შეუყვნენ. ამ დაპირისპირებისას 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ლუის პიეტრის სამი დღის წინანდელი მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის გამო აუღო ბრწყინვალე რევანში, წუთნახევარში შესრულებული ორი ვაზარით. ჭრიკიშვილის გარდა გუნდს ქულები ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოუტანეს.

მეოთხედფინალში საქართველომ ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ), ჭრიკიშვილის, ლიპარტელიანისა და ოქრუაშვილის მიერ აღებული ქულებით მონღოლეთი დაამარცხა – 4:1. ასეთივე ანგარიშით აჯობა უზბეკეთსაც. ფინალში გასასვლელად საჭირო გამარჯვებები ნაკრებს ტატალაშვილმა, ჭრიკიშვილმა, ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა მოუპოვეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში კი ქართული ხუთეული რუსეთს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში მოუგო. 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიების ჭიდაობის შემდეგ უზნაძის გუნდი 0:2-ს აგებდა, მაგრამ ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა წონასწორობა აღადგინეს. ხოლო ოქრუაშვილმა ოქროს წერტილი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინის შებოჭვით დასვა.

0.121215