უკრაინელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ WBC-ს (მსოფლიოს კრივის კავშირის) საჩემპიონო ქამარი მეექვსედ შეინარჩუნა. წუხელ, გერმანიის ქალაქ კიოლნში, 19 ათასი მაყურებლის თვალწინ, კლიჩკომ მეტოქეს საქმე სამ წუთში მოუმთავრა - პირველი რაუნდის ბოლოს, უკრაინელის შეტევის შემდეგ, კუბელმა უკან დაიხია და ცოტა უცნაურად წაიქცა. როგორც გამოჩნდა, სოლისმა უხერხული მოძრაობის გამო მუხლი დაიზიანა. წვალებით კი წამოდგა, მაგრამ რეფერის ათვლას ბოლომდე ვერ გაუძლო და შეხვედრა შეწყვიტა.
ოდლაინერ სოლისმა პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი იწვნია. აქამდე ჩატარებული 18 შეხვედრიდან, თვრამეტივე მოგებული ჰქონდა.
ცნობისთვის, კუბელი მძიმეწონოსანი, პროფესიონალებში გადასვლამდე, სამოყვარულო კრივს მისდევდა და 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.







