ჭიდაობა

22:43 | 28.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს დაბრუნება და ისევ ტრავმა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტიტულოვანი წევრი ოთარ თუშიშვილი, ხანგრძლივი, იძულებითი პაუზის შემდეგ, ხალიჩას არმიის სპორტული კლუბის დარბაზში დაუბრუნდა, ჩვეულადაც იჭიდავა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო და უახლოეს მომავალში, ვარჯიშის გაგრძელების ნაცვლად, მკურნალობის ახალი კურსის დაწყება მოუწევს.
პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, მშობლიურ წონაში - 66 კილოგრამში, 5 მეტოქე დამაჯერებლად ჩამოიშორა. საჩემპიონო გზას ირაკლი ჯაშიაშვილის ძლევით შეუყვა, შემდეგ ზურაბ იაკობაშვილი, ირაკლი წოწონავა და გიორგი ლობჟანიძე დაამარცხა. ფინალში კი კობა კაკალაძეს სამსეტიან შეხვედრაში აჯობა. პირველ სეტში თუშიშვილმა საწყის წამებზევე მიითვალა ქულა და მინიმალური უპირატესობა უპრობლემოდ, მშვიდად შეინარჩუნა. მეორე სეტი უქულოდ გაილია და ბურთულის ფერი კაკალაძეს დაუჯდა. აჭარელმა მოჭიდავემ ფეხში შესვლა ქულით დააგვირგვინა. მე-3 სეტისა და შესაბამისად, ოქროს მედლის ბედი კი, საფინალო სირენამდე ორიოდ წამით ადრე, ოთარ თუშიშვილის ილეთმა გადაწყვიტა. გამარჯვებულს ფეხზე წამოსადგომად ექიმის დახმარება დასჭირდა, ხოლო მსაჯისგან ხელის აღმართვისას, ტკივილისგან ლამის გული შეუწუხდა.
“ნეკნი გაუტყდა და სამწუხაროდ, ისევ მოუწევს იძულებითი დასვენება. ვარჯიშს, სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან განაახლებს. იმედია, ნაკრების მოსამზადებელ შეკრებებშიც ჩაერთვება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს" საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა.
ვერცხლის პრიზიორმა კობა კაკალაძემ გადამწყვეტ შეხვედრამდე 5 მოწინააღმდეგე დაამარცხა: ბესიკ კოჩალაძე, ლაშა ბითარაშვილი, აბრამ ბოდაველი, გიორგი ცუცქირიძე და მიხეილ ზარქუა. აქვე, ორიოდ სიტყვით რეპეშაჟის ფინალებზეც – ცუცქირიძემ ზარქუას სძლია, ხოლო იაკობაშვილმა - ლობჟანიძეს.
საინტერესო იყო ხალიჩაზე გამოცდილი მალხაზ მუზიაშვილის გამოჩენაც, მაგრამ იგი ჩემპიონატს სწრაფადვე გამოეთიშა – პირველსავე მეტოქესთან, ზურაბ იაკობაშვილთან მარცხის გამო. ამ 19 წლის ყვარლელმა მოჭიდავემ კი, სხვა შეხვედრებშიც მშვენივრად იჭიდავა და კვარცხლბეკზე ასვლაც ალალად დაიმსახურა.
ასევე, გორელი თენგიზ ჩოჩიშვილის ჭიდაობაც აღსანიშნავია. მეოთხედფინალამდე ეფექტური გამარჯვებებით მივიდა, იქ კი, ლობჟანიძესთან სასწაულად დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა და მალე რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.
66 კილოგრამის ფინალამდე, ჩემპიონ-პრიზიორები უმსუბუქეს წონაში – 55 კილოგრამში გამოვლინდნენ და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იქაც ნუგზარ სხირელის შეგირდი ავიდა. გამოცდილმა ბესიკ გუჩაშვილმა ყველა კონკურენტი დამაჯერებლად ჩამოიცილა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფინალში მის მიერ გიორგი ედიშერაშვილის ძლევა, რომელიც იქამდე ისე ბრწყინვალედ და ლაღად ჭიდაობდა, ბევრმა უმთავრეს ფავორიტადაც კი მიიჩნია. გადამწყვეტ შეხვედრამდე, გუჩაშვილმა ტრისტან ჩირგაძის, გურამ მაღრაძისა და ოთარ გოგავას ძლევა მოასწრო. ედიშერაშვილმა ამირან ელბაქიძეს, ნიკა ტატუაშვილსა და ლაშა ტალახაძეს აჯობა. ბრინჯაოს პრიზიორები ელბაქიძე და ჩირგაძე გახდნენ.
84 კილოგრამში, ოქროს მედალს აჭარელი ბექა ჭელიძე დაეუფლა. ფინალამდე მარად ზოიძეს, ლევან გოგრიჭიანსა და გიორგი ბობოხიძეს გასცდა, საჩემპიონო გამარჯვება კი თორნიკე სვანიძესთან ორ სეტში მოიპოვა. პირველში 2:0, ხოლო მეორეში ბურთულის ფერით. მე-3 ადგილები ზოიძემ და სანდრო ამინაშვილმა დაიკავეს.
მძიმე წონაში უმთავრესი ფავორიტები - ლევან ბერიანიძე და გიორგი საკანდელიძე - ბადის საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და ორივემ მოახერხა ფინალამდე მისვლა. განსაკუთრებით საინტერესო ორთაბრძოლები ნახევარფინალში გადახდათ. ბერიანიძემ ლევან სეთურიძეს სძლია, საკანდელიძემ – გიორგი მეშვილდიშვილს, თუმც ორივე ფინალისტს გვარიანი წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირდა. მოგვიანებით, სეთურიძეც და მეშვილდიშვილიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
დღის დასკვნითი შეხვედრა ორ სეტში ჩამთავრდა. ჯერ იყო და, უქულო ძირითადი დროის შემდეგ, საკანდელიძემ იღბლიანი ბურთულით ისარგებლა, მეორე სეტში კი, პირველსავე წამებზე სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ხელშეუხებლად შეინარჩუნა.
ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს, მედლები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს მიერ ჩემპიონატისგან გათავისუფლებული მალხაზ ზარქუასა (60 კგ) და დავით ხუციშვილის (74 კგ) გარდა, საქმეში ნაკრების ყველა წევრი და კანდიდატი ჩაერთვება. მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძეც (96 კგ). წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 12 საათიდან დაიწყება.

თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
28 ნოემბერი

55 კგ

1 ბესიკ გუჩაშვილი (გორი)
2 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
3 ამირან ელბაქიძე (გორი)
3 ტრისტან ჩირგაძე (ქუთაისი)

66 კგ
1 ოთარ თუშიშვილი (გორი)
2 კობა კაკალაძე (აჭარა)
3 ზურა იაკობაშვილი (ყვარელი)
3 გიორგი ცუცქირიძე (ქუთაისი)

84 კგ
1 ბექა ჭელიძე (აჭარა)
2 თორნიკე სვანიძე (თბილისი)
3 მარად ზოიძე (აჭარა)
3 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)

120 კგ
1 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
2 ლევან ბერიანიძე (თბილისი)
3 ლევან სეთურიძე (სტეფანწმინდა)
3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163627