ძიუდო

22:02 | 27.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური შვიდეული შვიდში გაცხადდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - პიტერ ზაიზენბახერი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წასაყვან შემადგენლობას მომავალი კვირის ბოლოს დაასახელებს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადის წარდგენის ვადა 9 ივლისს იწურება, ავსტრიელი სპეციალისტი კი საბოლოო გადაწყვეტილებას 7 ივლისს, ძიუდოს აკადემიაში გასამართ პრესკონფერენციაზე გაახმაურებს.
მესამე დღეა, ოლიმპიური ნაკრების 8 კანდიდატი ჩეხეთშია და ევროპის ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მონაწილეობს. შეკრება ხვალ დასრულდება, ზეგ კი, ზაიზენბახერის გუნდი ესპანეთში გადაინაცვლებს და ანალოგიურ კემპში ჩაერთვება, რომელიც 6 ივლისამდე გასტანს.
ჩეხეთ-ესპანეთის განაცხადში ნაკრების თავკაცმა ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე 100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) შეიყვანა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) შეკრებებს ტრავმების გამო დააკლდნენ. ხანჯალიაშვილს ამ მიზეზით ლამის მთელი მოსამზადებელი ციკლი გაუცდა, ლიპარტელიანის ტრავმა კი მსუბუქია და იგი უკვე თბილისში ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
შეგახსენებთ, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ოთხში ლონდონში წამსვლელი ძიუდოისტების ვინაობა აქედანვე ცნობილია. 66 კილოგრამში ოლიმპიური ნორმატივი ლაშა შავდათუაშვილმა შეასრულა, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილმა, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ხოლო 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანმა.
ზაიზენბახერმა არჩევანი 60, 100 და +100 კილოგრამებში უნდა გააკეთოს. უმსუბუქეს წონაში ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს, 100-ში – ირაკლი ცირეკიძესა და ლევან ჟორჟოლიანს, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის.
ესპანეთიდან დაბრუნებული ნაკრები წინასაოლიმპიადო დასკვნით შეკრებას ბორჯომში გაივლის.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161429