ახლახანს თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში დასრულებულ 78-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველო შვიდი სპორტსმენით წარსდგა. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ათლეტები საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებდნენ და უმთავრესი მიზანი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოპოვება იყო, რაც თურქეთში გამგზავრების წინ, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემაც დაადასტურა.
დებულების თანახმად, ანთალიის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის მოხვედრა ამ ეტაპისთვის სამ ოლიმპიურ ლიცენზიას იძლეოდა, რაც ჩვენმა ათლეტებმა პირნათლად შეასრულეს.
საუკეთესო შედეგი გია მაჭავარიანმა (105 კგ) აჩვენა, რომელმაც ორჭიდში 390 კილოგრამს მოუყარა თავი და საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა. ამავე წონაში თეიმურაზ გოგიას 21-ე საფეხური ერგო. რაულ ცირეკიძე (85 კგ.) ჯამში 341 კილოგრამით მე-17 პოზიციას დასჯერდა, ვაჟა ღონღაძე და თემურ ჩხაიძე (94 კგ) შესაბამისად 21-ე და 35-ე ადგილებზე გავიდნენ, მძიმე წონაში კი ირაკლი თურმანიძემ მე-12 პოზიცია დაიკავა, ხოლო ლაშა ტალახაძე შეჯიბრებას გამოეთიშა.
საბოლოო ჯამში, ჩვენმა გუნდმა 57 სალიცენზიო ჩასათვლელი ქულა დააგროვა და 21-ე ადგილი დაიკავა, რაც კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ამ ეტაპისთვის ლონდონის ოლიმპიადის სამი ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
გასულ ტურნირი გიორგი ასანიძემ დამაკმაყოფილებლად შეაფასა: “ანთალიაში ახალგაზრდულმა გუნდმა იასპარეზა და ამის ფონზე მოპოვებული 57 ქულა დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, თვითკმაყოფილების გრძნობა არ უნდა დაგვეუფლოს. გაისად საფრანგეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ვეცადოთ, რომ ეს ქულები და შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მოპოვებული ლონდონის სამი საგზური შევინარჩუნოთ. ამით უნდა დავამტკიცოთ, რომ ანთალიაში ნაჩვენები შედეგები შემთხვევითი არ ყოფილა”.







