სტატიები

12:28 | 24.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ბიჭი

„შეხედე, რა ბიჭია. ნამდვილად ოქროა“!
„სუპერ გოლი გაიტანა“
„მაგარია საქართველო, მაგარია ოქრიაშვილი“
საქართველოსა და ბელორუსის ნაკრები გუნდების შეხვედრის შემდეგ, ამ და სხვა სიტყვებს, რომელსაც თორნიკე ოქრიაშვილის მიმართ ქართველი გულშემატკივრები გამოხატავდნენ, ბევრ ადგილას გაიგონებდით.
მართლაც სუპერ გოლი გამოდგა. ორი მცველი ერთმანეთს შეაჯახა, ე.წ. „პადსებია“ დაურტყა და მერე კი, მშვიდად გაიტანა. იმ დღეს მთელი საქართველო ბედნიერი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მაინც `გაგრელები~ ვამაყობდით ამ ბიჭით – ის ხომ ჩვენთან დაფრთიანდა, ჩვენთან დააძახებინა პირველად ტრიბუნიდან გულშემატკივარს „მიდი ოქრიო“.
თორნიკე ოქრიაშვილი, ცნობისთვის, საფეხბირთო სკოლა „ოლიმპის“ აღზრდილია, იქ დაიწყო ფეხბურთის თამაში. მაშინ ჟურნალისტი ვიყავი და სკოლას მივაკითხეთ. ფოტოგრაფი თან მახლდა. გვინდოდა გადაგვეღო და პატარა ჩანახატი გაგვეკეთებინა ქართული ფეხბურთის მომავალზე. მამუკა ფანცულაია ავარჯიშებდა პატარა ბავშვებს.
_ აქ ყველა ქართული ფეხბურთის მომავალია, მაგრამ რამდენიმე მათგანი თუ ითამაშებს დიდ ფეხბურთს. ეს ასე ხდება, გასაკვირი არაფერია. მთავარი ისაა, აქედან რომ წავლენ, სად წავლენ და როგორ ითამაშებენ, თორემ ნიჭი რომ აქვთ, ეს ფაქტია, _ გვითხრა მაშინ მამუკა ფანცულაიამ, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მართლაც რომ ყველასთვის საყვარელმა ფეხბურთელმა.

ერთი ბავშვი განსაკუთრებით გამორჩეული იყო, თოკოს ეძახდნენ. ვაღიარებ, მაშინ კი მომეწონა, მაგრამ დიდი ყურადღება არ გამომიჩენია… სურათები გადავიღეთ და სულ ეს იყო. და აი მერე, კი მართლაც ახდა მამუკა ფანცულაიას ნათქვამი _ მთავარია, ვინ წაიყვანს და როგორ მიხედავენ ამ ბავშვებსო.
ერთ-ერთ ვარჯიშზე, ჩვენი გუნდის სელექციონერმა, ლერი გაბესკირიამ შეამჩნია. მოეწონა და უმალვე მისი „გაგრაში“ წამოყვანა მოინდომა. მოახერხა კიდევაც, მაგრამ თორნიკე პატარა იყო, ჯერ კიდევ 18 წლის არ იყო

შესრულებული და მისთვის თავის გამოჩენის საშუალების მიცემა რთული იყო.
ყოველ შემთხვევაში მწვრთნელებმა ვერ გარისკეს. თუმცა მისი დებიუტი კარგად მახსოვს. „დინამოს“ სტადიონზე შედგა, დიდი „დინამოს“ წინააღმდეგ. მართალია, ის შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ სიმბოლურია მაინც ის, რომ თორნიკემ უმაღლეს ლიგაში პირველად სწორედ „დინამო არენაზე“ ითამაშა და შემდეგ მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა. გინდ ამას დამთხვევა დაარქვით, გინდ კანონზომიერება _ ბუნებაში უკვალოდ არაფერი არც ჩნდება და არც იკარგება.
კლუბის პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს არაერთხელ უთქვამს _ ამ ბავშვს ძლიერ აქებენ, ოქრიაშვილია გვარად. მაგრამ მისი თამაში არ მინახავსო. მაინც იმიტომ, რომ თორნიკეს მეორე გუნდში უწევდა თამაში.
ერთხელაც, მეორე გუნდს მუხრანში ჰქონდა თამაში და ბატონი პრეზიდენტიც ჩამობრძანდა. თამაში სულ რაღაც 5-7 წუთის დაწყებული იყო, რომ თორნიკემ ულამაზესი გოლი გაიტანა. მაგრამ არა ისეთი, როგორიც ბელორუსსთან, დამიჯერეთ კიდევ უფრო შთამბეჭდავი _ სამი მეტოქე მოატყუა, შემდეგ კარისკენ გაიხედა და ცხრიანში ჩასვა.
თუ კარგად მახსოვს, იმ შეხვედრაში თორნიკემ სამი გოლი გაიტანა და სამიც საგოლე გააკეთა. გაგრამ 7:0 მოიგო, მაგრამ არ იფიქროთ, რომ სუსტ გუნდს ხვდებოდა. უბრალოდ, თორნიკე იყო შეუდარებელი…
მაშინ მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ვიქტორ კაშჩეი იყო. ბატონი პრეზიდენტი მას სულ რამდენიმე წუთს ესაუბრა და თორნიკეც პირველ გუნდში გადმოვიდა.
ვიკტორ კაშჩეი, „გაგრას“ ყოფილი მწვრთნელი:
_ ჩემი მოვალეობა იყო მენახა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს განკარგულებაში იყო. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მწვრთნელისთვის ადვილი არასოდესაა. ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო და ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც საქმე უცხოელ მწვრთნელშია.
დიახ, მეც კარგად მახსოვს ის შეხვედრა. თორნიკე ნიჭიერი ბიჭი იყო. მაგრამ გუნდში ახალი მისული ვიყავი და დაკვირვებას ვაგრძელებდი. იმ შეხვედრაში კი მან სასწაულები გააკეთა. ცალსახა იყო, მე ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავინახე. აი, ჩვენ დროს 10-იანს რომ ეძახდნენ, ზუსტად იმ ადგილას. შეუდარებელი იყო.

ფეხბურთელებს ხშირად ეკითხებიან, რომელი მწვრთნელი იყო თქვენთვის გამორჩეულიო. ისინიც ასახელებენ. მეც მიხარია, რომ თორნიკესთან მომიწია მუშაობა. ცოტა ჯიუტი იყო, ხანდახან ზედმეტად ინდივიდუალისტი, მაგრამ პასიც იცის, კარში დარტყმაც და მინდორს ხომ ხედავს და ხედავს.
ანატოლი პისკოვეცი, „გაგრას“ ყოფილი მწვრთნელი:
_ „გაგრას“ მეტად რთულ მდგომარეობაში შევუერთდი. გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ცხრა თამაშიდან მხოლოდ ქულა ჰქონდა. შეუძლებელი ვერ შევძელით, მაგრამ გუნდმა ითამაშა ჩინებულად, მეოთხე წრის მიხედვით მესამე ადგილი დავიკავეთ, თუმცა საბოლოოდ უმაღლეს ლიგას დავემშვიდობეთ.
ოქრიაშვილი? იცით, ზედმეტად დამჯერი ფეხბურთელიც არ ვარგა. არა, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს უდისციპლინო ფეხბურთელები მომწონდეს. კონკრეტულ სიტუაციაში ფეხბურთელმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თორნიკეს სწორედ ეს აქვს. მას არ ეშინია, იცის როგორ უნდა იმოქმედოს.
კარგად მახსოვს, ბოლო თამაში ბოლნისში გვქონდა. 0:2 წავაგეთ, მაგრამ 10 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა და აქეთ გავუშვით. არ გვიმართლებდა. თორნიკესთვის ეს „გაგრაში“ ბოლო შეხვედრა იყო. მან იცოდა, რომ დონეცკის „შახტარში“ ყიდიდნენ. მე მას ვუთხარი _ ითამაშე, ოქრი!

აღელვებული იყო, მაგრამ უკვე რაღაცნაირად გაზრდილი, დამშვენებული. ითამაშა, პასებიც გააკეთა, ტაშიც დაუკრეს და მოკლედ, ვფიქრობ რომ ღირსეულად ითამაშა „გაგრაში“ და დიდ გუნდში წავიდა“.
რა არის ფეხბურთელისთვის მთავარი? კარგი მინდორი, კარგი ბურთი და… ძვირადღირებული ბუცი! ამაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, ასეთ ფასს რომ იხდი ბუცში, რა თავისით დაარტყამსო?!
თორნიკე მართლაც სულ სხვანაირად გამორჩეულია. გუნდში მეგობრები ჰყავდა და ყოველთვის ეხმარებოდა, ბევრისთვის ბუცი ჩამოუტანია, ბევრისთვის ფულიც უჩუქნია. კეთილი ბიჭია, მხიარული. თვითდაჯერებული. არც „გაგრაში“ თამაშის დროს იყო სუსტი, მაგრამ ახლა როგორც იტყვიან „პროფესიონალურ ტანზე“ დგას.
თავი რომ მოაწონო თემურ ქეცბაიას ეს ადვილი სულაც არაა. მაგრამ ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა ამ ბისი ნაკრებში გამოძახების, ასე არ ფიქრობდა ნაკრების თავკაცი და არჩევანმა გაამართლა.

კაშჩეის სიტყვების არ იყოს _ ბელორუსსთან „ოროსანი“ თორნიკე ესპანეთთან~ 10-ნომრიანი მაისურით მოგვევლინა. ალბათ, მისთვის ნება რომ მიეცათ, არაერთ ლამაზ მომენტს აჩუქებდა მაყურებელს, მაგრამ…
შეკრებაზე ანთალიაში ვიყავით და გუნდს მოაკითხა. მან კარგად იცის, რომ ის გზა, რომელიც მან გაიარა და არ ყოფილა ნამდვილად ია-ვარდით მოფენილი და ახლა სხვა რომ გადის, გვერდში დგომა სჭირდება.
და მაინც, ახლა ბოლოსკენ, ისევ ბელორუსსთან და ესპანეთთან გამართულ შეხვედრებს გვინდა რომ დავუბრუნდეთ. თავად ესპანელებმა აღიარეს, რომ საქართველოს ნაკრებიდან მინდორზე სამი გამორჩეული ფეხბურთელი იყო _ მეკარე ლორია, მცველი ხიზანიშვილი და ნახევარმცველი ოქრიაშვილი.
ვის ვის და ესპანელებს ტექნიკური ფეხბურთი ნამდვილად არ უკვირთ, მაგრამ იმ თამაშში, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, თორნიკემ ეს მაოხერხა, ორ-სამჯერ ისე დაუსხლტა ალბას, ბუსკეტსა და პიკეს, რომ დარწმუნებული ვარ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ძლიერ გამწარდნენ…
მაგრამ ვინ იცის, დრო რომ გავა, თორნიკემ იქნებ კიდევ არაერთხელ მოახერხოს ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელების გაწბილება, დასხლტომა და როგორც 8 სექტემბერს გაახარა მთელი საქართველო, ისევე გაახაროს მომავალშიც.

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მიზანი კი ისაა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რაც შეიძლება მეტმა მისმა აღზრდილმა ითამაშოს. ამაზე დიდი წარმატება კლუბისთვის სხვა რაღა უნდა იყოს.
პ.ს. იქნებ მე ვცდები, მაგრამ განა ყოფილა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომ ქართველის მიერ გატანილი გოლი სანაკრებო დონეზე უეფა-ს მიერ საუკეთესოდ იქნა აღიარებული???
მე არ მახსენდება და თორნიკემ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ ასახელა. და მადლობა მას ამისთვის.
განა ყოფილა ოდესმე, რომ TVGOAL.com-ზე ქართველ ლიდერს რეიტინგში ელიდეროს? მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა და დიდი მადლობა მას ამისთვის.
და მართლაც, საქართველოს ნაკრებისთვის აღიარებაა არაა, როდესაც ესპანეთის ნაკრების ძლევამოსილი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე იტყვის, – საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტად `ნერვებს ლორია და ოქრიაშვილი~ მიშლიდნენო?

 

www.fcgagra.ge
 

0.137639