საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გუგავას მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიღებული გადაწყვეტილება, სატურნირო სიაში 16 წლის ბექა ღვინიაშვილი შეეყვანა, ერთი შეხედვით საკმაოდ თამამი განაცხადი იყო. არავინ დავობს, რომ ღვინიაშვილი უნიჭიერესი და უპერსპექტიულესი სპორტსმენია, ამას მისგან ჭაბუკთა უმთავრეს ტურნირებზე მიღწეული წარმატებებიც ადასტურებს, მაგრამ ასეთ ასაკში, თუნდაც ერთი წლით უფროსთან ჭიდაობა ძალიან ძნელია. გაჩნდა ეჭვი, რომ ჭაბუკთა გუნდის წევრს 3-4 წლით (არაოფიციალურად კი შესაძლოა მეტითაც) დიდებთან თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა გაუჭირდებოდა.
მწვრთნელის რისკმა გაამართლა, ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდა მეტოქეებს არათუ თანაბრად ეჭიდავა, ისინი ყველა კომპონენტში დაჩაგრა და რომ არა ერთი წამიერი მოდუნება, თავის ასაკში მოგებულ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედლებისთვის ეგებ ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროც მიემატებინა.
ღვინიაშვილის კეიპთაუნური გამოსვლის მიმოხილვას სწორედ იმ უსიამოვნო ეპიზოდით დავიწყებთ. მეოთხედფინალში, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტს, გერმანელ მაქს მუნსტერბერგერს იუკოთი ამარცხებდა. საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე, მაშინ როცა თავად შეტევაზე უკვე ნაკლებად ფიქრობდა, მეტოქის აქტიურობაზე წამოეგო და დამარცხდა. არადა იმ ბოლო წამებზეც ჩვეულად, აქტიურად რომ ეჭიდავა, მოწინააღმდეგე ვერაფერს დააკლებდა.
ამ შეხვედრამდე ბექამ ორი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ჯერ უნგრელი პეტერ ჰემი დააიპონა, შემდეგ კი სამხრეთკორეელი ჯაეიუნგ ლი. ამ უკანასკნელისთვის შესრულებული გდების ნახვა ერთ რამედ ღირდა.
რეპეშაჟში გადართულმა ქართველმა ჭაბუკმა ჯერ მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი გააკრა ტატამს, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” ახალგაზრდული ასაკისთვისაც კი საკმაოდ გამოცდილ ძიუდოისტს, უნგრელთა იმედს, კრიშტიან ტოტს იპონით მოუმთავრა საქმე, თუმცა იქამდე ვაზარი და იუკოც აუღო. შეგახსენებთ, ამ უნგრელმა წლეულს თბილისის მსოფლიოს თასზეც იჭიდავა და მეოთხედფინალამდეც მივიდა. თვენახევრის წინ კი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბექა ღვინიაშვილი სულ რაღაც 1 კვირის წინ 16 წლის გახდა. ახალგაზრდებში საჭიდაოდ კიდევ დიდი დრო აქვს და ნიჭიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოს ჩემპიონობასაც აუცილებლად მოასწრებს, იმედია რამდენიმეჯერაც.
81 კილოგრამში სამხრეთაფრიკულ ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით შალვა ნინიძემაც იჭიდავა და მეთექვსმეტედფინალში ინდოელ ავტარ სინხს 4 იუკოთი გასცდა, მაგრამ მერე მომავალ ფინალისტთან, რუს ალბერტ კოსტოევთან ვეღარას გახდა.
გაცილებით წარუმატებლად გამოვიდნენ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველები – გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე. ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან დაემშვიდობა. მერმანიშვილმა ბელგიელ დილან ვან ნუფელთან 2 ვაზარი იწვნია. ერთი გდებით, ხოლო მეორე შიდო-შიდო დაგროვებული. ხოლო ქავთარაძეს უკრაინელ სტანისლავ რეტინსკისთან შეხვედრაში 25-ე წამზე გამოეპარა წმინდა გდება.
მსოფლიოს პირველობის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 ბრინჯაოა. ბექა ღვინიაშვილამდე კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ავიდნენ.
ხვალ მედლები ორ უმძიმეს წონაში: 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. გია გუგავას შეგირდთაგან კიმონოს დავით მერაბიშვილი, გურამ თუშიშვილი (100 კგ), ლევან მატიაშვილი და უშანგი კოკაური (+100 კგ) მოირგებენ. შეგახსენებთ, მატიაშვილი ევროპის მოქმედი ვერცხლის პრიზიორია. თუშიშვილი კი ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და გუგავამ მას ღვინიაშვილთან ერთად უხმო ახალგაზრდულ ნაკრებში.
ოთარ მაღლაკელიძე







