ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” სერია B-ში “ვარეზეს” 2:0 სძლია და მეორე ადგილზეა. ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ლევან მჭედლიძემ ბოლო 15 წუთი ითამაშა.
უკრაინაში “ილიჩივეცი” შინ 66-ე წუთამდე უგებდა დონეცკის “შახტარს”, თუმცა 1:3 დამარცხდა. არცერთ ქართველს არ უთამაშია: დავით თარგამაძე სათადარიგო გახლდათ, თორნიკე ოქრიაშვილი კი 18-კაციან სიაში არ გახლდათ. მიზეზი გუნდის მწვრთნელმა პავლოვმა ახსნა:
“ნაკრებში წასულები ჯანმრთელნი დაგვიბრუნდნენ. გამონაკლისი ოქრიაშვილია, რომელსაც მენისკი სერიოზულად აწუხებს და ახლა ექიმებთან გადის კონსულტაციას. დასჭირდება თუ არა ოპერაცია, ეს უცნობია”.
“დნიპრომ” გასვლაზე 4:0 აჯობა “კარპატის” და მესამე საფეხურზეა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სანდრო კობახიძე ამჯერადაც განაცხადს მიღმა დარჩა. კანკავამ ორჯერ სცადა შორიდან გატანა, თუმცა ერთხელ ააცილა, მეორედ კი მეკარემ აუღო.
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის “ინტერი” შინ 0:1 დამარცხდა იური სიომინის “გაბალასთან”. “ინტერი” მეშვიდე ადგილზეა. წაგებულთაგან სასტარტოში იყვნენ ალექსანდრე იაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე. სალუქვაძე ბოლოს, თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა მიკელ ალვარომ შეცვალა. ბაჩანა ცხადაძეს, რომელმაც პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო, საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აუღო.
გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა “სიმურგმა” შინ 1:2 წააგო “ხაზართან” და მეექვსეზეა. ჩიხრაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაუძევეს ფეხბურთელი.