ჩოგბურთი

11:39 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკი და სერენა საუკეთესოები არიან

 ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში 2013 წელს უძლიერესებად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსი აღიარეს.

ჯოკოვიჩი წლის საუკეთესო ჩოგბურთელად მესამედ დასახელდა. წლეულს მან მესამედ მოიგო ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე ფინალამდე გააღწია. სეზონის განმავლობაში ნოვაკის ანგარიშზე 7 ტიტულია, მათ შორის ლონდონში ჩატარებული სეზონის შემაჯამებელი ტურნირის მოგება. “ნოლემ” სერბეთის ღირსება დევისის თასზე დაიცვა, თანანაკრებელებთან ერთად ფინალში გავიდა და ერთეულთა შვიდივე მატჩი მოიგო.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ზედიზედ მესამე აღიარება. 2014 წელს ჩემი უმთავრესი მიზანი ლამაზი ჩოგბურთის ჩვენება და სადიდსლემო ტურნირების სტარტის წინ ოპტიმალურ ფორმაში შესვლაა”, - განაცხადა ნოვაკმა.

სერენა უილიამსს რაც შეეხება, მან რეიტინგსიის ლიდერობა დაიბრუნა და 2009 წლიდან მოყოლებული პირველად სეზონი კლასიფიკაციის მოწინავე პოზიციაზე მყოფმა დაასრულა. 32 წლის სერენამ 2013-ში 82 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 4 მატჩი წააგო. უილიამს-უმცროსმა სეზონის მსვლელობისას 11 ტიტული დაისაკუთრა. მან “როლან გაროსზე”, აშშ-ის ღია პირველობასა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე იმარჯვა.

წყვილთა შორის ITF-მა ამერიკელი ბობ და მაიკ ბრაიანები და იტალიელები სარა ერანი და რობერტა ვინჩი გამოარჩია. იუნიორებს რაც შეეხება, 2013 წელს საუკეთესოებად გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12153