ძიუდო

20:13 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილის ოქროს გაბრწყინება

რუსეთის ქალაქ ტიუმენში ჩატარებულ მსოფლიოს მასტერსზე მედლების ბოლო კომპლექტი, ტრადიციულად, მამაკაცთა მძიმე წონაში გათამაშდა და უპრესტიჟულესი ტურნირი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა ადამ ოქრუაშვილმა ბობოლათა შორის სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე წმინდად მოიგო და ოქროს მედალთან ერთად 700 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) კი ბრინჯაოებს და 280-280 ქულას დასჯერდნენ.

ოქრუაშვილი შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო და კუბელ ოსკარ ბრისონს სამ წუთში ეფექტური გდებით მოუმთავრა საქმე. ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსნის სავარაუდო მეტოქე გერმანელი ანდრეას ტოლცერი იყო, რომელთანაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე განცდილი მარცხის გამო რევანში ჰქონდა ასაღები, მაგრამ სარევანშო შეხვედრა ამჯერად არ შედგა, რადგან ტოლცერი ნახევარფინალამდე ვერ მივიდა – იგი ტურნირს ბრაზილიელმა ვალტერ სანტოსმა გამოთიშა. ოქრუაშვილიც სანტოსს დაეჭიდა და საფინალო სირენამდე ოციოდ წამით ადრე შესრულებული საფირმო იპონით ჩაუკეტა ოქრო-ვერცხლის გზა.

ცნობისთვის მძიმე წონაში ძირითად ბადეს შერჩენილი ოთხი ძიუდოისტიდან სამი ბრაზილიელი იყო. ფინალის მეორე საგზურისთვის ერთმანეთს რაფაელ სილვა და დევიდ მოურა დაეჭიდნენ და უფრო მაღალრეიტინგიანმა და ტიტულოვანმა სილვამ იმარჯვა. ქართულ-ბრაზილიური ფინალი კი ოთხწუთნახევარში დასრულდა, ადამ ოქრუაშვილის მიერ შესრულებული შებოჭვით. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა იუკოს და ვაზარის აღებაც მოასწრო. სილვამ კი დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა.

მსოფლიოს მასტერსის ოქრო ოქრუაშვილს მსოფლიოს რეიტინგსიაშიც გვარიანად ახეირებს. აქამდე მე-4 ადგილზე მყოფი ქართველი უახლოეს დღეებში მე-2 პოზიციაზე აინაცვლებს და პირველადგილოსან ფრანგ ტედი რინერთან ჩამორჩენასაც საგრძნობლად შეამცირებს. ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს კი 280-280 ქულა დაერიცხებათ.

მასტერსზე გამოსვლა ჭრიკიშვილმაც მეოთხედფინალით დაიწყო, მაგრამ ოქრო-ვერცხლის შანსი უმალ დაკარგა რუსეთის ნაკრების წევრ მურატ ხაბაჩიროვთან წაგებით. ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ძიუდოისტი პირწმინდად დაიჩაგრა. საწყის წუთნახევარში ორჯერ იუკოზე დავარდა, ერთხელ ვაზარზე. მესამე წუთზე კი თავისსავე წამოწყებულ გდებაზე იპონით წაგება დაუფიქსირეს.

ხაბაჩიროვის ჯავრი ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრზე, სირაჟუდინ მაგომედოვზე იყარა – მეტოქეს ვაზარ-იუკოთი გასცდა. რეპეშაჟის ფინალში კი კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს იუკოთი მოუგო.

ოქრუაშვილისგან განსხვავებით, ვარლამ ლიპარტელიანს უხერხულ მეტოქესთან რევანშის აღების შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა - 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ქართველი ლიდერი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვს შეხვდა, რომელთანაც ახლახან ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალში წააგო.

რუსულ ტატამზე გამართული დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯმა ლიპარტელიანს მისცა. არადა რომ არა საკუთარი კედლების ფაქტორი, აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში დენისოვს შიდოს უპირატესობას არ მიანიჭებდნენ და ეგებ შეხვედრის შუაწელს ლიპარტელიანის მიერ შესრულებული გდებაც არ დაეტოვებინათ უყურადღებოდ.

დენისოვთან დაჭიდებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ორი შეხვედრა მოიგო - რუსი გრიგორი სულემინი ვაზარით ჩამოიშორა. იაპონელ შოჰეი შიმოვადას წუთნახევარში ორი ვაზარი შეუსრულა. “ბრინჯაოს ფინალში” კი ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ ახერს მესამე წუთის მიწურულს მტკივნეული ილეთით დაასრულებინა მედალზე ფიქრი.

დღესვე საქმეში ლევან წიკლაური (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ირინე ლეონიძეც (+78 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ ტურნირს სამივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. 

წიკლაურმა მერვედფინალში იაპონელ კეიტა ნაგაშიმასთან ორი გაფრთხილებით წააგო. გოგოჭური უილეთოდ, გაფრთხილებებით 1:3 დამარცხდა ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ კუბელ ეშლი გონზალესთან, ხოლო ლეონიძემ მომავალ ჩემპიონთან, ჩინელ სონგ იუსთან შეხვედრაში სამწუთნახევარში ოთხი შიდო მიიღო.

 

ძიუდო

მსოფლიოს მასტერსი

ტიუმენი. რუსეთი

კაცები

 

25 მაისი

 

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)

 

66 კგ

1 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)

2 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)

3 გოლან პოლაკი (ისრაელი)

 

73 კგ

1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)

2 დექს ელმონი (ჰოლანდია)

3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)

3 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)

 

81 კგ

1 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)

2 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)

3 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

 

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

2 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 ეშლი გონზალესი (კუბა)

 

100 კგ

1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

3 სირილ მარე (საფრანგეთი)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

 

+100 კგ

1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)

3 რენატ საიდოვი (რუსეთი)

0.134209