ძიუდო

22:00 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქროთი დამშვენებული იუბილე

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ძიუდოში ევროპის ღია ტურნირის მეორე დღეს მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა და 2 წონით კატეგორიაში ოქროს ქართველი ძიუდოისტები დაეუფლნენ. ზებედა რეხვიაშვილი 81 კილოგრამში გახდა ჩემპიონი, ზვიად გოგოჭური – 90-ში. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 41 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა.

ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ავსტრიაში გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა. ეროვნული გუნდის გამოცდილ წევრთაგან განაცხადში მხოლოდ ევროპის პრიზიორი რეხვიაშვილი შეიყვანეს, ოღონდ არა მშობლიურ 73 კილოგრამში, არამედ ერთი წონითი კატეგორიით მაღლა.

ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის იჭიდავა ზებედა რეხვიაშვილმა ისე ხარისხიანად და ეფექტურად, როგორც დღეს. ალბათ ჭაბუკობის წლებში, როდესაც თავის ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონი გახდა. რამდენიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან წარმატებას მას შემდეგაც მიაღწია, მაგრამ მთავარი, რაც მის ჭიდაობას აკლდა, ძველებური სილაღე იყო. წლების განმავლობაში სუნთქვის პრობლემის გამო შუა შეხვედრაში იღლებოდა და ამ მიზეზით არაერთი დასანანი მარცხიც იწვნია.

გასული სეზონის ბოლოს გაკეთებული ცხვირის ოპერაციის შემდეგ, რეხვიაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუშიც თქვა, რომ ნაადრევად დაღლის საფრთხე აღარ არსებობდა და ამას მალევე დაამტკიცებდა. ერთი შეჯიბრებით, თან ევროპის ღია პირველობით დასკვნის გაკეთება ძნელია, მაგრამ ასეთი ენერგიული და უნაკლო ჭიდაობა მაინც სიურპრიზად უნდა ჩავთვალოთ. მით უმეტეს, რომ ეს მან 81 კილოგრამში შეძლო.

ზებედა რეხვიაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, ჩეხ ივან პეტრთან შეხვედრით და საქმე 4 წუთში მოამთავრა. პირველ ნომრად განთესილ ამერიკელ ტრევის სტივენსსაც 4 წუთი აკმარა. ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს სულაც 3 წუთში შეუსრულა ბრწყინვალე იპონი. ნახევარფინალში რუსი მიხაილ კაზიდუბი მტკივნეული ილეთით დატოვა ფინალს მიღმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე ნახევარ წუთში დასცა ბეჭებზე.

ცნობისთვის, დღეს ზებედა რეხვიაშვილი 23 წლის გახდა და საკუთარ თავს უკეთეს საჩუქარს რას გაუკეთებდა.

ზვიად გოგოჭურიც ისე ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე, არც ერთი მეტოქისთვის წარმატების მცირე შანსიც კი არ დაუტოვებია. ოქროს გზაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში საფინალო სირენამდე მოამთავრა საქმე.

მეორე ნომრად განთესილმა გოგოჭურმაც რეხვიაშვილის მსგავსად, მეორე წრით დაიწყო, სადაც ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზესთან გაშვებული იუკო ისე შეატრიალა სათავისოდ, ილეთის გაკეთება არ დასჭირვებია – მსაჯს ზედმეტად ფრთხილი და დე ვრეეზე ოთხჯერ გააფრთხილებინა. არგენტინელ კრისტიან შმიტთანაც იუკოს აგებდა, მაგრამ მესამე წუთზე იპონით იმარჯვა.

მეოთხედფინალში ჩეხი მიხალ კრპალეკი პატარა ბავშვივით დაჩაგრა – 2 წუთსა და 20 წამში ულამაზესი კისრულებით ყველა შეფასების ილეთი აუღო. მათ შორის, ორჯერ იუკო. ფინალის საგზური იაპონელი ტაკეში სუგაჰარას დაიპონებით მოიპოვა. საჩემპიონო შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრი მურატ გასიევი 49 წამში ისე დაანარცხა ბეჭებით ტატამს, ინტერნეტ-რეპორტაჟის წამყვანმა სიცილი ვერ შეიკავა.

რეხვიაშვილმა და გოგოჭურმა ევროპის ღია პირველობის ოქროს მედლებთან ერთად 100-100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს.

2 ოქროსა და გუნდური მე-2 ადგილის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ავსტრიულ გამოსვლის წარმატებად მიჩნევა მაინც ძნელია. ობერვარტის ტატამზე ამ უქმეებზე სულ 18 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და 15 მათგანი შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. ზემოთ ნახსენები ჩემპიონების გარდა მხოლოდ თამაზ კირაკოზაშვილმა (73 კგ) მოახერხა გუნდურ შედეგში თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანა – მე-7 ადგილზე გასვლით.

დღეს თავიანთი შესაძლებლობების დასამტკიცებლად საქმეში ქართული განაცხადის 11 წევრი ჩაერთო. ლაშა ზურაბიანი (81 კგ), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (ორივე 100 კგ), როსტომ ხახალეიშვილი, გიორგი ზაქარიაძე, გიგა გელაშვილი და ონისე ბუღაძე (ოთხივე +100 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ.

ზურაბიანისთვის დაუძლეველი ბარიერი ჰოლანდიელი ნილ ვან დე კამერი აღმოჩნდა. ლორიაშვილმა რუსი მიხაილ კოიაშნიკოვთან წააგო. ჩიკოიძემ - არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე ივან რემარენკოსთან, ხახალეიშვილმა - იაპონელ ტაკეში ოჯიტანისთან, ზაქარიაძემ – ჩეხ მიხალ ჰორაკთან, გელაშვილმა – გერმანელ პიერ ბორკოვსკისთან, ხოლო ბუღაძემ – უკრაინელ ანტონ რუდნიკთან.

გიორგი პაპუნაშვილი (81 კგ) პოლონელი იაკუბ კუბიენიცისა და ესტონელი ევგენი სალეჟევის იოლად ძლევის შემდეგ, მერვედფინალში კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიესთან უშანსოდ დამარცხდა. პაატა ღვინიაშვილიმა (90 კგ) კი სულ ორი შეხვედრა ჩაატარა. არგენტინელ ფრანცისკო ნუნესს იპონით გასცდა, მაგრამ ებრაელ პეტერ პალჩიკთან თავად დავარდა ბეჭებზე.

 

ძიუდო

ევროპის ღია პირველობა

ობერვარტი. ავსტრია

15-16 თებერვალი

 

60 კგ

1 რიო კავაბატა (იაპონია)

2 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)

3 ხუან პოშტიგოსი (პერუ)

3 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)

 

66 კგ

1 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

2 ბატსუური ადიია (მონღოლეთი)

3 იუჰეი როკუგო (იაპონია)

3 რენე შნეიდერი (გერმანია)

 

73 კგ

1 ტაკენორი ნაკამურა (იაპონია)

2 ობდაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

3 ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი)

3 ალექს პომბო და სილვა (ბრაზილია)

7 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)

 

81 კგ

1 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

2 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)

3 სრჟან მრვალიევიჩი (ჩერნოგორია)

3 მარსელ ოტი (ავსტრია)

 

90 კგ

1 ზვიად გოგოჭური (საქართველო)

2 მურატ გასიევი (რუსეთი)

3 პეტერ პალჩიკი (ისრაელი)

3 ვალტერ ფაცენტე (იტალია)

 

100 კგ

1 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია)

2 ჩინგიზ მამედოვი (ყირგიზეთი)

3 ივან რემარენგო (არაბ. გაერთ. საემიროები)

3 რიოსუკე ტაკაჰაში (იაპონია)

 

+100 კგ

1 ბარნა ბორი (უნგრეთი)

2 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)

3 სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი)

3 მარიუს პასკევიჩუსი (ლიტვა)

 

საერთო გუნდური ჩათვლა


1          იაპონია                        3         1        2        1         0
2 საქართველო 2 0 0 0 1
3 ბრაზილია 1 1 2 1 1
4 უნგრეთი 1 0 0 1 0
5 მონღოლეთი 0 2 0 1 0

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114608