საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხასავიურტში მიმდინარე საკონტინენტთაშორისო თასის პირველი დღე ოქროსა და ვერცხლის მედლებით ჩაამთავრა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ბუჯიაშვილმა ტურნირი წაუგებლად ჩაატარა და ჩემპიონი გახდა. კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე კი ლევან ქელეხსაშვილი (66 კგ) ავიდა.
ფინალამდე ბუჯიაშვილმა მასპინძლები ჯაბრაილ ვაზირხანოვი და ზელიმხან დაუდოვი ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კიდევ ერთ ადგილობრივ სპორტსმენს შამილ ომაროვს აჯობა. ეს უკანასკნელი მეხუთე წუთამდე მინიმალური ანგარიშით იგებდა, მაგრამ ქართველმა მსუბუქწონოსანმა ჯერ ფეხში შესვლით, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ხალიჩის გარეთ გაყვანით შეხვედრა სათავისოდ შეატრიალა.
ტურნირის მიმომხილველი რუსული ვებ-გვერდის ცნობით, ქეხელსაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მაგომედ მუსლიმოვი 17:8 დაამარცხა. ფინალში კი დაღესტნელ ხაიბულა შაალოვთან წააგო (0:6).
გუშინვე ხალიჩაზე სანდრო ამინაშვილიც (84 კგ) გავიდა, მაგრამ მედლამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 74, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით მურთაზ კვესაძე, ამირან ყაზარაშვილი (ორივე 60 კგ), გიორგი სანოძე, დავით ტლაშაძე, ჯუმბერ ყველაშვილი (სამივე 74 კგ), ზურაბ ახობაძე (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იჭიდავებენ.