ერთწლიანი შესვენების შემდეგ საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ევროპულ სარბიელს დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი ვერცხლისმედალოსნის მოწინააღმდეგე ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ტრნავას “სპარტაკი” გახლდათ. ქართულმა გუნდმა გამოტოვა აღნიშნული გათამაშების პირველი ეტაპი, ხოლო დასავლელმა სლავებმა პირველ ეტაპზე ასპარეზობას მალტის “ჰიბერნიანი” გამოთიშეს. ბუნებრივია, ორივე გუნდისათვის მეტად მნიშვნელოვანია ამ ეტაპის გადალახვა, ამიტომაც მეტოქენი მოცემული მატჩისათვის სერიოზულად იყვნენ მომზადებულნი.
წინასამატჩო პრესკონფერენციებიდან ნათელი გახდა, რომ სლოვაკური გუნდი ღია და შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ანალოგიური ფეხბურთის მიმდევარი გახლავთ ქართული კლუბიც. ამიტომაც “დავით აბაშიძეზე” შეკრებილებს იმედი ჰქონდათ, რომ ლამაზ სანახაობას იხილავდნენ. ამას დავამატოთ ისიც, რომ იმერული კლუბის ქომაგებს სლოვაკურ საკლუბო ფეხბურთთან კარგი მოსაგონარი აკავშირებთ. რამდენიმე წლის წინ ზესტაფონელთა სათამაშო არენაზე ფეროელებმა უშანსოდ დატოვეს სლოვაკური ბანსკა-ბისტრიცას “დუკლა”. მაშინ, ზესტაფონელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს და მეორე მატჩში მინიმალური მარცხის მიუხედავად, უპრობლემოდ გადალახეს ევროპის ლიგის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი.
შეხვედრა ერთი შეხედვით სტუმართა აქტიურობით კი დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ სლოვაკები მეორე წუთზე აშკარა გოლს გადაურჩნენ. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გეწაძის ჩაწოდების შემდეგ, სლოვაკ მცველებს დასწრებაზე ჯაბა დვალმა აჯობა, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ტრნაველთა კარის მარჯვენა ძელმა აისხლიტა. სულ მალე ისევ ზესტაფონელთა სწრაფი იერიშის შედეგად კვლავ დვალს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ზესტაფონელთა ფორვარდის დარტყმა მოწინააღმდეგის მცველს შეეხო და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ამ კომბინაციაში დვალთან ერთად დოლიძე და გეწაძე მონაწილეობდნენ.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა საკუთარი გუნდი 4-2-3-1 სათამაშო ტაქტიკით განალაგა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თვალშისაცემი გახლდათ სლოვაკთა ათლეტურობა. დაცვაში სლოვაკთა დამრიგებელმა ადგილი იანეჩკა-ბორტელი-ტოტი-ჩონკას ოთხეული განამწესა. საყრდენებად იარაბეკმა საბო და კუზმა დააყენა, მათ წინ კი ჰოვანეცი-ვლასკო-შრანცის ტრიო მოქმედებდა, რომლებიც ცდილობდნენ პასებით მოემარაგებინათ წინ ეულად მდგომი მიკოვიჩი. ტრადიციული 4-4-2 ტაქტიკით არჩია თამაში ზესტაფონელთა გამოცდილმა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ. ფეროელთა დაცვა ღონღაძე-რენე ფერეირა-ჭელიძე-გიორგი გურულის კვარტეტისაგან შედგებოდა. ნახევარდაცვაში დოლიძე-შარიქაძე-კუხიანიძე-გეწაძის ოთხეული მოქმედებდა. თავდასხმაში ფორვარდებად გეგუჩაძეს დვალი-გელაშვილის დუეტი ჰყავდა გამწესებული.
სადებიუტო სახიფათო მომენტების შემდეგ რამდენიმე შემთხვევაში შეუთანხმებლად იმოქმედეს მასპინძელთა დაცვის წევრებმა. მართალია, რაიმე განსაკუთრებული ამ დროს ზესტაფონელთა კართან არ შექმნილა, მაგრამ ეს სიტუაციები მაინც გარკვეულწილად საგანგაშო გახლდათ. მე-19 წუთზე სახიფათპო მომენტი ისევ სლოვაკთა კართან შეიქმნა, როდესაც დოლიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმა გაგზავნა მეტოქის კარისაკენ, მაგრამ ქართველი ნახევარმცველის დარტყმული სტუმართა კიპერმა რუსოვმა ეფექტურ ნახტომში კუთხურზე გადააგდო. მიუხედავად ამ ხიფათისა, ალბათ მოცემულ მომენტში უპრიანი იქნებოდა დოლიძეს პასი საჯარიმოში შეჭრილი დვალისათვის შეეყოლებინა.
ამ მომენტის შემდეგ თამაში ერთგვარად ერთფეროვანი გახდა. რამდენიმეჯერ სლოვაკებმა სწრაფი იერიშები განახორციელეს, რომლებიც კარში დარტყმით დასრულდა, თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ ზესტაფონელთა კარის დარაჯი ბოიან პავლოვიჩი რომელიმე მომენტის დროს სლოვაკებმა სერიოზულად შეაწუხეს. თავის მხრივ პირველი ტაიმის ეპილოგშ მაინცდამაინც თავი არც მასპინძლებს გამოუდევთ და შეხვედრის საწყისი 45 წუთი უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა.
თამაშის მეორე ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ფეროელებმა პრესინგი მოუწყვეს მეტოქეს. 47-ე წუთზე “დავით აბაშიძეზე” ელექტროენერგიის ვარდნა მოხდა და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ყაზახმა არბიტრმა მატჩის მიმდინარეობა შეწყვიტა. მატჩის განახლებისთანავე სახიფათო მომენტი უკვე სტუმრებმა შექმნეს. შეტევის მარცხენა ფლანგზე ოსტატურად ითამაშა ჩონკამ, რომელიც ორ ქართველ მეურვეს გაექცა და ბურთი კარგ დასარტყმელ მდგომარეობაში მყოფ საბოს გადააწოდა. ფეროელთა იღბლად სლოვაკის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ცოტა ხანში მოედნის ცენტრში შეცდა გიორგი გურული და სლოვაკებმა პავლოვიჩთან პირისპირ ვლასკო გაიყვაეს, რომელსაც საბოს მსგავსად დარტყმა არ გამოუვიდა და სახიფათო სიტუაციაც იოლად განიმუხტა.
თავის მხრივ ამუშავდა ზესტაფონელთა შეტევის მარჯვენა ფლანგი. ზედიზედ ორჯერ სახიფათო გარღვევა ჩაწოდებით დაასრულა დოლიძემ, თუმცა სამწუხაროდ ზესტაფონელთა ფორვარდთაგან ვერცერთმა ვერ შეძლო ამ მომენტზე გამოხმაურება, არადა ორივე შემთხვევაში შეიძლებოდა ტრნაველთა კართან ხიფათის შექმნა. 66-ე წუთზე ისევ მარჯვენა ფლანგიდან დაემუქრნენ ზესტაფონელები მეტოქის კარს. გუნდის კაპიტნის თემურ ღონღაძის ჩაწოდებულზე დვალი თამაშობდა მაღალ ნახტომში თავით, მაგრამ ბურთმა მცირე მანძილით გადაუარა ხარიხას. ცოტა ხანში ზესტაფონელთა კუთხურისას თავგანწირვით ითამაშა გურულმა, რომელმაც თავით დაასწრო მეურვეებს და სლოვაკთა მეკარის ბაქნის გასწვრივ ჩააგდო ბურთი, მაგრამ გურულიც მცდელობას ვერცერთი მისი თანაგუნდელი ვერ გამოეხმაურა.
მეორე ტაიმის შუა ნაწილში ორივე გუნდის მწვრთნელმა შეცვლებს მიმართა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ცვლილებებმა რომელიმე გუნდში რაიმე ტაქტიკური ცვლილება მოახდინა. რაც დრო გადიოდა ორივე გუნდს მეტი სიფრთხილე ეტყობოდა. ბუნებრივია, არცერთს არ სურდა გოლის გაშვება, რათა განმეორებითი მატჩის წინ არასასურველ მდგომარეობაში არ მოხვედრილიყო. 85-ე წუთზე ზესტაფონელებს შეეძლოთ კარგი შეტევა განეხორციელებინათ, როდესაც შარიქაძის დიდებული გადაცემის შემდეგ დოლიძე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ იმერთა ნახევარმცველმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჩაწოდების ნაცვლად კარში დარტყმა გადაწყვიტა. ეს კი მეტისმეტად არაზუსტად გამოუვიდა.
თამაშის ეპილოგი შედარებით დუნედ ჩატარდა. სლოვაკები აშკარად ნულოვანი ფრეს შენარჩუნებას ცდილობდნენ. ბუნებრივია, მასპინძლებს სურდათ გოლის გატანა და სლოვაკეთში მინიმალური უპირატესობით გამგზავრება, მაგრამ ისინი შეტევაში გასაგები მიზეზების გამო უკანმოუხედავად ვერ მიდიოდნენ. შესაბამისად, სახიფათო მომენტების მხრივ შეხვედრის ეს ნაწილი მწირი გამდგა და ყაზახი არბიტრის საფინალო სასტვენმა ნულოვანი ფრე დააფიქსირა. რა თქმა უნდა ჯობდა მატჩი “ზესტაფონის” გამარჯვებით დასრულებულიყო, თუმცა არც ეს შედეგი გახლავთ უიმედო. პირიქით. ნულოვანი ფრე ფეროელებს საშუალებას აძლევს სლოვაკეთში თავისუფლად ითამაშონ. მათ ხომ ნებისმიერი შედეგი გარდა წაგებისა ხელს აძლევთ. ერთადერთი იქაც ნულოვანი ფრეს შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დამატებითი დრო გახდება საჭირო.
იურაი იარაბეკი (“სპარტაკი”): “ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. მეტოქე ტექნიკური გუნდი იყო, რომელსაც აგრესია არ აკლდა. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს ორჯერ ჰქონდა გატანის შანსი, მადლობა ღმერთს გადავრჩით. თავის მხრივ ჩვენც გავუშვით შანსები მეორე ტაიმში. ვფიქრობ 0:0 ნორმალური ანგარიშია გასვლაზე. საპასუხო მატჩის წინ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონი”): “ბიჭებს მონდომება და გარჯა არ უნდა დავუკარგოთ. რა თქმა უნდა ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. მომავალში აუცილებლად მოვუმატებთ. სამწუხაროდ, დროის ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ ამ მომენტისათვის არ მუშაობს. შექმნილი მომენტები, ბურთის დაჭერა მეორე ტაიმში განმეორებითი პაექრობის წინ იმედიან განწყობას გვიტოვებს. ერთი კვირის შემდეგ უკეთესი ხარისხის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ”.
ზესტაფონი – სპარტაკი (ტრნავა) – 0:0 (0:0)
17 ივლისი. ზესტაფონი. ევროპის ლიგა. “დავით აბაშიძე”. 4000 მაყურებელი.
ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, შარიქაძე, გიორგი გურული, კუხიანიძე (ჭანტურიშვილი, 81), დოლიძე, გეწაძე, გელაშვილი (ტატანაშვილი, 61), დვალი (ფანცულაია, 75).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სპარტაკი: რუსოვი, ბორტელი, იანეჩკა, ტოტი, ჩონკა, კუზმა, საბო, მიკოვიჩი, შრანცი (კასადო, 70), ვლასკო (სპალეკი, 75), ჰოვანეცი (სივა, 84).
მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: საბო (39), შარიქაძე (54), კუზმა (74), კასადო (74),
არბიტრი: ალექსანდრ ალიევი (ყაზახეთი)
ასისტენტები: სერიკ ჟაპასბაევი, სანჟარ ისკაკოვი (ყაზახეთი)
სათადარიგო: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)