ფეხბურთი

11:32 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა, ძალამიძე შეცვალეს

ბელგიის იუპილერ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მორიგი მატჩი ჩაატაარ თორნიკე ოქრიაშვილმა. ამჯერად, “გენკმა”, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის “ლოკერენს” უმასპინძლა და კვლავ ვერ მოიგო – 0:0. ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო ლუკა ზარანდია 18-კაციან განაცხადში არ იყო. “გენკს” 2 ქულა აქვს და 3 ტურის შემდეგ, 16 გუნდში მე-12 ადგილი უკავია.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, ბიალისტოკის “იეგიელონია” გასვლაზე ზაბჟეს “გურნიკთან” 0:3 დამარცხდა. ნიკა ძალამიძე სტუმართა სასტარტოში იმყოფებოდა და 76-ე წუთზე შეცვალეს. “იაგიელონია” 7 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, საკუთარ მოედანზე “დაუგავპილსს” 2:0 აჯობა. ლაშა დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშეს. “სკონტოს” 58 ქულა აქვს და 10 გუნდში პირველ ადგილზეა.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ვენტსპილსი” სტუმრად “იელგავასთან” 0:1 დამარცხდა. თორნიკე თარხნიშვილმა მასპინძლებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა. “ვენტსპილსი” 50 ქულით მე-2 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” შინ თანაქალაქელ “ინფონეტს” ვერ სძლია – 2:2. ზაქარია ბეგლარიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორა” 54 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

იოხვის “ლოკომოტივმა” სილამაეს “კალევს” უმასპინძლა და 1:2 წააგო. ლაშა ნავერიანი “ლოკომოტივის” რიგებში პირველი ტაიმის შემდეგ გამოჩნდა, ხოლო უკრაინის მოქალაქე კოტე ალანია 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ლოკომოტივი” 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, კლაიპედას “გრანიტასი” შინ “კრუიოასთან” 1:5 დამარცხდა. კლაიპედელებში თამაზ ჩარგეიშვილი და გიორგი ალავერდაშვილი სამატჩო განაცხადში არ იყვნენ. “გრანიტასს” 25 ქულა აქვს და 10 გუნდში მეშვიდეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, “საქსანი” სტუმრად “დინამო-ავტოსთან” 0:3 დამარცხდა. ირაკლი გოგინაშვილმა “საქსანში” 90 წუთი ითამაშა. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი განვლილ სეზონში რუსთავის “მეტალურგში” გამოდიოდა. “საქსანს” 5 ქულა აქვს და 11 გუნდში მესამეა.  

თურქეთის “ქასიმფაშა”, რომელსაც შოთა არველაძე თავკაცობს, ამხანაგურ შეხვედრაში ბერლინის “ჰერტას” დაუზავდა – 1:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12116