პლეი ოფის სტარტზე ზედიზედ სამი წაგებული მატჩის შემდეგ “ჰიუსტონმა” მონახა გზა, თუ როგორ შეიძლება “ოკლაჰომას” დამარცხება და მეოთხე მცდელობით შეძლო “თანდერთან” პირველი გამარჯვების გამოჭედვა - 105:103.
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კევინ დურანტის 38 ქულა (12-16 ტყორცნა თამაშიდან, 13-15 საჯარიმო) და ამავდროულად ჯეიმს ჰარდენის 10 დაკარგვა “ო ქეი სის” უპირობო გამარჯვებას მოუტანდა, თუმცა დღეს გამთენიისას ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ჩენდლერ პარსონსმა (27 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი), თურქმა ცენტრმა ომერ აშიქმა (17 ქულა, 14 მოხსნა) და ახალბედა პატრიკ ბევერლიმ (16 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა) სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს და საბოლოოდ დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
სტუმართა რიგებში საშინლად გამოიყურებოდა კენდრიკ პერკინსი, რომელმაც 9 წუთში 4 პერსონალურ შენიშვნასთან ერთად 4 დაკარგვაც მოასწრო, მატჩის ბოლო წამებზე კი კვლავ გაუგებრად რჩება, რეჯი ჯექსონის არაზუსტად ნატყორცნი ბურთის შემდეგ ფართან სრულიად მარტო მდგომმა სერჟ იბაკამ დამატებაზე როგორ ააცილა ბურთი და ვერ გაათანაბრა ანგარიში.
სერიის მომდევნო მატჩს ამჯერად “ოკლაჰომას” საშინაო არენა უმასპინძლებს და ფავორიტებს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ექნებათ, გადალახონ პლეი ოფის პირველი რაუნდი.
“ატლანტამ” Phillips Arena-ზე მეორე მატჩიც ძალზე იოლად მოუგო “ინდიანას” და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
“ჰოუქსმა” პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია მეტოქეს და სოლიდური ჰანდიკაპიც მოიპოვა, თუმცა ფრენკ ვოგელის შეგირდებმა მეორე ტაიმში გამოიღვიძეს და საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მათი ჩამორჩენა მხოლოდ -5 გახლდათ. სწორედ ამ მომენტში ჯოშ სმიტმა და კაილ კორვერმა სამქულიანები ჩააგდეს და ანგარიშში კიდევ ერთი მცირე გაქცევის მოწყობით საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანეს - 102:91.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯოშ სმიტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო, “ინდიანას” სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა შეძლო 10 ან მეტი ქულის დაგროვება, თუმცა გამორჩეული მაინც ახალგაზრდა პოლ ჯორჯი გახლდათ 21 ქულითა და 12 მოხსნით.
“პეისერსის” ძირითადმა გამთამაშებელმა ჯორჯ ჰილმა პრესკონფერენციაზე სერიის მიმდინარეობაზე ისაუბრა: ”ძალიან კარგად ვიცოდით, თუ როგორ დაბალანსებულ გუნდთან მოგვიწევდა დაპირისპირება და იოლი გამარჯვების ილუზია არც არავის გვქონია. ზედიზედ ორი წაგების მიუხედავად, ვინარჩუნებთ საკუთარი მოედნის უპირატესობას, რაც შეიძლება გადამწყვეტიც გამოდგეს საბოლოო გამარჯვებისთვის”.
“ბრუკლინმა” “ჩიკაგოსთან” სტუმრად წაგებული მარათონული მატჩის შემდეგ, საკუთარ არენაზე ადვილად დაამარცხა “ბულზი” (110:91) და სერიაში სხვაობა შეამცირა - 2:3.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, “ნეთსის” შემადგენლობაში ძალზე სოლიდურად გამოიყურებოდა ბრუკ ლოპესი (28 ქულა, 10 მოხსნა), რომელმაც პირად დაპირისპირებაში აშკარად დაჩაგრა ფრანგი ჟოაკიმ ნოა. მასპინძლებმა სტუმართა ფარზე 17 მოხსნა დააგროვეს და სამწამიანი ზონიდან მეტოქეს ერთბაშად 54 ქულა ჩაუგდეს. აღსანიშნავია დერონ უილიამსის შედეგიანი გარჯა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა და თანაგუნდელებს 10 შედეგიანი პასიც გადააწოდა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პი ჯეი კარლესიმომ განაცხადა: ”მჯერა თუ არა ჩემი გუნდის პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გასვლის? რა თქმა უნდა, მჯერა, რადგან ჩიკაგოში თითქმის მოგებული თამაშის წაგების მერე ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდა და მშვენიერ სტილში მოახერხა მეტოქის დამარცხება”.
ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ თორნიკე შენგელიას (ამჯერადაც ვერ მოხვდა სამატჩო განაცხადში) “ბრუკლინი” ნბა-ს საპლეიოფო ისტორიის გაბნმავლობაში გახდება მეცხრე გუნდი, რომელმაც 1:3 ჩამორჩენის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.
ჰიუსტონი – ოკლაჰომა 105:103 (29:24, 24:36, 38:24, 14:19)
ჰიუსტონი: გარსია (9), ბევერლი (16), აშიქი (17+14მ), პარსონსი (27+10მ+8პ), ჰარდენი (15); ბრუქსი (7), დელფინი (13), სმიტი (10)
ოკლაჰომა: ჯექსონი (18), სეფოლოშა (5), პერკინსი, იბაკა (8), დურანტი (38); ლიგინსი (3), მარტინი (16), ფიშერი (12), კოლისონი (3)
ოკლაჰომა იგებს სერიას 3:1
ატლანტა – ინდიანა 102:91 (22:21, 35:19, 12:22, 33:29)
ატლანტა: ტიგი (13), ჰარისი (8), პეტრო (4), ჰორფორდი (18), სმიტი (29+11მ); ჯონსონი (2), კორვერი (19), ტოლივერი (9), სტივენსონი
ინდიანა: ჰილი (12), სტივენსონი (10+9მ+8პ), ჰიბერტი (14), ვესტი (15), ჯორჯი (21+12მ); ტ. ჰენსბრო (5), გრინი (3), ოგასტინი (8), მაინმი (3)
სერიაში ანგარიში 2:2
ბრუკლინი – ჩიკაგო 110:91 (26:21, 26:23, 25:29, 33:18)
ბრუკლინი: უილიამსი (23+10პ), ჯონსონი (11), ლოპესი (28+10მ), ევანსი (4), უოლესი (12); უოთსონი (11), ბლაჩი (13), ბრუქსი, ჰამფრიზი (8), ტეილორი
ჩიკაგო: რობისნონი (20), ბატლერი (18), ნოა (11), ბუზერი (10+10მ), დენგი (12); მოჰამედი (6), ბელინელი (8), ტიგი (2), გიბსონი (4), ტომასი, კუკი
ჩიკაგო იგებს სერიას 3:2