დანიური "ოლბორგის" სპორტულმა დირექტორმა ალან გორდემ განაცხადა, რომ წილისყრამ საფიქრალი გაუჩინა. როგორც იცით, ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "ოლბორგი" გორის "დილას" შეხვდება. გიორგი დევდარიანის გუნდი საშინაო მატჩს თბილისის "მიხეილ მესხზე" გამართავს.
ალან გორდე: "არც ეკონომიკური თვალსაზრისით გაგვიმართლა და არც სპორტულით. დიდხანს მგზავრობა მოგვიწევს და ამასთან, "დილა" ის გუნდია, რომელმაც შარშან დანიურ კლუბთან კარგად წარმოაჩინა თავი. დროში სხვაობა 2 საათია და ალბათ, თბილისში 16:00 საათზე, 30 გრადუს სიცხეში ვითამაშებთ. ასე რომ, რთული პირობები იქნება".
შეგახსენებთ, შარშან ასევე II ეტაპზე, "დილამ" დანიური "ორჰუსი" გამოთიშა გათამაშებას: სტუმრად 2:1, შინ კი 3:1 სძლია. აი, რას ამბობს ორჰუსელთა მწვრთნელი პეტერ სიორენსენი:
"ქართველებს ერთ მუშტად შეკრული გუნდი ჰყავდათ, ძალიან კარგად გადადიოდნენ დაცვიდან შეტევაში და პირიქით. ჩვენ უპირატესობა გვქონდა საშინაო შეხვედრაში და უნდა მოგვეგო, თუმცა დავმარცხდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული მეტოქე გველოდა, თუმცა ბევრს ეს ვერ დავაჯერე".