პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელები ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის გათამაშებაში ჩაებმებიან. მათ შორის სადღეისოდ რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩიც იქნება. ბალკანელს აშშ-ის კალიფორნიის შტატის შეჯიბრება 2008 და 2011 წლებში აქვს მოგებული (2007-ში ფინალში ითამაშა) და წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება.
- მალე ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მორიგ გათამაშებაში ჩაებმებით. თქვენი აზრით, რომელი ჩოგბურთელები უნდა მივიჩნიოთ “ზამთრის უიმბლდონად” წოდებული შეჯიბრების ფავორიტად?
- რაც სტანისლას ვავრინკამ ავსტრალიის ღია პირველობაზე მოახდინა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ტოპოთხეულს მიღმა მყოფ მოთამაშეებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ტურნირის მოგება. ეს მთლიანობაში ჩოგბურთისთვის მეტად კარგია. როჯერ ფედერერმა დუბაიში ბრწყინვალედ ითამაშა. შვეიცარიელი ჩოგბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ისე ითამაშა, თითქოს გაცილებით ახალგაზრდა ყოფილიყო. ინდიან უელსის ფავორიტთა შორის, რა თქმა უნდა, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადალიც იქნება. სიურპრიზებს უნდა ველოდეთ გრიგორ დიმიტროვის, მილოშ რაონიჩისა და ეჟი იანოვიჩისგან. მამაკაცთა ჩოგბურთში მეტად საინტერესო პერიოდი დადგა. სეზონი ახლახან დაიწყო და ძნელი სავარაუდოა, მის მიწურულს ვინ იქნება კლასიფიკაციის ლიდერი. გულშემატკივარს წინ უამრავი საინტერესო ორთაბრძოლა ელის.
- ინდიან უელსის ტურნირის შემდეგ მცირე ინტერვალით მაიამის შეჯიბრება დაიწყება. მიჯრით ორ ამგვარ პრესტიჟულ ასპარეზობაში გამოსვლელად ფიზიკურად მზად ხართ?
- ზედიზედ ორ “მასტერზ1000”-ზე პაექრობა ორგანიზმისთვის მომქანცველია, თუმცა, ვფიქრობ, 4-5 დღის ინტერვალის განმავლობაში ძალის მოკრებას მოვახერხებ. ვიმედოვნებ, ორივე ტურნირისთვის სათანადოდ მომზადებული ვიქნები. ამასთან, დიდი სლემის შეჯიბრებებისგან განსხვავებით ინდიან უელსსა და მაიამიში მატჩში გამარჯვებისთვის 2 სეტის მოგებაა საკმარისი.
- ბორის ბეკერთან მუშაობისას აქცენტს რომელი საჩოგბურთო ელემენტების დახვეწაზე აკეთებთ?
- ამ კითხვას მუდმივად მისვამენ. ჩემი აზრით, ქომაგები ელიან, რომ ბეკერთან თანამშრომლობის შემდეგ მარცხენა ხელით დავიწყებ თამაშს. ასე არაა. ჩემ გამოსვლაში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არაა. არასდროს გავხდები serve-and-volley-ის მოთამაშედ. უწინაც არაერთხელ მითქვამს – მე და ბეკერს ერთმანეთის უკეთ გასაცნობად გარკვეული დრო კიდევ გვჭირდება და თანამშრომლობისგან სასარგებლო, ნაყოფიერი პერიოდიც მხოლოდ ამის შემდეგ დადგება.