ჩოგბურთი

20:09 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დელ პოტრო დაამარცხა

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ სვლას დუბაის საჩოგბურთო ტურნირის ტიტულისაკენ. დღეს მან ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში 6:3, 7:6 და ფინალის საგზური მოიპოვა.
პირველი სეტის სტარტზე ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ ჩაწოდებას და მეტოქეს არანაირ შანს არ უტოვებდა. მეექვსე გეიმში სერბი ჩოგბურთელი გააქტიურდა, რამოდენიმე რთული ბურთი აიღო და პირველი ბრეიკიც შეასრულა, რაც შემდეგაც ადვილად მიიყვანა სეტი საკუთარ, ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:3.
შეხვედრის ბედის ასეთი განვითარება არანაირად არ აწყობდა დელ პოტროს, რომელმაც მეორე სეტის მეორე გეიმშივე შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, შემდეგ წარმატებითაც ჩააწოდა  და დაწინაურდა 3:0. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი გახდათ და დამსწრე პუბლიკა გადამწყვეტი პარტიისათვის გაემზადა, მაგრამ საიდუმლო არ გახლავთ, ის ფაქტი რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ყველაზე კარგად ეხერხება მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა და სეტის გადარჩენა. "ნოლემ" ზედიზედ ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და წინ გაიჭრა 5:3. დელ პოტრომ სცადა მცირე შოკიდან გამოსვლა, საკუთარი ჩაწოდების შენარჩუნებას 10 წუთი მოანდომა, ერთი მატჩბოლიც მოიგერია და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა 4:5. მეათე გეიმში ნოვაკი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ნერვიულობა დაეტყო, რის შედეგადაც ხუან მარტინმა ანგარიში გაათანაბრა კიდეც 5:5. ლოგიკური გახლდათ, რომ ასეთი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი სათამაშო კლასი, მეცამეტე გეიმში ერთი მინი ბრეიკი შეასრულა და ეს უპირატესობა იკმარა თამაშის მოსაგებადაც, საბოლოოდ საათსა და 47 წუთში ჯოკოვიჩმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა.
დღევანდელი წარმატების შედეგად სერბმა შარშან დუბაის ტურნირზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და ფინალს უწია, რისთვისაც დაიცვა 300 სარეიტინგო ქულა, ჩემპიონობის შემთხვევაში კი 200 ქულაც დაემატება.

0.115937