სხვა

12:38 | 9.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ამ ორგანიზაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე იმსჯელეს. ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეტანილი.
სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ვრცლად მიმოიხილა გასული წლის სპორტული შედეგები. მისი განცხადებით, საერთაშორისო სარბიელზე გარკვეული წარმატებები გვქონდა და ეს შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვის მიღწევადაც ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეული დაუკმაყოფილებლის გრძნობა მაინც არსებობს, რადგან ქართულ სპორტს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, რაც არაერთგზის დამტკიცებულა.
ნაცვლიშვილის თქმთ, მიმდინარე წელი ერთ-ერთი გარდამტეხია ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადის მზადებისა და ლიცენზიების მოპოვების ჭრილში. ამიტომაც წლეულს მაღალი რანგის ტურნირებში ჩვენმა ათლეტებმა გაცილებით უკეთესი შედეგები უნდა აჩვენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დადგება მწვრთნელთა პასუხისმგებლობის საკითხი.
აღმასკომზე ითქვა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველომ 10-12 ლიცენზიით მეტი უნდა მოიპოვოს, ვიდრე ეს პეკინში იყო. გარდა იმისა, რომ ამის პოტენციალი რეალურად გვაქვს, ყველა სპორტული სტრუქტურა მაქსიმუმს აკეთებს.
ითქვა სპორტსმენთათვის ხელფასების დანიშვნის სისტემაზეც. სტიპენდიები მხოლოდ ტიტულოვან ათლეტებს არ ეძლევათ და ორიენტირი მიღწეული შედეგების მიხედვით კეთდება. ამას გარდა ყველასათვის პრიორიტეტული უნდა იყოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა.
არაოლიმპიური სახეობებიდან აღნიშვნის ღირსია საჭადრაკო კლუბ ”სამაის" დაარსება, რომელიც სეოკ-ის მიერ ფინანსდება და შარშან ევროპის საკლუბო ჩემპიონატში III ადგილზე გავიდა. ასევე სეოკ-ის მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა რაგბს და ქართულ ჭიდაობას. ჭიდაობაში შარშან ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით 3 დიდი ღონისძიება ჩატარდა.
აღმასკომზე შეფასდა ჩვენი გუნდის გამოსვლა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე. კანადაში 8 სპორტსმენი გვყავდა, რაც აქამდე უპრეცედენტო შემთხვევაა. იმის გათვალისწინებით რა ტრაგედიაც უისტლერის ტრასაზე დატრიალდა, ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. აქვე აღინიშნა, რომ ბათუმში სულ მალე დაიწყება ევროპული სტანდარტების დონის ყინულის დარბაზის მშენებლობა, რაც ფიგურული ციგურაობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
აღმასკომზე ისაუბრეს “თბილისი-2015"-ის თაობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ითქვა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად გაწეული მუშაობისა და სამომავლოდ გასაკეთებელ საქმეებზე. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი ორია – თბილისი და ჩეხეთის ქალაქი ბრნო, რომელთაგანაც “ბებერი კონტინენტის" ეოკ-ები არჩევანს წელს ნოემბერში ბელგრადში გასამართ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებენ. ნიშანდობლივია, რომ ამას წინათ თბილისში მყოფმა ეოკ-ის ექსპერტმა საქართველოს დედაქალქზე დადებითი დასკვნა დაწერა.
მომდევნო კვირას მადრიდში ესპანეთისა და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტებს შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და მისი ესპანელი კოლეგა ალეხანდრო ბლანკო მოაწერენ ხელს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094146