მიმდინარე სუპერლიგის პლეი ოფის 3 მაისის მეოთხედფინალური შეხვედრების დასკვნით მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს “დინამო” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. გამარჯვება, მცირედი სხვაობით – 70:64 “ოლიმპს” დარჩა. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი 19 ქულა გიორგი ცინცაძემ მიითვალა, ხოლო ივო ჰოგერი 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. დამარცხებულთაგან 28 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო ქეიონ კარტერი იყო.
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მწვრთნელი): “დღეს, მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, რადგან მოთამაშეების შეუძლოდ ყოფნის გამო სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ივო ჰოგერი და ილიცა მილუტინოვიჩი მოწამლულები არიან, გიორგი გამყრელიძესა და ივან ტოდოროვიჩს კი, წელის ტრავმები აწუხებთ. იმედია, მომავალ შეხვედრას უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ”.
ილიცა მილუტინოვიჩი (“ოლიმპის” კალათბურთელი): “ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო, თამაში ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა მაინც გავიმარჯვეთ და შემდეგში ვეცდებით უკეთესად ვიასპარეზოთ”.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მწვრთნელი): “დინამოშიც” ბევრი ტრავმა და ავადმყოფობაა. დღეს, 6-7 კაცით ვითამაშეთ, ამიტომ ჩვენთვისაც მეტად რთული მატჩი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ტრავმირებულმა ახალწვეულმა – ალექსანდრ გრუევმა გმირობა ჩაიდინა და ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით ითამაშა”.
მილან ოლუიჩი (“დინამოს” კალათბურთელი): “ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა სროლები არ წაგვივიდა და შესაბამისად, არც თამაში აგვეწყო. შაბათს, შევეცდებით მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინოთ”.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში “არმიამ” “სამედიცინოს” - 100:70 სძლია, ხოლო მომდევნო შეხვედრაში “სოხუმმა” “შსს-აკადემია” 82:78 დაამარცხა.
რუსუდან ჭუმბურიძე







