„ლივერპულმა“ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, ადამ ლალანას თავის რიგებში ჩარიცხვა დაადასტურა. ამის შესახებ Eurosport-ი იუწყება.
26 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხუთწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. „საუთჰემპტონმა“ ლალანას გაყიდვით 23 მილიონი გირვანქა გამოიმუშავა.
„დღეს ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, რათა ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. იმედი მაქვს, რამეს შევმატებ „ლივერპულს“ და ჩემს აქ ყოფნაში არაერთ ტიტულს მოვიპოვებთ, მე აქ ამისთვის მოვედი“ - განაცხადა ლალანამ.
ადამ ლალანა მიმდინარე ზაფხულში „ლივერპულის“ მესამე შენაძენია, რიკი ლამბერტისა („საუთჰემპტონი“) და ემრე ჩანის (ლევერკუზენის „ბაიერი“) შემდეგ. თავის მხრივ, „საუთჰემპტონმა“, ლალანას სახით, გუნდის კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა: რიკი ლამბერტის წასვლის შემდეგ, გუნდი ლუკ შოუმაც დატოვა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
2006 წლიდან მოყოლებული, ლალანამ „საუთჰემპტონის“ რიგებში 235 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.
ლევან გოგოტიშვილი