ფეხბურთი

15:19 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოცნების მატჩის წინ

ნეიტრალურ ქომაგთა დიდ უმრავლესობას რაც უნდოდა, ის მოხდა: კონფედერაციის თასის ფინალში ბრაზილია-ესპანეთს უყურებს. სპეციალისტები ამ შეხვედრის წინ ხშირად ახსენებენ სიტყვას - "ოცნების მატჩი". მართლაც ასეა, რადგან ბოლო წლებში სანაკრებო ფეხბურთის დომინანტი "ფურია როხა" მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს ხვდება. ქვეყანას, სადაც ფეხბურთი რელიგიის დონეზეა და სადაც "პორტუგეზას" თუ "ნაუტიკოს" ფეხბურთელს უფრო სცნობენ, ვიდრე პოლიტიკოსებს, თუ მაინცდამაინც რომარიო არაა... (როგორ ჰგავს საქართველოს, ხომ?!).  

ესპანეთი N1 ნაკრებია ფიფას რეიტინგში, ბრაზილია კი ოცეულს მიღმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს მინდორზე, უშუალოდ დღეს, ბევრს არ ნიშნავს. ბრაზილია, რაც არ უნდა ენატრებოდეთ რონალდო, რონალდინიო, კაკა თუ რივალდო, მაინც ბრაზილიაა.

კიდევ იმიტომაა "ოცნების მატჩი", რომ ეს ნაკრებები 1999 წლის შემდეგ აღარ შეხვედრიან ერთმანეთს. ის ბოლო მატჩიც ამხანაგური იყო (ქალაქ ვიგოში) და 0:0 დასრულდა.

ურთიერთშეხვედრებში სამხრეთამერიკელებს უპირატესობა აქვთ. მუნდიალზე მათი პირველი დაპირისპირება 1934 წელს გაიმართა იტალიაში და ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს. იმ დროს ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალას ბასკები წარმოადგენდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მომდევნო დაპირისპირება 1950 წელს შედგა ბრაზილიაში და ფინალურ ჯგუფში მასპინძლებმა 6:1 სძლიეს მეტოქეს, თუმცა შემდეგ ურუგვასთან შოკისმომგვრელი მარცხი ელოდათ 200000-იან "მარაკანაზე".

1962 წელს ჩილეს მუნდიალზე, ბრაზილია და ესპანეთი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ბოლო ტურში ბრაზილიას ფრეც ხელს აძლევდა, ხოლო ესპანეთს მოგება სურდა და პირველი ტაიმის შემდეგ ადელარდოს გოლით იგებდა კიდეც, თუმცა ამარილდოს დუბლმა (ამარილდო პელეს ტრავმის გამო მოხვდა გუნდში) სამხრეთამერიკელებს მოაგებინა და საბოლოოდ, იმ მუნდიალზე ბრაზილია გახდა ჩემპიონი.

მუნდიალზე მორიგი შეხვედრა 1978 წელს, ისევ ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა და 0:0 დასრულდა. ესპანეთი იმ ჯგუფში ჩარჩა, ბრაზილიამ კი, საბოლოოდ, მესამე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

ბოლო მუნდიალური დაპირისპირება: 1986 წელს ისევ ჯგუფში, მექსიკურ გვადალახარაში. ბრაზილიამ 1:0 მოიგო აწ გარდაცვლილი სოკრატესის გოლით, თუმცა მანამდე ესპანელ მიჩელს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს - ბურთი ხარიხას მოხვდა და ხაზს შიგნით დაეცა. ჯგუფიდან ორივე გუნდი გავიდა, მერვედფინალშიც მოიგეს, თუმცა მეოთხედფინალში ბრაზილიამ საფრანგეთთან წააგო, ესპანეთმა კი - ბელგიასთან. ორივე შემთხვევაში, პენალტების სერია იყო გადამწყვეტი.

1990 წელს გუნდები ხიხონში, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელებმა 3:0 იმარჯვეს. გოლები მიჩელმა, ფერნანდო გომესმა და კარლოს მუნიოსმა გაიტანეს. ამ მატჩის შემდეგ კი, მხოლოდ ერთხელღა დაუპირისპირდნენ ბრაზილია და ესპანეთი, რაზეც უკვე ვთქვით - 1999 წელს ვიგოში - 0:0.   

იყო სხვა დაპირისპირებებიც, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები ჩამოვთვალეთ. აქვე, სტატისტიკაც:

ბრაზილია_ესპანეთი

10 მატჩი: ბრაზილიამ მოიგო 5, ფრე 2, ესპანეთმა მოიგო 3. ბურთების შეფარდება 13:10 ბრაზილის სასარგებლოდ.  

როგორ გაიარეს გუნდებმა გზა ფინალამდე? ესპანელებმა ჯგუფში 2:1 ურუვაისთან, 10:0 ტაიტისთან და 3:0 ნიგერიასთან, ხოლო ნახევარფინალში პენალტებში მოგება იტალიასთან.

ბრაზილიამ ჯგუფში სძლია იაპონიას 3:0, მექსიკას 2:0 და იტალიას 4:2, ხოლო ნახევარფინალში ურუგვაის 2:1 მოუგო.

ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ნახევარდაცვაში და წინა ხაზზეც როტაციას მიმართავდა. თავიდან თავდასხმაში სოლდადოს ენდობოდა, თუმცა ნიგერიასთან რამდენიმე მომენტის გაცუდების შემდეგ, ნახევარფინალში აღარ ათამაშა. თავის მხრივ, იტალიასთან ვერც ტორესმა გამოიჩინა თავი. არაა გამორიცხული, დელ ბოსკემ ისევ ნომინალური ფორვარდის გარეშე ათამაშოს ნაკრები.

ბრაზილიას კი თერთმეტეული გამოკვეთილი ჰყავს. დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურია, შეთამაშებული ვერაა - ბრაზილიელებს საკმარისზე მეტად უქმნიან საგოლე მომენტებს. ბევრს დავობენ, რომ ჰალკის ნაცვლად, სკოლარიმ ლუკას მოურა უნდა თამაშოს. ფაქტია, "ზენიტის" ზორბა შემტევი ვერ ბრწყინავს. "პენტაკამპეონთა" მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, ნეიმარია.

აქვე, მსაჯზეც ვთქვათ: ფინალს ჰოლანდიელი კუიპერსი გაუძღვება. მატჩი "მარაკანაზე" თბილისის დროით ღამის 2 საათზე დაიწყება.

 

სკოლარი: "ყველამ ვიცით, რომ ესპანეთმა აქ ჩვენზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა - ესპანელებს ხომ ტაიტისთან გასეირნება ჰქონდათ და სათადარიგოები დააყენეს, წამყვან ფეხბურთელებს კი დასვენების საშუალება მისცეს. ესპანეთს ნამდვილად ბრწყინვალე, ერთიანი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათთან საბრძოლველად მზად ვართ. ფინალში ვართ და ესე იგი, ესპანეთის დამარცხებაც შეგვიძლია".  

დელ ბოსკე: "ბრაზილია ის ქვეყანაა, რომელსაც 5-ჯერ მოუგია მუნდიალი და 3-ჯერ კონფედერაციის თასი. ისინი "მარაკანაზე" გულშემატკივრების იმედადაც იქნებიან. ეს ჩვენთვის ოცნების მატჩია. საფეხბურთო სპექტაკლს ველი, ამ შეხვედრით წიგნის ახალი თავი დაიწერება. ყველანაირად შემართული ვართ და ვნახავთ, ვინ უფრო ძლიერია".

 

...ახლა სხვა კომენტარებზეც. ყველაზე ფრთიანი ფრაზა ტორესისა იყო - დღეს ესპანეთის ნაკრებია ბრაზილიური გუნდიო. ამით "ელ ნინიომ" საფეხბურთო სტილს გაუსვა ხაზი. ბრაზილიელები ხომ ტექნიკური ფეხბურთით ყოველთვის გამოირჩეოდნენ, ახლა კი "ფურია როხაა"'ის გუნდი, რომლის მანერას ნებისმიერი გულშემატკივარი იცნობს, რომც არ იცოდეს რა მატჩს უყურებს...  

ზიკო: "1982 წლის ბრაზილია დღევანდელ ესპანეთს ჰგავს. ორივეს ერთი მიზანი გვქონდა: გავსულიყავით მინდორზე და სიამოვნება მიგვეღო. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ უფრო ხშირად ვურტყამდით კარში და გოლები უხვად გაგვქონდა. "ფურია როხას" ბურთის კონტროლი უყვარს, ჩვენ კი უფრო ფეთქებადი ვიყავით. როგორ უნდა მოუგოს ბრაზილიამ ესპანეთს? რაც შეიძლება ხშირად დავარტყათ კარში და პრესინგი ვითამაშოთ. სკოლარი კარგად მუშაობს და მომზადებულია ამ მატჩისთვის".

დანტე: "ყველა ესპანელი ფეხბურთელი მომწონს. მოხარული ვიქნებოდი, რომ ინიესტა ბრაზილიელი იყოს. მაშინ ინიესტინიას დავარქმევდით".

ნეიმარი: "ვითამაშებთ ჩვენი ოჯახებისთვის, ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის და მთლიანად ბრაზილიელი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი უნდა დავიცვათ. ეს არაა უბრალო მატჩი და მნიშვნელობა გათავისებული გვაქვს. მე გავალ და როგორც წინა მატჩებში ვთამაშობდი, ახლაც ისე გავირჯები".

ხავი: "კონფედერაციის თასის მოგება ჩვენი 5-წლიანი ციკლის დაგვირგვინება იქნება. თუ მოვიგებთ, ძალიან ამაყნი ვიქნებით. შანსებს რაც შეეხება, თანაბარია. უბრალოდ, ბრაზილიელებს ის უპირატესობა აქვთ, რომ შინ თამაშობენ".

კასილიასი: "ეს ის ფინალია, რომელზეც ყველა ოცნებობდა. არ დაგიმალავთ, ესპანეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელს სწორედ ბრაზილიასთან თამაში სურდა ფინალში. ნეიმარი? რა თქმა უნდა, ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებში სხვა ღირსეული მოთამაშეებიც არიან და მხოლოდ ნეიმარზე კონცენტრირება არასწორი იქნება".  L

ტორესი: "დღეს ესპანეთის ნაკრებია ბრაზილიური გუნდი. მეტოქეს უფრო მეტი აქვს დასაკარგი, რადგან დასამტკიცებელი აქვთ, ჩვენ კი ყველგან დავამტკიცეთ ძალა. ესპანეთის ნაკრებს უბრალოდ სურს, რომ წარმატებული გზა გააგრძელოს და მორიგი ტიტული შემატოს კოლექციას".     

ბოლოს, კონფედერაციის თასის აქამდე გამართულ ფინალებზე: 

1997 (საუდის არაბეთში): ბრაზილია - ავსტრალია 6:0

1999 (მექსიკაში): მექსიკა-ბრაზილია 4:3

2001 (სამხრეთ კორეასა და იპაონიაში): საფრანგეთი - იაპონია 1:0

2003 (საფრანგეთში): საფრანგეთი - კამერუნი 1:0 (დამ. დროში)

2005 (გერმანიაში): ბრაზილია - არგენტინა 4:1

2009 (სამხრეთ აფრიკაში): ბრაზილია - აშშ 3:2

0.142775