კალათბურთი

12:45 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომა სიტიმ” და “ინდიანამ” მოედნის უპირატესობა დაკარგეს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო და ისე მოხდა, რომ მასპინძლებმა მოედნის უპირატესობა პირველივე მატჩებში დათმეს. “სანდერმა” ოკლაჰომა სიტიში გადაბარგების შემდეგ, პლეი ოფში ყველაზე მძიმე მარცხი (105:122) “ლოს ანჟელეს კლიპერსთან” განიცადა, აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული “ინდიანა პეისერზი” კი “ვაშინგტონ უიზარდსთან” 96:102 დამარცხდა.

ოკლაჰომაში გამართული მატჩის გმირი სტუმართა გამთამაშებელი კრის პოლი გახდა, რომელმაც მისთვის სარეკორდო 8 სამქულიანი ჩააგდო. პოლს ამისთვის 9 ცდა დასჭირდა, სულ კი თამაშიდან 14-დან 12 ტყორცნა გამოიყენა და 32 ქულა მიითვალა, ხოლო “კლიპერსის” კიდევ ერთმა ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა 23 ქულა ჩააგდო.

პოლის განსაკუთრებულ როლზე კომენტარი ოკლაჰომელთა მცველმა ტაბო სეფოლოშამაც გააკეთა, რომელიც “სანდერის” სასტარტო ხუთეულს ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და 16 წუთში 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

“პოლმა სამქულიანების უმრავლესობა, განსაკუთრებით, მატჩის დასაწყისში, ურთულესი სიტუაციებიდან შეასრულა. თითქოს, მის შესაჩერებლად ყველაფერი ვიღონეთ, თუმცა, მიზანი ვერაფრით ავურიეთ. კრისის ჩინებულმა გარჯამ დაღი ჩვენს თამაშსაც დაასვა”.

“სანდერი” უკვე პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულით მარცხდებოდა და მართალია, მასპინძელთა ვარსკვლავებმა რასელ უესტბრუკმა და კევინ დიურანტმა თავი არ დაზოგეს (მათ ჯამში 54 ქულა ჩააგდეს), თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სხვათა შორის, დიურანტს სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარება “მაიამი ჰითის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმაც მიულოცა, რომელიც აღნიშნული ტიტულის მფლობელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ გახდა. ცნობისთვის, დიურანტს ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლოს დააჯილდოებენ, თუმცა, ლიგის გადაწყვეტილების შესახებ უკვე ყველასათვის ცნობილია.

“დიურანტმა ეს პრიზი და საყოველთაო პატივისცემა უდავოდ დაიმსახურა. მან სეზონი ჩინებულად ჩაატარა, სწორედაც რომ – MVP-ს დონეზე”, - აღნიშნა ჯეისმა.

გულშემატკივართა გაოცებას განაგრძობს “ვაშინგტონ უიზარდსი”, რომელმაც რეგულარული პირველობა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე დაასრულა, თუმცა, პლეი ოფში ისე თამაშობს, ჯერ არცერთი გასვლითი მატჩი წაუგია.

პირველ წრეში დედაქალაქელებმა “ჩიკაგო ბულზს” 4:1 სძლიეს და თან, მეტოქეს სტუმრად გამართულ სამივე შეხვედრაში აჯობეს, ახლა კი, “ინდიანა პეისერზთან” მეოთხედფინალური დაპირისპირებაც საგარეო გამარჯვებით (102:96) გახსნეს. ცნობისთვის, მიმდინარე პლეი ოფში გასვლაზე დაუმარცხებელად, ვაშინგტონელთა გარდა, მხოლოდ ლიგის მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” ასპარეზობს.

გასული შეხვედრის გმირი “უიზარდსის” მცველი ბრედლი ბილი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და უაღრესად სარგებლიანი გახდა. ტრევორ არიზამ 22 ქულა ჩააგდო, ხოლო პოლონელმა ცენტრმა მარჩინ გორტატმა, მართალია, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ორმაგი დუბლის ავტორიც გახდა.

ინდიანელთა მხრიდან ჯორჯ ჰილმა და პოლ ჯორჯმა 18-18 ქულა ჩააგდეს, გუნდის სასტარტო ცენტრ როი ჰიბერტს კი მორიგი კატასტროფული თამაში ჰქონდა. როიმ მოედანზე 17:43 წუთი გაატარა და ქულების და მოხსნების გრაფებში ისევ ნულიანები ჰქონდა.

ცნობისთვის, იდენტური რამ მოხდა პირველ რაუნდში “ატლანტა ჰოუქსთან” სერიის მე-5 მატჩშიც, სულ კი, 2014 წლის პლეი ოფის უკანასკნელ ოთხ მატჩში, ჰიბერტმა უქულოდ მე-3 შეხვედრა დაასრულა.

ოკლაჰომა სიტი” და “ინდიანა” სერიის მე-2 მატჩებს ისევ შინაურ კედლებში 8 მაისის დილას მიიღებენ, 7 მაისის დილას კი საქმეში სხვა მეოთხედფინალისტებს ვიხილავთ. “მაიამი ჰითი” “ბრუკლინ ნეთსს” უმასპინძლებს, ხოლო “სან ანტონიო სპურზი” “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს” დაუხვდება.

 

ოკლაჰომა სიტი – კლიპერსი 105:122 (25:39, 27:30, 26:35, 27:18)

ოკლაჰომა სიტი: უესტბრუკი (29 ქ.), დიურანტი (25 ქ.), იბაკა (12 ქ.), სეფოლოშა (5 ქ.), პერკინსი (3 ქ.); ლემბი (8 ქ.), ჯონსი (8 ქ.), ფიშერი (4 ქ.), ჯეკსონი (4 ქ.), კოლისონი (4 ქ.), ბატლერი (3 ქ.), ადამსი.

კლიპერსი: პოლი (32 ქ. 10 პ.), გრიფინი (23 ქ.), რედიკი (12 ქ.), ბარნსი (10 ქ.), ჯორდანი (7 ქ.); კროუფორდი (17 ქ.), დევისი (6 ქ.), კოლისონი (5 ქ.), გრეინჯერი (5 ქ.), დადლი (3 ქ.), ბულოკი (2 ქ.), გრინი, ჰოლინზი.

კლიპერსი იგებს სერიას 1:0

 

ინდიანა – ვაშინგტონი 96:102 (15:28, 28:28, 19:13, 34:33)

ინდიანა: ჰილი (18 ქ.), ჯორჯი (18 ქ.), უესტი (15 ქ. 12 მ.), სტივენსონი (12 ქ.), ჰიბერტი; სკოლა (12 ქ.), უოტსონი (9 ქ.), ტერნერი (7 ქ.), კოუპლენდი (3 ქ.), მაინმი (2 ქ.).

ვაშინგტონი: ბილი (25 ქ. 7 მ. 7 პ. 5 ჩ.), არიზა (22 ქ.), ნენე (15 ქ.), უოლი (13 ქ. 9 პ.), გორტატი (12 ქ. 15 მ.); გუდენი (12 ქ. 13 მ.), მილერი (3 ქ.), ტემპლი, უებსტერი, ბუკერი.

ვაშინგტონი იგებს სერიას 1:0

0.125468