8 მედალი და გუნდური მე-4 ადგილი – ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების საერთო მონაგარი თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი სპორტის სასახლის ტატამზე რამდენიმე გამოცდილი წევრის გარეშე გავიდა, მაინც მოსალოდნელზე მოკრძალებული შედეგი აჩვენა. შვიდი წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ორში გავიდა ქართველი სპორტსმენი ფინალში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა კი მხოლოდ ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) შეძლო.
ქართველმა მძიმეწონოსანმა საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა და ევროპის ღია ტურნირი საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. პირველ ნომრად განთესილი ოქრუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, სომეხ აზატ აბრაჰამიანთან დაპირისპირებით და ვადაზე ადრე მოამთავრა საქმე, ოღონდ ამისთვის ილეთის გაკეთება არ დასჭირვებია. აბრაჰამიანმა ფეხში შესვლის წესი დაარღვია და შეხვედრიდან მოიხსნა. უკრაინელ მიკიტა დიბრინსა და იაპონელ რიუ შიჩინოეს ერთნაირ დროში – 55 წამში, ეფექტური გდებებით მოუმთავრა საქმე, ფინალში კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ ტაკეში ოჯიტანის დაძაბულ ბრძოლაში ერთით ნაკლები გაფრთხილებით აჯობა.
ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა ლაშა გურულს (100 კგ). ფინალში იგი ებრაელ ორ სასონთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გადამწყვეტ ბრძოლამდე კი უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვი, ლატვიელი ვიქტორს რეშკო და ირანელი ჯავად მაჰჯოუბი ჩამოიშორა.
სასონმა გურულის ძლევამდე, ნახევარფინალში დავით ლორიაშვილის დამარცხებაც მოასწრო, ოღონდ გაცილებით მძიმე ბრძოლაში – იუკოს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა 3 შიდო მიიღო და მსაჯს პასიურობისთვის ერთხელაც რომ გაეფრთხილებინა, ქართულ ფინალსაც ვიხილავდით. ლორიაშვილი საბოლოოდ კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდა, მას შემდეგ, რაც რუსი შამილ მაგომედოვი იუკოთი დაამწუხრა. ძირითად ბადეში კი ნახევარფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ საინ მამადოვს, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ უკრაინელს, არტემ ბლოშენკოსა და ყაზახ ტაიგატ ამრენოვს აჯობა.
ლორიაშვილის მსგავსად, ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ლაშა ტაველური (90 კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ). ტაველურმა უკრაინელი არტემ გულიაევის, აზერბაიჯანელი რამინ გურბანოვისა და ბრიტანელი ენდრიუ ბარნსის ძლევის შემდეგ, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვთან წაგებით, რეპეშაჟის ფინალში კი გაჰრამანოვის ჯავრი მის თანამემამულეზე მურად რაჯაბლიზე იპონით იყარა.
ზაქარიაძემ ძირითად ბადეში 2 შეხვედრა ჩაატარა: მერვედფინალში აზერბაიჯანელ ანდრეი ფატიევს მოუგო, მეოთხედფინალში კი იაპონელ შიჩინოესთან ვეღარას გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჯერ უკრაინელი დიბრინი შებოჭა, შემდეგ კი რუსი ანტონ კრივობოკოვის ვაზარზე დაგდებით გამოიმუშავა ბრინჯაო.
დღეს ევროპის ღია ტურნირზე სულ 16-მა ქართველმა იჭიდავა. სამეულს მიღმა დარჩენილი 11 ძიუდოისტიდან ყველაზე შთამბეჭდავი ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) გამოსვლა იყო – ნახევარფინალამდე 3 შთამბეჭდავი იპონით მივიდა. მათ შორის, გამოსარჩევი იაპონელი იუია იოშიდასთვის შეხვედრის ბოლო წამზე შესრულებული წმინდა გდება იყო. საბოლოოდ ღვინიაშვილი მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ნაკრებს ჩასათვლელი ქულა მძიმეწონოსანმა ონისე ბუღაძემ მოუტანა, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა.
ყველაზე უშედეგოდ საქართველოს ნაკრების წევრები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ – ლევან წიკლაური, ლაშა ზურაბიანი, პაატა ღვინიაშვილი და იასონ ჩილინდრიშვილი ტურნირს მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ. ყველაზე მოულოდნელი წიკლაურის წარუმატებლობა იყო – პირველსავე შეხვედრაში ფეხში შესვლის ახალი წესი ვერ გაითვალისწინა და უმალ წაგება ჩაეთვალა.
მოულოდნელობა იყო ზვიად გოგოჭურის წარუმატებლობაც. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ტურნირზე ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა – აზერბაიჯანელ გაჰრამანოვთან შებოჭვაზე მოჰყვა.
საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ ტურნირს ჯუმბერ გიგაური (90 კგ), გიორგი ნოზაძე, გიორგი ქავთარაძე (ორივე 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს, ისრაელსა და იაპონიას ჩამორჩა. ცნობისთვის, აზერბაიჯანელებს თბილისში საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი პიტერ ზაიზენბახერი ჩამოუძღვა, თან თბილისში გადახალისებული შემადგენლობა იახლა, მაგრამ ამის მიუხედავად, აზერბაიჯანში გუნდური ჩემპიონობით გახარებული ბრუნდება.
ფინალური ბლოკის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ აქტიური სპორტიდან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე გააცილა. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტს ქართული ძიუდოს ისტორიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად საჩუქარი გადასცა. შემდეგ კი დიდი ხნის წინ დანერგილი ქართული ტრადიციის თანახმად, კარიერადასრულებული ძიუდოისტი ახალგაზრდებმა მხრებზე შეისვეს და სპორტის სასახლის არენა შემოატარეს.
ძიუდო
ევროპის ღია ტურნირი
თბილისი
2 თებერვალი
60 კგ
1 შინჯი კიდო (იაპონია)
2 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
3 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)
2 ვადიმ შოკა (ბელარუსი)
3 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)
3 იუიტო იოშიდა (იაპონია)
73 კგ
1 საგი მუკი (ისრაელი)
2 იერტუგან ტორენოვი (ყაზახეთი)
3 ალექსეი ასტაფიევი (რუსეთი)
3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)
3 თებერვალი
81 კგ
1 ტურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი)
2 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
3 მამადალი მაჰდიევი (აზერბაიჯანი)
3 ასაფ ჩენი (ისრაელი)
90 კგ
1 შეხმად მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
2 შაჰინ გაჰრამანოვი (აზერბაიჯანი)
3 ლაშა ტაველური (საქართველო)
3 სტანისლავ რეტინსკი (უკრაინა)
100 კგ
1 ორ სასონი (ისრაელი)
2 ლაშა გურული (საქართველო)
3 დავით ლორიაშვილი (საქართველო)
3 ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)
3 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)
3 რიუ შიჩინოე (იაპონია)
გუნდური ჩათვლა
| ო | ვ | ბ | V | VII | ||
| 1 | აზერბაიჯანი | 2 | 1 | 2 | 0 | 1 |
| 2 | ისრაელი | 2 | 0 | 1 | 0 | 1 |
| 3 | იაპონია | 1 | 2 | 2 | 1 | 0 |
| 4 | საქართველო | 1 | 1 | 6 | 2 | 3 |
| 5 | ბელარუსი | 1 | 1 | 0 | 1 | 0 |
| 6 | ყაზახეთი | 0 | 2 | 0 | 2 | 1 |
| 7 | რუსეთი | 0 | 0 | 1 | 3 | 0 |
| 8 | უკრაინა | 0 | 0 | 1 | 1 | 2 |
| 9 | ირანი | 0 | 0 | 1 | 1 | 1 |
| 10 | უნგრეთი | 0 | 0 | 0 | 2 | 2 |
ოთარ მაღლაკელიძე







