ევროპირველობის მეორე დღეს სპორტის სასახლეში წინასწარი ეტაპის შეხვედრების დაწყებამდე ლამის ორი საათით ადრე მივედი და ჭიდაობებისთვის განკუთვნილი დროის დადგომამდე პირველი დღის უშედეგობით იმედგაცრუებულ ნაცნობ-მეგობრებთან გასაუბრებაც მოვასწარი. ცხადია, ჩვენ-ჩვენი პროგნოზებიც გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ დღეს საუკეთესო შედეგი თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედალი იქნებოდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოცდილი და ტიტულოვანი წევრისგან – ვლადიმერ ხინჩეგაშვილისგან A(60 კგ) ყველა უმაღლესი სინჯის მედალს ელოდა. 55 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილისთვის კი სამეულში მოხვედრაც წარმატებად ჩაითვლებოდა. დღის ბოლოს მართლაც, ოქროთი და ბრინჯაოთი გავიხარეთ, ოღონდ ჩემპიონი ედიშერაშვილი გახდა. ხინჩეგაშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა.
უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ქართველმა ოქროს გზაზე უმთავრეს ფავორიტებად მიჩნეული მოჭიდავეები ჩამოიშორა. პირველ წრეში - მერვედფინალში აზერბაიჯანელ იაშარ ალიევს სამპერიოდიან დაძაბულ ორთაბრძოლაში აჯობა. შეხვედრის პირველი პერიოდი ალიევის უპირატესობით დასრულდა მის მიერ მოპოვებულ ორ ქულას ჩვენებურმა საფინალო სირენამდე წამით ადრე აღებული ერთადერთი ქულით უპასუხა. შემდეგ კი ინიციატივას უკვე თავად დაეუფლა – ჯერ მინიმალური ანგარიშით მოგებული პერიოდით აღადგინა წონასწორობა, გადამწყვეტ ორწუთეულში კი 2:0 იმარჯვა.
მეოთხედფინალში ედიშერაშვილმა, ფრანგ ზოჰეირ ელ ოუარაქს 1:0 1:0 სძლია. პირველ პერიოდში მომგებიანი ქულა უშუალოდ ჭიდაობის დროს შესრულებული ილეთით მიითვალა, ხოლო მეორეში – ბურთულის ფერის უპირატესობით. ნახევარფინალში კი რუს არტიომ გებეკოვს ასევე პერიოდდაუკარგავად მოუმთავრა საქმე 1:0 5:2.
ფინალი გაცილებით დაძაბული გამოდგა. უქულოდ გალეული პირველი პერიოდის შემდეგ ბურთულის ფერში გიორგი ედიშერაშვილის მეტოქეს, ბელარუს ვლადისლავ ანდრეევს გაუმართლა და ფეხში შესვლის უპირატესობა შეირგო კიდეც, მაგრამ მომდევნო ორი პერიოდი ტრიბუნების საოცარი მხარდაჭერით შეგულიანებული ქართველი მსუბუქწონოსნის უპირატესობით ჩაჭიდავდა – მეორე ორწუთეულში ედიშერაშვილმა ჯერ მეტოქის გაფრთხილებით მიღებული ქულით გაათანაბრა საერთო ანგარიში, გადამწყვეტ პერიოდში კი 0:1 შეატრიალა სათავისოდ. ერთი ქულა ილეთით მიითვალა, ერთიც ამ ილეთის გამპროტესტებელი ბელარუსი მწვრთნელების მსაჯებისგან დასჯით და სამიოდ წუთში სპორტის სასახლეში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
ჰიმნიდან ხუთიოდ წუთში ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები უკვე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ააგუგუნა – რეპეშაჟის ფინალში თურქ მუნირ რეცეპ აკტაშს პატარა ბავშვივით გაუსწორდა. პირველ პერიოდში 3:1 მოუგო, მეორეში კი 6 ქულა 55 წამში აუღო და საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა.
გამარჯვების სიხარულთან ერთად ხინჩეგაშვილის ყველა გულშემატკივარს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც მოეძალა. თქმაც არ უნდა, იგივეს გრძნობდა თავად მოჭიდავეც, რომელმაც ფინალში ვერგასვლის მიუხედავად, დღეს გამორჩეულად ლამაზი ჭიდაობა აჩვენა. სწორედ ხინჩეგაშვილმა გაახსენა ყველას ის ხიბლი, რაც თანამედროვე ჭიდაობას ძალიან აკლია. ამ სპორტსმენის ოქროს გარეშე დარჩენა კი მნიშვნელოვანწილად ამ სახეობის უსამართლობების ბრალია. მსაჯების არაობიექტურობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. მიზეზი საჭიდაო განრიგია, რომლის მიხედვითაც ქართველ სპორტსმენს დაახლოებით ნახევარსაათიან ინტერვალში სამი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. ნახევარფინალს მისი მეტოქე, ევროპის აწ უკვე სამგზის ჩემპიონი ოპან სატი გაცილებით დასვენებული შეხვდა. პარალელურად მიმდინარე ქალთა ჩემპიონატის მონაწილეები კი სულაც, ლამის გაცივდნენ თავიანთი შეხვედრების ლოდინში.
ცხადია ბევრი გულშემატკივარი დაეჭვდა, რომ განრიგი სპეციალურად იყო აწეწილი, მაგრამ აბა ამ ეჭვზე საუბარს ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს.
ნახევარფინალის დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ ხინჩეგაშვილმა ესტონელ ალექსანდრ ბასკაკოვთან (3:0 7:0) და აზერბაიჯანელ გაჯი ალიევთან (1:0 2:6 3:1) ჩატარებული ბრძოლების შემდეგ ძალების ბოლომდე აღდგენა ვერ მოასწრო. პირველ პერიოდში გარისკა, სატის კონტრ-ილეთზე წამოეგო და ჩამორჩენის სათავისოდ შეტრიალება ვეღარ შეძლო. მეტიც, უპირატესობა ტაქტიკურად დათმო და შერჩენილი ძალა მეორე ორწუთეულისთვის შემოინახა. იქ კი საქმე ბურთულამდე მივიდა და ფორტუნამ ოპან სატს გაუღიმა. შანსი რა თქმა უნდა გამოიყენა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გავლენ.
ხუციშვილი 21-კაციან სატურნირო ბადეში მე-15 ნომრად შევიდა და შეჯიბრებაში პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ავსტრიელ ფილიპ კრეპაზს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი რუს ანიაურ გედუევსა და პოლონელ ტომაშ როგიზს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ალექსანდრ გოსტიევი და ბულგარელი ლეონიდ ბაზანიც. მათი და ხუციშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
მძიმე წონაში სულ 15 მონაწილე აიწონა და ტურნირი მერვედფინალით იწყება. გენო პეტრიაშვილს პირველ მეტოქედ მაკედონიელი ბობან დანოვი ერგო. ამ წყვილიდან გასული კი რუს მაგომედგაჯი ნურასულოვსა და ბელარუს ვადიმ შვედაუს შორის საუკეთესოს დაეჭიდება. ნურასულოვთან პეტრიაშვილს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში, სამპერიოდიან დაძაბულ ბრძოლაში აქვს წაგებული.
ევროპის ჩემპიონატი
თბილისი. 20 მარტი
თავისუფალი ჭიდაობა
55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო)
2 ვლადისლავ ანდრეევი (ბელარუსი)
3 იაშარ ალიევი (აზერბაიჯანი)
3 სეზარ აკგული (თურქეთი)
60 კგ
1 ოპან სატი (რუსეთი)
2 ვლადიმირ ვლადიმიროვ დუბოვი (ბულგარეთი)
3 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
3 ტიმ შლეიხერი (გერმანია)
ქალთა ჭიდაობა
51 კგ
1 როკსანა მარტა ზასინა (პოლონეთი)
2 ესტერა დობრე (რუმინეთი)
3 იულია ბლოხინა (უკრაინა)
3 ეკატერინა კრასნოვა (რუსეთი)
59 კგ
1 ანასტასია ხუჩოკი (ბელარუსი)
2 ჟარგალმა ზირენოვა (რუსეთი)
3 ტატიანა ლავრენჩუკი (უკრაინა)
3 ჰაფიზე შაჰინი (თურქეთი)
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო