სხვა

23:05 | 20.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური კომიტეტი ლერი ხაბელოვმა ჩაიბარა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტებს, აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს და ნიჩბოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ ბეჟან ხურციძეს აჯობა.
”შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარებული საანგარიშო საარჩევნო სესია, დაახლოებით ხუთი საათი გაიწელა. სხდომის თავმჯდომარემ, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ გამოაცხადა, რომ ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან, რეგისტრაცია 107-მა გაიარა და იქვე, დამსწრეთ, საპატიო სტუმარი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრი კიკის ლაზარიდისი წარუდგინა. შემდეგ, კანდიდატებმა სამანდატო და ხმის დამთვლელ კომისიებში თავიანთი ნდობით აღჭურვილი პირები დაასახელეს და პირველი ოფიციალური მოხსენების დროც დადგა.
გია ნაცვლიშვილმა, სეოკ-ის მიერ 2008 წლის 31 ოქტომბრიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა. იქამდე კი, ვეტერანი სპორტსმენები ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით, ხოლო ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნები სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. საგანგებო ჯილდო გადაეცა კომპანია “ავერსი ფარმას”, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის წლის მეცენატად დასახელდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო, დელეგატებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.
დღის წესრიგის შემდგომი საკითხი პრეზიდენტობის კანდიდატთა გამოსვლები იყო. წინსასწარი შეთანხმებით, პირველი, ტრიბუნასთან ნაცვლიშვილი უნდა მისულიყო, მაგრამ, რადგან საანგარიშო მოხსენება ახალი წაკითხული ჰქონდა, დასვენების საშუალება მისცეს და დამსწრეთ პირველმა, ლერი ხაბელოვმა მიმართა.
მომავალმა პრეზიდენტმა წინამორბედს ლონდონის ოლიმპიადისწინა დაპირება შეახსენა, აქაოდა, 5 ოქროს გეგმავდით და მხოლოდ ერთი მივიღეთ. ისიც ისეთი სპორტსმენისგან, რომლისგანაც უმაღლეს ჯილდოს არავინ ელოდაო. ხაბელოვმა ლაშა შავდათუაშვილს, ქართული დელეგაციის სირცხვილისგან გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა. შემდეგ კი, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის პროგნოზიც გააკეთა – თუკი, ოლიმპიური კომიტეტის სათავეში მოვალ, გპირდებით, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე 2-3 სახეობით მეტში გვეყოლება მონაწილეები. სპორტსმენთა საერთო რაოდენობა კი, მინიმუმ, 38-40 იქნებაო. რაც შეეხება შედეგიანობას, ლერი ხაბელოვის სიტყვით, ქართულ დელეგაციას 8-12 მედლის მოპოვების შანსი ექნება. ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტულ ფედერაციებს მაქსიმალურად მხარში დგომას და სპორტის აბსოლუტურ დეპოლიტიზაციას დაჰპირდა.
ბეჟან ხურციძემ დელეგატებს შეახსენა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ იყრიდა კენჭს და იხუმრა – რადგან სამივე წინა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად ტანჯული მე ვარო. შემდეგ კი, სრულიად სერიოზულად, ხაბელოვს მიმართა – თქვენ პარლამენტში სპორტის კომიტეტს კურირებთ, ორ საპასუხისმგებლო საქმეს ერთდროულად ვერ მიხედავთ და თუ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას ჩემს სასარგებლოდ მოხსნით, გპირდებით, ნაცვლიშვილს დავამარცხებო.
ამ შეთავაზებამ დელეგატები გაამხიარულა. თავად ხურციძე კი გაბრაზდა და განაცხადა, რომ რაც ახლა ხდება, ეს არაა დეპოლიტიზირება. თან დაიმუქრა – სიტუაციას ვატყობ, პრეზიდენტის გამოსავლენად ერთი ტური საკმარისი არ იქნება და თუკი მართლაც ასე მოხდება, მაშინ ჩემს ხმებს გია ნაცვლიშვილის გუნდის სასარგებლოდ გამოვიყენებ, რადგან ამ გუნდში დავით გობეჯიშვილი და დავით ხახალეიშვილი არიანო.
ბეჟან ხურციძემ ფინანსური გარანტიაც ახსენა. მან დელეგატებს უთხრა, რომ უკვე მოელაპარაკა ორ ბიზნესმენს, რომლებიც ქართულ სპორტში თვეში 100-100 ათას დოლარს ჩადებენ. მოგვიანებით, ბიზნესმენების გვარებიც გაამხილა: ხელაია და ჩახუნაშვილი.
გია ნაცვლიშვილმა, წინასაარჩევნო პროგრამაში, ძირითადი ყურადღება მომავალი ოლიმპიური თამაშების სამზადისსა და შანსებზე გაამახვილა, აქაოდა, რიო დე ჟანეიროში არა ლონდონზე, არამედ პეკინზე უკეთესი შედეგის მიღწევაც საკმაოდ რეალურიაო. სეოკ-ის ექსპრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ოლიმპიური კომიტეტი სახელმწიფოსგან საერთოდ არ ფინანსდებოდა და ყველანაირ ხარჯს მოზიდული თანხებით აკეთებდა.
ლერი ხაბელოვმა კონკურენტს ერთი კომპანიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დავალიანება შეახსენა, რომელიც ერთობლივად, რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს. ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ახალი ოფისის გასარემონტებლად დაიხარჯა და მათი გასტუმრება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თან იქვე დასძინა, სპორტის სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობდით და მარტო ჩვენ არ გვაქვს მათი დავალიანება. თავადაც მართებთ ჩვენი თანხაო.
ვიდრე საქმე უშუალოდ კენჭისყრაზე მიდგებოდა, ლერი ხაბელოვის გუნდის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, ყრილობის ორგანიზატორებს ორი შეკითხვა დაუსვა. პირველი – როგორ მოხვდა ხმის უფლების მქონე დელეგატთა სიაში თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საბჭოს ორი წევრი და მეორე – რატომ არ მოეხსნათ ხმის უფლება ლადო ვარძელაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, კახა გეწაძეს და გიორგი ალექსიძეს, რომლებსაც სპორტთან უკვე აღარაფერი აკავშირებთო.
ხანგრძლივი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა საკითხისთვის კენჭი ეყარათ. 36-მა დელეგატმა მხარი მათთვის ხმის უფლების ჩამორთმევას მისცა. დატოვებას კი 30-მა დაუჭირა მხარი. სპორტის სამინისტროსა და ფედერაციების ყოფილი მინისტრების საკითხი კი ისე დარჩა, როგორც თავიდანვე იყო და დღის წესრიგის უმთავრეს საკითხსაც მივადექით.
ფარულმა კენჭისყრამ და ხმების დათვლის პროცედურამ დაახლოებით საათნახევარი წაიღო. არჩევნებში მონაწილეობა 108 დელეგატმა მიიღო. 1 ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა, ხურციძეს მხარი მხოლოდ 4-მა დელეგატმა დაუჭირა, ნაცვლიშვილს 43 ხმა ერგო, ხოლო ხაბელოვს – 59.
“ეს იყო არჩევნები, რომელმაც ყველას დაანახა, რომ სპორტის პოლიტიზირების დრო ისტორიას ჩაბარდა. ყველაფერი დემოკრატიულად მოხდა. მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებ ქართული სპორტის მომავალი წარმატებებისთვის. რაც შეეხება ჩემს გუნდს, პირველ ვიცეპრეზიდენტად ელგუჯა ბერიშვილს ვასახელებ. ვიცეპრეზიდენტები იქნებიან ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი. ემზარ ზენაიშვილი კი, გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს”, – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
“მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე კითხვა ნინო სალუქვაძესაც დაუსვა.
- როგორ შეაფასებთ საარჩევნო ყრილობას?
- უკვე აღარც კი მახსოვს, მერამდენედ დავესწარი არჩევნებს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ასე სუფთა და დემოკრატიული, არც ერთი არ ყოფილა.
- ერთხანს თავადაც გეგმავდით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რატომ გადაიფიქრეთ?
- მართლაც ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და გადაწყვეტილება აღარ მივიღე. პრეზიდენტი რომ გავმხდარიყავი, აქტიურ სპორტულ კარიერას ვეღარ გავაგრძელებდი.
- ვიცეპრეზიდენტობას, სპორტსმენობასაც შეუთავსებთ?
- ამის სურვილი მაქვს. ვეცდები კარიერა არ დავასრულო.  


ოთარ მაღლაკელიძე
 

0.182915