27 წლის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მერვედ გავიდა აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში და ამ ტურნირზე 50 მოგება იზეიმა. “ნოლემ” დღეს დილით შოტლანდიელ ენდი მარეის 7:6, 6:7, 6:2, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება. ნიუ იორკში ჩატარებულ ჯოკოვიჩის ნახევარფინალებს რაც შეეხება, სერბი 6-ჯერ გავიდა აშშ-ის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ჯერჯერობით ამ შეჯიბრების გამარჯვებული ერთადერთხელ, 2011-ში გახდა.
ჯოკოვიჩისა და მარეის მეოთხედფინალს რაც შეეხება, მატჩი 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 7 ბრეიკი, 8 ეისი შეასრულა, ენდისთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 13:8 გახადა.
ამასობაში, მეოთხედფინალში სტენ ვავრინკას ძლევისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კეი ნიშიკორი რეიტინგში მოწინავე ათეულს დაუბრუნდება და კლასიფიკაციაში მარეის გადაასწრებს.