მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი Monte-Carlo Rolex Masters-ის მოქმედი ჩემპიონია. შარშანდელ ფინალში 26 წლის სერბმა რაფა ნადალს მოუგო და ამ ტურნირზე მალიორკელის ზედიზედ რვაწლიანი ჰეგემონია (2005-12) დაარღვია. წლეულს “ნოლე” მონტე კარლოს ტურნირზე მეორე წრეში ჩაებმება და დღეს ესპანელ ალბერტ მონტანიესს გაეჯიბრება.
- სადიდსლემო ტურნირებიდან მხოლოდ საფრანგეთის ღია პირველობა არ გაქვთ მოგებული. წლევანდელ სეზონში ძირითადი კონცენტრაციის გაკეთებას “როლან გაროსზე” აპირებთ?
- გასულ წელს ერთთავად საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ვფიქრობდი. წლეულსაც ამ ტურნირს უდიდეს ყურადღებას ვუთმობ. ძალინ მინდა “როლან გაროსის” კორტებზე გამარჯვების მოპოვება, მაგრამ სადღეისოდ მთლიანად მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ზე ვარ კონცენტრირებული. შემდეგ აქცენტს მადრიდისა და რომის შეჯიბრებებზე გავაკეთებ. თუკი ამ 3 ტურნირზე კარგად გამოვალ, საფრანგეთის ღია პირველობასაც სათანადო განწყობითა და მზადყოფნაში შევხვდები.
- ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ გრუნტის სეზონის შესაბამისად შესახვედრად?
- ინდიან უელსსა და მაიამიში წარმატებით გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიური მდგრადობა კიდევ უფრო მომემატა. როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის დამარცხება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იმედია, გრუნტის სეზონის მსვლელობის დროსაც ყველაფერი კარგად იქნება.
- ამჟამად 2 მწვრთნელი გყავთ ლეგენდარული გერმანელი მოთამაშე ბორის ბეკერი და სლოვაკი მარიან ვაიდა...
- მარიანი ჩემთვის მხოლოდ მწვრთნელი არაა. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ვაიდა არა მარტო ჩემთვის გახდა ახლობელი ადამიანი, ოჯახის წევრების მეგობარიცაა. მარიანთან ერთად იმდენი ვნახე კარგიცა და ცუდიც, ერთმანეთს იოლად ვუგებთ. ბეკერს რაც შეეხება, ბორისთან ასე გაშინაურებული არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ურთიერთგაგებას მივაღწევთ. თუმცა, ამ ეტაპზეც ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ.