სტატიები

17:38 | 10.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნუ აგინებთ მსაჯებს ვიპ-ლოჟიდან

საიდან, სად და როგორ არ უგინებიათ ქართველი მსაჯებისთვის, მაგრამ ის, რაც 6 აპრილს, ზესტაფონში მიმდინარე მატჩის განმსჯელებს ე.წ. ვიპ-ლოჟიდან ესმოდათ, ალბათ თვით “მხედრიონის” დროს არ ყოფილა. მოგვიტევონ წარსულში ამ ფორმირებაში მყოფებმა, მაგრამ ყველამ ვიცით, თუ მათ ქართულ ფეხბურთში სასურველი შედეგის მიღწევა სურდათ, არც სათამაშო მინდვრის ჯავშან-ტექნიკით “ოკუპაციას” ერიდებოდნენ და არც დასაშინებლად ავტომატის აკაკანებას.

 

ქართულ სინამდვილეში მსაჯებზე (ჯერ მხოლოდ მათზე) სულ ახალი ტიპის ზეწოლის ფაქტები ჩნდება. მათ ისე შეხმატკბილებულად, სიმღერ-სიმღერით უგინებენ დედას და სხვა ახლო ნათესავებს, რომ არანაირი კომპლექტაციის (რკინის და ა.შ.) ნერვები არ გაუძლებს კაცს და ის იმ საქმეს, რისთვისაცაა მინდორზე გასული, კეთილსინდისიერად ვეღარ გააკეთებს.

 

არადა, ამ მაგინებლებში ისეთი პროფესიის ხალხი მომრავლდა, ვისაც სამსახურეობრივად ევალება სტადიონზე და მის გარეთ წესრიგის დაცვა. ისინი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ადამიანები, სამართალდამცველები არიან.
ქართულ ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებს, ერთ-ერთი მთავარი საწუხარი ის გვაქვს, რომ ჩვენს გუნდებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე უწევთ ბურთაობა. მოვლენათა სასურველი განვითარების წყალობით, ქვეყნის ძალოვანებმა კალათბურთის შემდეგ ფეხბურთისკენაც მოიხედეს და “პირველი მერცხალი”, რომელმაც ცენტრალური ბიუჯეტიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო, გორის “დილაა”.

 

გორში ფეხბურთი მანამდეც ძალიან უყვარდათ. იქაური ქომაგი საყვარელი გუნდის ერთგულებით ყოველთვის გამოირჩეოდა და გაჭირვების ჟამს მუდამ მისი დაუღალავი მხარდამჭერი იყო.

 

ახლა სიტუაცია ცოტათი შეიცვალა და ერთგულ ქომაგს, რომელმაც პირველიდან უმაღლესში “დილას” აღმასვლის ყველა სტადია გაიარა, დაქირავებული “მუშახელიც” დაემატა. ისინი ამათუიმ მატჩის გამართვის ადგილთან სიახლოვეს მცხოვრები, შსს-ს ქვემდებარე სტრუქტურათა თანამშრომლები არიან. მანამდე, თუნდაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო მოუცლელობით, ამ კონტინგენტისთვის სტადიონზე ტაბელური იარაღი რომ შეგეგდო, ასაღებად არ შევიდოდა - ვინმეს, ჩინით უმცროსს დაავალებდა და იმას გამოატანინებდა. ახლა კი, “სამოქალაქოში” გამოწყობილი ძალოვანები, ზემდგომის მიერ დოტაციაზე აყვანილი გუნდის საქომაგოდ, ხმის ჩახლეჩამდე დედისგინებას არ ერიდება.

 

კიდევ ერთხელ დავძენთ – სტადიონის შევსებისა და ჩემპიონატისთვის მეტი ინტრიგის მიცემისთვის, მართლაც საშური საქმე კეთდება. ეს ხალხი, ახლა რომ უმიზეზოდ იგინება მსაჯის მისამართით, ადრე თუ გვიან, თამაშის წესებსაც ისწავლის, მერე ცოტათი “გამოხშირავს” ლექსიკონს და მათი ყვირილიც თანდათან ქომაგობას დაემსგავსება (ისეთს, როგორიც “დილას” ფან-კლუბისგან ბევრს აქვს სასწავლი).

 

მაგრამ... ეს “მაგრამ”-აა, ძლივს წელში გამართვისაკენ წასულ ქართულ ფეხბურთს წელში გადატეხვას რომ უპირებს. ის, რაც ზესტაფონში, ადგილობრივი გუნდისა და გორის “დილას” მატჩისას (იგი შიდაქართლელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2) ვიპ-ლოჟიდან მთავარი მსაჯის, თორნიკე გვანცელაძის მისამართით ისმოდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. “წვრილფეხობას” საქციელი როგორ უნდა დაუწუნო კაცმა, როცა ლამის გენერლის ჩინის მქონე ადამიანები არბიტრს, რომელსაც თამაშისას ფეხბურთელთა ბედი აბარია, ჯარისკაცებსაც კი პირიდან რომ არ ამოუვა, ისეთი სიტყვებით აგინებენ.

 

ვერ დავამტკიცებთ, რომ ვიპ-ლოჟაში მსხდომთა “შეფუცხუნებამ” მსაჯზე ისე იმოქმედა, ამან მატჩის საბოლოო შედეგი განაპირობაო. თუმცა, ჩვენ ერთმა გარემოებამ შეგვაშფოთა. როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებაში დავინტერესდით, თორნიკე გვანცელაძემ ოქმში თუ მოიხსენია უშუალოდ მისი მისამართით ვიპ-ლოჟიდან თითქმის შეუჩერებელი გინება, პასუხად უარი მივიღეთ.

 

სამაგიეროდ, გავიგეთ სიახლე, რომელიც ვერც მატჩზე მყოფმა “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტმა დააფიქსირა და ვერც სხვა მედიასაშუალებამ. არბიტრმა მატჩის შემდეგ გინებისთვის, ოქმში წითელი ბარათი “ზესტაფონის” ნახევარმცველ დავით რაჟამაშვილს დაუფიქსირა. რეაქციის ადეკვატურობაზე სხვამ იმსჯელოს, ჩვენ კი ვარაუდს გამოვთქვამთ: რაც ვიპ-ლოჟაში მსხდარი მაღალჩინოსნებისგან ითმინა, კაცმა ის ჯავრი ფეხბურთელზე იყარა. აბა, რა ექნა – მსაჯიც ხომ ადამიანია?!
 

ფრიდონ კერვალიშვილი
fcdila.ge-ს ფოტო
 

0.125774