ფეხბურთი

23:37 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილისა და ანანიძის გოლები

 

თორნიკე ოქრაიშვილმა ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი გაიტანა “ჩერნომორეცის” მაისურით. ოდესელები გასვლაზე 0:3 აგებდნენ “ილიჩივეცთან”, როცა თორნიკემ მცველის შეცდომა გამოიყენა, პირისპირ დარჩა მეკარესთან და გატანა აღარ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილმა გოლი არ აღნიშნა: ჯერ ერთი, 87-ე წუთი იყო და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელი ჩანდა და მეორეც, ის ხომ “ილიჩივეცში” თამაშობდა და როგორც ჩანს, მარიუპოლელებს არ აწყენინა.

“ჩერნომორეცი” მეხუთე ადგილზე დარჩა. ერთიც: “ილიჩივეცის” განაცხადში კვლავაც არ გახლდათ დავით თარგამაძე.

რუსეთში, “რუბინი”-“როსტოვის” შეხვედრაში (1:2) ჯანო ანანიძემ მიითვალა გოლი. პირველი ტაიმის ბოლო წუთი გახლდათ, ანგარიში 1:1 იყო და კონტრშეტევისას, ქართველმა დაახლოებით 10-12 მეტრიდან დაარტყა – ბურთი რიკოშეტით კარში შევარდა. ჯანო 66-ე წუთზე შეცვალეს (მეორე ტაიმში გაფრთხილება მიიღო), ხოლო ყაზანელთა შორის 89 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ.  

“რუბინი” მეცხრე ადგილზეა, “როსტოვი” კი – მერვეზე. აქვე ვთქვათ, რომ ჯანოსთვის ეს მეორე გოლი იყო მიმდინარე პრემიერლიგაში.

პოლონეთში ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის “იაგელონია” 33-ე წუთზე უკვე  0:3 აგებდა “გურნიკთან”, მაგრამ მატჩი 3:3 დაასრულა. ძალამიძე აქტიური გახლდათ და ერთ გოლში დაიდო წვლილი. ის 74-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ფოფხაძეს, მას არ უთამაშია: დისკვალიფიკაცია ჰქონდა. “იაგელონია” მერვე ადგილზეა.

 

ვიდეოები

ოქრიაშვილი  

http://www.youtube.com/watch?v=x_FQEmGmHII 

ანანიძე

http://www.youtube.com/watch?v=I6oPDNVSdzs

 

  

 

0.116619