ავტოსპორტი

16:39 | 27.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნიუი პროგნოზებისგან თავს იკავებს

”რედ ბულ რეისინგის” ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მისი გუნდი მომავალ სეზონშიც დომინირებას.
მილტონ კეინსში (ინგლისი) ბაზირებულმა ავსტრიულმა გუნდმა გასულ სეზონში ორივე ტიტული მოიპოვა. ნიუის ხელმძღვანელობით შემუშავებული ავტომობილი RB6 საუკეთესო იყო კონსტრუქტორთა პირველობაზე, პირად კლასიფიკაციაში კი ჩემპიონი გერმანელი სებასტიან ფეტელი გახდა.
მიუხედავად ამისა, ნიუი ამბობს, რომ მის გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს, რადგან ფორმულა ერთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ერთი მცდარი ნაბიჯი საკმარისია იმისათვის, რომ ლიდერმა პელოტონის შუაში ამოყოს თავი. ამიტომ, ის პროგნოზებისგან თავს იკავებს.
”ამ ეტაპზე, რაიმეს წინსწარმეტყველება შეუძლებელია. ავტოსპორტში ერთი ჭეშმარიტება არსებობს - აქ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. შეიძლება სეზონებს შორის სხვებმა უკეთ იმუშაონ, უკეთეს ტექნიკურ გადაწყვეტებს მიაგნონ და მაშინ ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მუდმივად ძიების პროცესში ვართ და წინასწარ ძნელია იმის თქმა, თუ რა შედეგს გამოიღებს ჩვენი შრომა”, - ამბობს ნიუი და დასძენს, რომ მისი გუნდის მიერ წინა ორ სეზონში საუკეთესო მანქანის მომზადება, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ სეზონშიც ასე იქნება.
”პირადად ჩემთვის, არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ წინა ორ სეზონში  საუკეთესო მანქანა შევქმენით. თუმცა, ამაში ერთი კარგი რამ არის - ჩვენ მანქანის კონსტრუირების დასაწყისშივე, ამ პროცესის სწორი მიმართულებით წაყვანის გამოცდილება შევიძინეთ და ესაა მნიშვნელოვანი. თუ ამჯერადაც იმავე კურსით ვივლით, შესაძლებელია, კვლავ შევქმნათ საუკეთესო მანქანა. რა შედეგი გვექნება ჩვენ და სხვა ძლიერ გუნდებს, ამას სეზონის დასაწყისში დავინახავთ”.
ნიუი დასძენს, რომ გასული სეზონის დაწყებამდე, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად კარგი მანქანა გამოუვიდა. ამის მიზეზი კი რეგლამენტში შეტანილი არაერთი ცვლილება იყო, რომლებმაც საქმე მეტისმეტად გაართულა. სეზონის წინა ტესტების დროს კი მანქანის სრულყოფის პროგრამა გაგრძელდა და მას ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის, თუ რა სიახლეებს ამზადებდნენ კონკურენტი გუნდები.
ნიუი ამბობს, რომ სეზონის განმავლობაში, ძალიან დაღალა იმან, რომ კონკურენტები ”რედ ბულის” ბოლიდის კონსტრუქციაში არალეგალურ ელემენტებს ეძებდნენ. თუმცა, საბოლოოდ RB6-მა ყველანაირ შემოწმებას გაუძლო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ”რედ ბულ რეისინგს” ფორმულა ერთის საუკეთესო ტვინი ემსახურება...
 


მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/
 

0.145195