სტატიები

13:45 | 30.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცი და უინსტონ ჩერჩილი

შეიძლება, მკითხველი გააოცოს სტატიის ამ სათურმა. იკითხოს, რა შუაშია თბილისის „დინამოს“ სახელგანთქმული მწვრთნელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეო?
ჩერჩილი ყოველთვის მახსენდება, როცა საუბარია ნოდარ ახალკაცზე, მითუმეტეს ახლა: 2 იანვარს, ნოდარ ახალკაცს 75 წელი შეუსრულდებოდა, ხოლო 25 იანვარს 15 წელი გახდება მისი მოულოდნელი გარდაცვალებიდან.
დოსიე: ნოდარ ახალკაცი თამაშობდა თბილისის სკა-ში (1957-59 წწ) და „ლოკომოტივში“ (1960-66 წწ),
1967-70 წწ. იყო „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი;
1971-74 წწ მუშაობდა საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის განყოფილების უფროსად;
1974-75 წწ - თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი.
1976-1983 წწ, 1985-1986 წწ. - თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
1982 წ. კონსტანტინე ბესკოვსა და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად იყო სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე.
ბატონ ნოდარის ხელმძღვანელობით, თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი (1981 წ.), გახდა სსრკ-ს ჩემპიონი (1978 წ.) და ორჯერ თასის მფლობელი (1976 წ, 1979 წ. ), სსრკ-ს ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი (1977 წ.) და ბრინჯაოს მედალოსანი (1976 წ გაზაფხული - შემოდგომა, 1981 წ.).
ნოდარ ახალკაცი 1990 წ. თებერვლიდან 1998 წ. 25 იანვრამდე (გარდაცვალებამდე) იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 2001 წელს ის აღიარეს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად, 2008 წ. ფიფამ და უეფამ დააჯილდოვეს ორდენით „ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“...

ბატონი ნოდარი უაღრესად ნიჭიერი, წარმატებული და ამავედროულად, რთული პიროვნება იყო. მის სახელს უკავშირდება ქართული ფეხბურთის ყველაზე საუკეთესო, „ოქროს ხანა“ - 1976-1982 წლები. დიახ, 1976-1982 წლების და არა 1976-1981 წწ. როგორც ეს მიღებულია, რადგან ბევრს, რატომღაც ავიწყდება, რომ 1982 წლის გაზაფხულზე დინამოელები უკვე მეორედ  გავიდნენ ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, სადაც დამარცხდნენ ბელგიის „სტანდარტთან“. ყველა ელოდა, რომ ქართული გუნდი კვლავ გავიდოდა ფინალში. მიუხედავად წაგებისა, ევროპის ერთ-ერთი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა კარგ შედეგად ითვლება, თუმცა ზემოაღნიშნული თასის 1981 წელს მოპოვების შემდეგ, ნახევარფინალში წაგება წარუმეტებლობად ჩაითვალა.
ჩემს ბრიტანელ კოლეგებს ჩერჩილი ახალკაცთან მიმართებაში იმიტომ ახსენდებათ, რომ ბატონი ნოდარი არა მარტო დიდი მწვრთნელი და რთული პიროვნება, თანაც, ენციკლოპედიურად განათლებული კაცი იყო, არამედ იმიტომ, რომ ბატონი ნოდარის მოღვაწეობა - წარმატებები და ჩავარდნები, გარკვეულწილად, ჰგავდა უინსტონ ჩერჩილის კარიერას.
პირველად ამაზე ყურადღება გავამახვილე 1996 წლის ნოემბერში, როცა თბილისი ემზადებოდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის საქართველოსა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის.
ეს შეხვედრა 1996 წლის 9 ნოემბერს გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მატჩამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ბრიუს კლარკი (ის, სხვადასხვა პერიოდებში მუშაობდა ლონდონის ცნობილ გამოცემებში, „ტაიმსი“ და „ფაინეშნლ ტაიმს“, ბოლო წლებში კი ჟურნალ „ეკონომისტის“ მიმომხილველია). ის 1991-1992 წლებში რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში - თბილისსა და სოხუმში, სადაც ჩემი ოჯახის პირადი სტუმარიც იყო. მან თავის დროზე, წამყვან ბრიტანულ გამოცემებში ბევრი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს  შესახებ. მასთან ერთად, 1992 წლის იანვარ-თებერვალში, უცხოური მედიისთვის ვაშუქებდი დაძაბულ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებსაც აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ხდებოდა...
1996 წლის ნოემბერში, ბრიუს კლარკი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, რათა ინგლისის ნაკრებთან მატჩის წინ, "ფაინეშნლ ტაიმსისთვის" მიეწოდებინა მასალები თბილისში არსებულ განწყობაზე და შეხვედროდა ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.
კლარკმა მითხრა, რომ ინტერვიუს მომზადება უნდა ნოდარ ახალკაცთან. ეს გასაგები იყო, რადგან ინგლისში ახსოვდათ მის მიერ გაწვრთნილი თბილისის „დინამოს“ შესანიშნავი თამაშები „ლივერპულთან“ (1979 წელს, დინამოელებმა ორი მატჩის შედეგად - 1:2, 3:0 - გამოაგდეს ლეგენდარული „ლივერპული“ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან) და „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ (1981 წ. მარტში, დინამოელებმა ლონდონში დაამარცხეს ეს გუნდი 4:1, თბილისში წააგეს 0:1 და გავიდნენ ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში). კლარკს ვუთხარი, რომ შევარდნაძესთან შეხვედრა უფრო იოლია, ვიდრე ინტერვიუ ახალკაცთან. მას გაუკვირდა და გაეცინა... ასეც მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის იმდროინდელი პრეს-მდივნის, ბატონ ვახტანგ აბაშიძის დახმარებით, მეტ-ნაკლებად სწრაფად მოხერხდა კლარკის შეხვედრა შევარდნაძესთან, ნოდარ ახალკაცთან კი ეს პროცესი გაჭიანურდა: მან შემოგვითვალა, რომ ძალიან დაკავებული იყო.
გვიან საღამოს, ცოტა გაბრაზებულმა დავურეკე ბატონ ნოდარს ბინის ნომერზე და მოკითხვა-მობოდიშების შემდეგ ვუთხარი, რომ ბრიტანელ ჟურნალისტს ბრიუს კლარკს სჭირდებოდა ერთი საბუთი: „...ცნობა, რომ თქვენ, ბატონო ნოდარ, მოუცლელობის გამო უარს ეუბნებით მას ინტერვიუზე“.
ავუხსენი, რომ კლარკი საქართველოს დიდი მეგობარია და თავის გაზეთის რედაქტორებთან მას პრობლემა შეექმნება, თუ არც ინტერვიუ ექნება და არც ეს ხელწერილი. "ინტერვიუსთვის თუ არ გცალიათ, დაუწერეთ, რომ უარს ეუბნებით" -მეთქი. პაუზის შემდეგ მითხრა: "თენგიზ, ხუმრობ, თუ რა ხდება?“ ვუპასუხე: "როგორ გეკადრებათ, დიდ პატივს გცემთ“. მან შემომიბრუნა: „ეხ, ტი, “ჩერნომორსკი პარენ“ , ჯერ ერთი, ეს საბუთი შენს კლარკს არაფერში დაეხმარება, მეორე, მე არ მითქვამს უარი ინტერვიუზე, უბრალოდ, არ მცალია. რადგანაც ასეა, კარგი, მოდით ხვალ ფედერაციაში (იმ დროს იამანიძის ქუჩაზე იყო) და ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი შენს სტუმარს".
მეორე დღეს ფედერაციაში მისულს მკითხა: "ინტერვიუზე დათანხმების ეს ხერხი, ვინ გასწავლა?" ვუპასუხე: "ბატონო ნოდარ, ბაბუაჩემი სარდიონ ქაჯაია 1942 წელს რამდენიმე კვირა ლავრენტი ბერიას დაცვის წევრი იყო და ბევრი ხერხი მასწავლა ცხოვრებაში". ახალკაცმა მკითხა: "შემთხვევით, ბაბუაშენი ჩერჩილის დაცვაშიც ხომ არ იყოო?" ჩერჩილის ხსენებაზე ჩვენთან მყოფი ბრიუსიც გააქტიურდა. ბატონმა ნოდარმა და ბრიუსმა დაიწყეს საუბარი (ბრუსი კარგად ფლობს რუსულს), მე კი ოთახიდან გავედი და გარეთ ველოდებოდი, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ექსკლუზივი და არ იყო საჭირო ჩემი დასწრება.
საათნახევრის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა კლარკი. ვკითხე: "ამდენი ხანი რაზე საუბრობდით?" კლარკმა მითხრა: "დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ ჩერჩილზე, ბრიტანეთისა და მსოფლიო ისტორიაში მის ღვაწლზე და როგორ უყვარდა მას ფეხბურთი, ხოლო ბოლო ნახევარი საათი - საქართველო-ინგლისის მატჩზე". ბრიუსმა თქვა, რომ “სერ  ახალკაცი კარგად ერკვევა არა მარტო ფეხბურთში, არამედ პოლიტიკასა და ისტორიაში".
ეს ჩემთვის სიახლე არ იყო. ლეგენდარული კომენტატორი ნიკოლოზ ოზეროვი, 1988 წელს სოხუმსა და ქუთაისში ყოფნისას მიყვებოდა, რომ ევროპულ ტურნეებში ყოფნისას, ბატონი ნოდარი თვითონ, და ხანდახან ფეხბურთელებთან ერთად, ხშირად დადიოდა მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებში. ამით, ოზეროვი მიუთითებდა, რომ ნოდარ ახალკაცი იყო არა მარტო ფეხბურთის დიდი მცოდნე და ძლიერი მწვრთნელი, არამედ, ძალიან განათლებული და მოაზროვნე პიროვნება.
ბატონი ნოდარის ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ უფრო მეტი, მისმა ქალიშვილმა მედეა ახალკაცმა მომითხრო - ის ამჟამად 43 წლისაა. 1990-იან წლებში მედეა ჟურნალისტად მუშაობდა, იყო ტელემაუწყებლობა ორტ-ს კორესპონდენტი საქართველოში. 2001 წლიდან ისრაელში ცხოვრობს. 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დაბრუნდა თბილისში და რამდენიმე თვე პრეზიდენტის პრეს-სამსახურში მუშაობდა, მერე კი ისრაელში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც მეუღლესთან და 4 ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს.
ერთ-ერთი მისი ვაჟი, 13 წლის დანიელ ეითამი ფეხბურთელია, თამაშობს თელ-ავივის „მაკაბიში“ და საკმაოდ წარმატებითაც გამოდის ისრაელის ბავშვთა ლიგაში.
მედეა ვრცლად მესაუბრა ბატონ ნოდარზე: „ბებიას და ბაბუას 4 შვილი ჰყავდათ: 3 ვაჟი - გურამი, ნოდარი და თამაზი, და ერთი ქალიშვილი - მაყვალა. თამაზი და მაყვალა თბილისში ცხოვრობენ, გურამ ბიძია კი, 1997 წელს რუსეთში გარდაიცვალა, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
მამაჩემი 12 წლის იყო, როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ბებიაჩემმა 4 შვილი მარტომ გაზარდა, გაჭირვებაში. მამაჩემი, სკოლის დასრულების შემდეგ, უგამოცდოდ, როგორც მედალოსანი ჩაირიცხა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, რომელიც ორი წლის შემდეგ სპი-ს (საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს) შეუერთდა. ინსტიტუტი დაამთავრა სპეციალობით - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ინჟინერი, მაგრამ მას ფეხბურთი იმდენად ხიბლავდა, რომ მიუხედავად ლექტორების და პირადად აკადემიკოს კირიაკ ზავრიევის დაჟინებული თხოვნისა დარჩენილიყო ინსტიტუტში სამუშაოდ, მან ფეხბურთი არჩია და სწორედ სპორტის ამ სახეობას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.
მამას ძალიან უყვარდა პოეზია - ქართული, რუსული, იაპონური. რაც თავი მახსოვს, სულ კითხულობდა ფილოსოფიურ ნაშრომებს, განსაკუთრებით უყვარდა მონტენი, მისი საყვარელი წიგნი სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ იყო. მამა კარგად ერკვეოდა კლასიკურ მუსიკაში.
- მედეა, საინტერესოა, თქვენ როგორ გახსენდებათ 1981 წელი, როცა „დინამომ“ დიუსელდორფში "კარლ ცაისი" დაამარცხა და ევროპის თასების თასი მოიპოვა?
- ძალიან კარგად მახსოვს ის უდიდესი დადებითი ემოცია, რომლითაც მთელი საქართველო იყო დამუხტული. თბილისში ჩვენ სახლთან შეიკრიბნენ მეგობრები, მეზობლები, უცნობი ადამიანები, მთელი ქალაქი - საქართველო ზეიმობდა. მაშინ 13 წლის ვიყავი. როგორც მერე მამამ მომიყვა, დიუსელდორფში თამაშის დღეს მას მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ არ იმჩნევდა, რომ ფეხბურთელებს არ ენერვიულათ. დიდი გამარჯვების შემდეგ თბილისში რომ მოფრინავდნენ, მოსკოვში უნდა გამოევლო. იქ კი, სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციის წერილი გადასცეს. მამა ისე ცუდად ყოფილა, წერილი არც კი გაუხსნია. უკვე თბილისში, ორი დღის შემდეგ გახსნა და აღმოჩნდა, რომ მას უცხადებდნენ საყვედურს იმისთვის, რომ „დინამო“ გერმანიაში "ადიდასის" ფორმებით გამოდიოდა. ამაზე მამა ბევრს იცინოდა ხოლმე...
1983 წლის სეზონის შემდეგ და 1986 წლის შუა სეზონში „დინამოდან“ წასვლა მამაჩემისთვის ძალიან მტკივნეული იყო.
- მე როგორც ვიცი, მას უკრაინისა და რუსეთის გუნდები ეპატიჟებოდნენ. მოსკოველი კოლეგებისგან ვიცი, რომ სსრკ-ს საფეხბურთო ფედერაცია, 1987-88 წლებში, მას აგრეთვე, საბჭოთა საზღვრებს მიღმა, უცხოეთში მწვრთნელად სამუშაოდ წასვლასაც სთავაზობდა. რატომ არ წავიდა?
- ამდენი დეტალი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 80-იანი წლების ბოლოს, მას სთავაზობდნენ მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს, ბინას და მანქანას მოსკოვში და კეთილდღეობის ყველა პირობას. მამას აგრეთვე იწვევდნენ სამუშაოდ მწვრთნელად საბერძნეთსა და ყაზახეთში.
მეგობრები თბილისში ეუბნებოდნენ: „ნოდარ, წადი, იმუშავე ცსკა-ში, კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ მაგარი წვრთნელი ხარ“. მამაჩემი კატეგორიულ უარზე იყო და ამბობდა: “მე უკვე დავამტკიცე თბილისის „დინამოში“ ის, რაც მინდოდა ფეხბურთში”. მას ისე უყვარდა საქართველო, რომ ვერ წარმოედგინა სხვაგან მუშაობა.
მამაჩემის გარდაცვალება ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ის მოსკოვში წავიდა, აეროპორტიდან ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერთან მიდიოდა შეხვედრაზე, ჩაჯდა მეგობრის მანქანაში და რამდენიმე წამში ცუდად გახდა... ადგილზე გარდაიცვალა...
სხვათა შორის, მოგვიანებით, დედაჩემი წინააღმდეგი იყო, რომ ჩემი ძმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამხდარიყო. დედაჩემს კარგად ახსოვდა, თუ როგორ შეეწირა მამაჩემის ჯანმრთელობა ფეხბურთს და ერჩივნა, ჩემი ძმა უფრო წყნარი საქმით დაკავებულიყო.
ჩემი და ანა, თავის ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, იგი ეკონომისტია პროფესიით და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, ვაშინგტონში მუშაობს. დედაჩემი ხან ჩემთანაა ისრაელში, ხან ჩემ დასთან ამერიკაში, ან ჩემ ძმასთან, ნოდართან გერმანიაში. მე კი ძალიან მიხარია, რომ ჩემი უმცროსი ვაჟი დანიელი ნიჭიერი ფეხბურთელია - უყვარს ფეხბურთი, როგორც ბაბუას და იმედია, თავისი თამაშით ბაბუას ასახელებს“.
ამ ნოტაზე დავასრულე საუბარი მედეასთან და ვუსურვე წარმატება მის ფეხბურთელ შვილს.
მკითხველს შევახსენებ, რომ ბატონი ნოდარი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში (1990 წ თებერვალი - 1998 წლის იანვარი). მას აკრიტიკებდნენ ბევრი რამის გამო - საქართველოს ნაკრები რომ ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის (1996 წ) და მუნდიალ-98-ის დასკვნით ეტაპებზე; ეროვნული ჩემპიონატის დონე რომ დაეცა და კიდევ სხვა მიზეზის გამო.
თუმცა, იყო და არის სულ სხვა მოსაზრებაც: ქომაგები და სპეციალისტები ამბობდნენ, რომ მიუხედავად სამოქალაქო ომებისა და ეკონომიური გაჭირვებისა, მან უზრუნველყო ფედერაციის ნორმალური მუშაობა და ჩემპიონატის მეტ-ნაკლებად კარგი დონის შენარჩუნება. თუმცა, მისი მოღვაწეობა ამ პოსტზე ყოველთვის იყო და იქნება კამათის საგანი. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ნოდარ ახალკაცმა, როგორც ქართულ, ისე ევროპულ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ოპონენტი ჰყავდა, მისი გვარი ოქროს ასოებითაა შესული ფეხბურთის ისტორიაში.


თენგიზ პაჭკორია

სპეციალურად Worldsport.ge-სთვის



 

0.116563