საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი ბეთქილ შუკვანი რიო დე ჟანეიროს “დიდი სლემის” ჩემპიონი გახდა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. 60 კილოგრამში მოჭიდავე კიდევ ერთი ქართველი ამირან პაპინაშვილი კი ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშა და რადგან ამ რანგის შეჯიბრზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, უმალ მესამე ადგილი დაიკავა. ანალოგიური შედეგი აჩვენა ლაშა შავდათუაშვილმაც (66 კგ). ნუგზარ ტატალაშვილს (73 კგ) კი კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ბრაზილიურ ტატამზე სწორედ ეს ოთხი ქართველი სპორტსმენი გავიდა.
ოლიმპიურ თამაშებამდე თვენახევარი რჩება და “დიდ სლემზე” შეგირდების დატვირთვისგან ყველა ანგარიშგასაწევი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავი შეიკავა, საქართველოს ნაკრების ავსტრიელი დამრიგებლის, პეტერ ზაიზენბახერის გარდა. თვით მასპინძლებმაც კი ლიდერების გარეშე შეავსეს 28-კაციანი განაცხადი და წილისყრაზევე გამოჩნდა, რომ მედლების უმთავრესი ფავორიტები სწორედ ქართველები და ბრაზილიელები იქნებოდნენ.
ბეთქილ შუკვანი და ამირან პაპინაშვილი თავიანთი რეიტინგიდან გამომდინარე, პირველ-მეორე ნომრებად განითესნენ და ერთმანეთს ფინალამდე არ უნდა დაპირისპირებოდნენ. იქამდე კი სულ რაღაც ორ-ორი შეხვედრის მოგება სჭირდებოდათ – მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო ორივემ მეოთხედფინალით დაიწყო.
შუკვანმა ფინალში ჭიდაობა ორი წმინდა გამარჯვებით გაინაღდა. ორივე შემთხვევაში ბრაზილიელებს გაუსწორდა - ჯერ ერიკ ტაკაბაკე დააიპონა, შემდეგ ბრენო ალვეში. პაპინაშვილმაც კარგად დაიწყო – ბრაზილიელი დანიელ მორაეში მეოთხე წუთზე გააკრა ტატამს, მაგრამ ოქროს მედლისთვის თანამემამულესთან დაჭიდების შანსი კიდევ ერთ მასპინძელთან, დიეგო სანტუშთან წაგებით დაკარგა. ფინალში შუკვანმა სანტუშს იუკოთი სძლია.
ლაშა შავდათუაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი რუსი დენის ლავრენტიევი აღმოჩნდა. ამ ნახევარფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელი რიკარდუ აირიში და კოლუმბიელი ფაბიან გონსალესი იუკოებით ჩამოიშორა.
ნუგზარ ტატალაშვილმაც მერვედფინალით დაიწყო, სადაც სალვადორელი კარლოს ფიგეროა დააიპონა, მერე კი ბრაზილიელ ადრიანო სანტუშთან იუკოთი დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 81 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ავთანდილ ჭრიკიშვილი იჭიდავებს, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილი.
ლიპარტელიანი (90 კგ) და ჟორჟოლიანი (100 კგ) ყველაზე მაღალრეიტინგიანები არიან თავიანთ წონით კატეგორიებში. ტურნირში ორივე მეოთხედფინალიდან ჩაერთვება და ორივე - მასპინძელთან შეხვედრით. ლიპარტელიანს ენრიკე სილვა ერგო, ჟორჟოლიანს კი უგო პესანა.
100 კილოგრამში ჟორჟოლიანის გარდა ტატამზე ირაკლი ცირეკიძეც გავა და დიდი შანსია, ქართული ფინალი ვიხილოთ. ცირეკიძე “დიდ სლემს” მეოთხედფინალით და ბრაზილიელი ბრუნო ალტოეთი გახსნის.
მეოთხედფინალიდანვე დაიწყებს ჭრიკიშვილიც, ოღონდ იქამდე მომავალი სავარაუდო მეტოქეების, ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერისა და კოლუმბიელი დერიან კასტროს მერვედფინალურ ბრძოლას გვერდიდან დააკვირდება.
მძიმე წონაში სულ 7 ძიუდოისტი აიწონა და მათგან 4 მასპინძელია. ოქრუაშვილი, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში ამ ოთხეულის ერთ-ერთი წევრის, გაბრიელ სანტუშის პირისპირ დადგება.
შეგახსენებთ, ბრაზილიურ “დიდ სლემზე” ნაჩვენები შედეგები და დაგროვილი ქულები სპორტსმენებს მხოლოდ ინდივიდუალური რეიტინგის გასაუმჯობესებლად წაადგებათ. ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ათვლა კი უკვე დასრულებულია.
რაც შეეხება ლონდონში წამსვლელ ქართულ შემადგენლობას, შვიდკაციანი გუნდის ოთხი წევრი აქედანვე ცნობილია: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. 60, 100 და +100 კილოგრამებში პეტერ ზაიზენბახერი ოლიმპიურ არჩევანს ორ-ორ კანდიდატს შორის გააკეთებს. 60-ში - შუკვანსა და პაპინაშვილს, 100-ში – ჟორჟოლიანსა და ცირეკიძეს, ხოლო +100-ში – ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის. ეს უკანასკნელი ბრაზილიურ “დიდ სლემს” ტრავმის გამო ტოვებს.
ძიუდო
“დიდი სლემი”
რიო დე ჟანეირო
9 ივნისი
კაცები
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 დიეგო სანტუში (ბრაზილია)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ბრენო ალვეში (ბრაზილია)
66 კგ
1 დენის ლავრენტიევი (რუსეთი)
2 ფერნანდო გონსალესი (არგენტინა)
3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 დანილო ფერანტე (ბრაზილია)
73 კგ
1 მარსელო კონტინი (ბრაზილია)
2 ადრიანო სანტუში (ბრაზილია)
3 ალექსის მორინ მარტელი (კანადა)
3 ალექს ვილიამ პომბო და სილვა (ბრაზილია)
5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







