რაგბი

16:49 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ ბლექსი” ისევ იგებს

16 ნოემბერს, საქართველოსა და აშშ-ს მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრის გარდა, მსოფლიოს სტადიონებზე კიდევ რამდენიმე ტესტ-მატჩი გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების თამაში იწვევდა. ყველას აინტერესებდა, შეძლებდა თუ ვერა “ოლ ბლექსი” შარშან განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას და ამასთან, წლევანდელი წლის დაუმარცხებელი მატჩების სერიას კიდევ თუ გააგრძელებდა. ზელანდიელებმა 30:22 იმარჯვეს, ამრიგად, რევანშიც შედგა და “შავებს” 13-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდა.

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. მაყურებელმა იხილა სწრაფი, დაძაბული ორთაბრძოლა და მორაგბეებმა მათ საკუთარი მაღალი ოსტატობა კიდევ ერთხელ უჩვენეს. სტუმრებმა თამაში ეფექტურად დაიწყეს და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი ჯულიან სავეას მიუვიდა, რომელსაც ვეღარავინ შეაჩერებდა. დენ კარტერის გარდასახვას ოუენ ფარელიმ ჯარიმით უპასუხა, მაგრამ კარტერმა ჯარიმა მალევე გაქვითა, ხოლო მე-17 წუთზე მეორე ლელო გავიდა. ლამაზი და კომბინაციური შეტევა ამჯერად კიარან რიდმა დააგვირგვინა, ხოლო კარტერმა ანგარიში 17:3 გახადა.

ამ დროს ინგლისის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ იფიქრებდა, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა, მაგრამ ინგლისელებმა შერკინების უპირატესობა გამოიყენეს, ზელანდიელები წამოიშალნენ და მასპინძლებს ჯარიმა ერგებოდათ, თუმცა ჯო ლონჩბერი სიტუაციას არ გამოეთიშა და ლელო გაიტანა, რასაც ფარელის გარდასახვა მოყვა. აარონ კრუდენმა ზელანდიელებს ჯარიმიდან 3 ქულა შესძინა, მაგრამ ინგლისელებს საკუთარი თამაში ნაპოვნი ჰქონდათ და ფარელიმ ორი ზუსტი დარტყმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.

მეორე ნახევრის საწყის წუთებში გუნდებმა ქულები ვერ აიღეს, მაგრამ მერე ფარელიმ კიდევ ორი ზუსტი ჯარიმა დაკრა და ინგლისი 22:20 დაწინაურდა. ზელანდიელებმა მარცხის საფრთხე რომ იგრძნეს ტემპს უმატეს და 64-ე წუთზე სავეამ თავისი მეორე ლელო გაიტანა, რასაც ჯრუდენმა ჯერ ზუსტი გარდასახვა, ხოლო 72-ე წუთზე ჯარიმა შემატა და “ოლ ბლექსმა” 30:22 იმარჯვა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონები ირლანდიაში ჩავლენ და წელიწადის დაუმარცხებლად ჩამთავრებას იქ შეეცდებიან.

ერთი კვირის წინ იტალიის განადგურების შემდეგ, ავსტრალია ამჯერად ირლანდიას ეწვია და მასპინძლებს 32:15 სძლია. საწყის წუთებში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-17 წუთზე სტუმრებმა ლამაზი და სწრაფი შეტევა წამოიწყეს, სტეფან მურმა ხაზი გაჭრა, ბურთი ნიკ ქამინსს მიუვიდა, რომელმაც მაღალ სიჩქარეზე მოძრაობის მიმართულება შეცვალა, ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მასპინძელთა დაცვა ექვს წუთში კიდევ ერთხელ ჩავარდა და მაიკლ ჰუპერმა მეორე ლელო გაიტანა. მიუხედავად ამისა, ჯონათან სექსტონმა შესვენებამდე სამი ჯარიმა გაიტანა და მისი გუნდი შესვენებაზე სულ რაღაც 3-ქულიანი დეფიციტით გავიდა.

სექსტონი დაშავდა და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოსულა, ქუადე კუპერმა კი, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა და ჯარიმა მოჰყვა და ავსტრალია ისევ წინ გაიჭრა. იან მედიგანმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ის დღე ირლანდიელების მაინც არ იყო, 66-ე წუთზე ჰუპერმა თავისი მეორე და გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა და სტუმრებს 32:15 მოაგებინა. მომავალ შაბათს ავსტრალია შოტლანდიას ეწვევა.

არგენტინის ნაკრები ვალდებული იყო უელსთან გამართული მატჩის საწყის წუთებში მოპოვებული სათამაშო უპირატესობა გამოეყენებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და ოთხი ლელოთი დაისაჯა. ლეიგ ჰალფპენის ჯარიმას მალე მიკ ფილიფსის ლელო მოყვა და მასპინძლები 10:0 დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე ისინი მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, მაგრამ ამ 10 წუთში ჰალფპენიმ ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 23-ე წუთზე ჯორჯ ნორტმა მეორე ლელო გაიტანა.

დარჩენილ დროში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი მასპინძლებმა 23:3 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა კიდევ თითო-თითო ჯარიმა შეასრულეს, მერე კი, ტობი ფალეტაუმ და კენეტ ოუენსმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს. ახლა უელსი ტონგას დაუხვდება, ხოლო არგენტინელები იტალიაში ჩადიან.

იტალიის ნაკრებმა ფიჯის უმასპინძლა და მეტოქე 37:31 დაამარცხა, მაგრამ მასპინძლები ასეთ შედეგს ხუთ ყვითელ ბარათს უნდა უმადლოდნენ, რომლებიც კუნძულელებმა მიიღეს. 20-დან 28-ე წუთამდე ყვითელი ბარათი სტუმართა ოთხმა მორაგბემ მიიღო. ამ დროს ანგარიში 3:5 იყო ფიჯელთა სასარგებლოდ, მაგრამ მასპინძლებმა მეტობით ისარგებლეს და ჯერ ჯარიმით დაწინაურდნენ, ხოლო 29-ე წუთზე ლელო გაიტანეს. იტალიამ სამი კაცის მეტობა 33-ე წუთზეც გამოიყენა და ტაიმი 20:5 მოიგო. ფიჯიმ მეორე ტაიმში გაიბრძოლა და საერთო ჯამში მეტოქეს ოთხის წილ ხუთი ლელო გაუტანა, მაგრამ ბოლო ორი დასკვნით 8 წუთში. საბოლოო შედეგი 75-ე წუთისთვის დაფიქსირდა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ შეძლეს და 31:37 დამარცხდნენ. მომავალ შაბათს ფიჯი რუმინეთს ეწვევა.

საფრანგეთმა ტონგას უმასპინძლა და 38:18 იმარჯვა, რითაც 2011 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და 29-ე წუთისთვის 14:0 დაწინაურდნენ, შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ უკანასკნელ წუთზე ლელო გაიტანეს (21:6). მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა. ფრანგებმა მოპოვებული უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ლელო გაუშვეს, ჯამში დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. 23 ნოემბერს ფრანგები სამხრეთ აფრიკას მასპინძლობენ, ხოლო ტონგა ერთი დღით ადრე უელსში ჩადის.

თამაშები გამართეს ევროპის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებმაც. საქართველოში განცდილი მარცხის შემდეგ, კანადა რუმინეთში ჩავიდა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო 20:21 დამარცხდა. პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა და ის საკუთარ ანგარიშზე ტაილერ არდრონმა ჩაიწერა, მაგრამ ფლორინ ვლაიკუმ ოთხი ჯარიმა მიითვალა და ტაიმი რუმინეთმა 12:7 მოიგო. მეორე ტაიმის დებიუტში კანადამ ჯერ ჯარიმით შეამცირა ანგარიში, ხოლო 48-ე წუთზე ჰარი ჯონსმა ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ კანადა 17:12 დაწინაურდა. ვლაიკუმ ორი ჯარიმით მასპინძლებს უპირატესობა დაუბრუნა, კანადა ჯარიმითვე 76-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და ვლაიკუს დარტყმა ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა.

რუსეთმა იაპონიას უმასპინძლა და პირველ ტაიმში მაგრად ეომა. ტაიმი 13:13 დასრულდა, მაგრამ მერე აზიელებმა ოთხი ლელო გაიტანეს და 40:13 იმარჯვეს. ესპანეთი ჩილეს შემდეგ ურუგვაიში ჩავიდა და 46-ე წუთისთვის 15:6 იგებდა, მაგრამ მერე ჯერ ჯარიმა გაუშვა, ხოლო 74-ე წუთზე ლელო-გარდასახვა და 15:16 დამარცხდა. სამხრეთ ამერიკაშია პორტუგალიაც, რომელიც ბრაზილიას ეწვია და მასპინძლები 68:0 გაანადგურა. დღეს კიდევ ერთი თამაშია - შოტლანდია სამხრეთ აფრიკას დაუხვდება.

0.215375