“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს ინფორმაცია 35 წლის მცველმა დღეს, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“მიზეზი, რის გამოც აქ მოგიწვიეთ, არის ის, რომ მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” ფეხბურთელი აღარ ვიქნები. კლუბის წარმომადგენლებმა ამის შესახებ იციან. შევთანხდმით, რომ კონტრაქტს გავწყვეტთ.
2 რთული ოპერაციის შემდეგ, ძალიან გამიჭირდა ისე თამაში, როგორც აქ დასარჩენადაა საჭიროა. სწორედ ამიტომ მივიღე წასვლის გადაწყვეტილება.
სამ რამეს მინდა ხაზი გავუსვა:
- დღეს არ მივდივარ. სეზონის ბოლომდე კიდევ 3 თვეა დარჩენილი და ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ თავს არ დავზოგავ და გუნდის მიერ მიზნების მისაღწევად ყველაფერს ვიღონებ.
- ჯერ არ ვიცი, რა იქნება 30 ივნისის შემდეგ. ვიცი მხოლოდ ის, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დავისვენებ. ამის შემდეგ, ვნახავთ რა მოხდება.
- სეზონის ბოლოს პრესკონფერენციას გავმართავ და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ 19 წლის განმავლობაში გვერდით მედგნენ, მადლობას გადავუხდი. ყველას, ვისაც მოუნდება, – პრეზიდენტებს, დირექტორებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, კლუბის სხვა წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მეგობრებს, ნათესავებს – ყველა დასმულ კითხვაზე ვუპასუხებ. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.” – განაცხადა პუიოლმა პრესკონფერენციაზე.
კარლეს პუიოლს მთელი კარიერა “ბარსელონაში” აქვს გატარებული. პირველი გუნდის მაისურით, 1999 წლიდან დღემდე, ჩატარებულ 593 თამაშში მან 18 გოლი გაიტანა. მშობლიურ გუნდთან ერთად მან 21 ტიტული მოიგო. ესენია: 6 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერთასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერთასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. პუიოლის ინდივიდუალური მიღწევების ჩამონათვალი ასეთია: Don Balon-ის ვერსიით ესპანური ფეხბურთის აღმოჩენა (2001), ევროპული სპორტული მედიის სიმბოლური ნაკრების წევრი (2002, 2003, 2005, 2006), უეფა-ს სიმბოლური ნაკრების წევრი (2002, 2005, 2006, 2008, 2009, 2010), უეფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო მცველი (2006), FIFA/FIFPro-ს წლის სიმბოლური ნაკრების წევრი (2007, 2008, 2010), ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი, კონფედერაციის თასის 2009 წლის გათამაშების სიმბოლური ნაკრების წევრი, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი.