წინა სეზონები
არასწორად წარმართულმა სატრანსფერო პოლიტიკამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა კლუბი: პეჟა სტოიაკოვიჩისა და პოუზის მოყვანით გუნდი არათუ გაძლიერდა, არამედ მთლიანად მოიშალა ასე თუ ისე აწყობილი სათამაშო სქემაც. გადამწყვეტ მომენტში ტრავმები მიიღეს გუნდის უდავო ლიდერებმა ტაისონ ჩენდლერმა და კრის პოლმა, რამაც საბოლოოდ ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა “ნიუ ორლეანი”. მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, კლუბი კვლავ ახერხებს ფეხზე წამოდგომას, თუმცა ამჯერად უკვე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დამკვიდრებული ტენდენციის მსხვერპლი ხდება: სცადა სასტარტო ხუთეული დაეკომპლექტებინა ვარსკვლავებით, რაც არ გამოვიდა –სუპერმოთამაშეებმა, საბოლოოდ მაინც სუპერგუნდები აირჩიეს – “ლეიკერსი”, “დალასი”, “ნიუ იორკი” ....კრახი გარდაუვალი იყო, მაგრამ მშველელად “ახალ ორლეანელებს” მოევლინათ ნბას კომისარი დევიდ სტერნი და დრაფტზე პირველი ნომრის არჩევის საშუალება არგუნა (ბევრი სპეციალისტი თვლის რომ აჩუქა). მომავლის იმედი კვლავ გაცოცხლდა.
მთავარი მწვრთნელი: მონტა უილიამსი
ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სპეციალისტი ნბა-ში, რომელსაც ასეთ მძიმე სიტუაციაში მოუწია მუშაობის დაწყება, როგორც ეს მონტა უილიამსის შემთხვევაშია. გუნდი სრულიად დემორალიზებული გახლდათ, ხოლო კრის პოლი ტრავმირებული, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა სად გაეგრძელებინა კარიერა. საბოლოოდ გუნდის ლიდერმა მაინც დატოვა კლუბი და კალიფორნიისკენ აიღო გეზი, მთავარ მწვრთნელს კი ყველა პირვანდელი გეგმა და ძირითად გამთამაშებელზე აწყობილი კომბინაციები ნაგავში გადასაყრელი გაუხდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერიკ გორდონი თითქმის მთელი სეზონი ტრავმირებული გახლდათ, დარჩენილი მცირე რესურსით, მონტამ საკმაოდ მებრძოლი კოლექტივი ჩამოაყალიბა. გუნდი ცდილობდა გაენაწილებინა საკუთარი ძალა და მხოლოდ კონკრეტულ მატჩებში ებრძოლათ შედეგისთვის. საბოლოოდ შედეგი არც თუ ისე შთამბეჭდავია 21 მოგება და 45 წაგება. თუმცა, უილიამსი ახალ სეზონს დიდი იმედებით ხვდება, რადგან გამოჯანმრთელდა გორდონი, დაიმატეს 2012–13 წლის დრაფტზე პირველი ათეულის ორი პერსპექტიული მოთამაშე (ენტონი დევისი და ოსტინ რივერსი). უილიამსს ეძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობა ახალი კონტიგენტით სრულიად გამოავლინოს თავისი სამწვრთნელო შესაძლებლობები.
ახალი იმედი: ენტონი დევისი
ლარი ბრაუნმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “გუნდი, რომელიც აიყვანს ენტონი დევისს, სულ თავისუფლად შეძლებს სეზონი 50 მოგებით დაასრულოს”. თუ გადავხედავთ იმ გუნდთა რიცხვს, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ “კენტუკის” აღზრდილზე (“შარლოტი”, “ნიუ ორლეანი”, “ვაშინგტონი”) მაინც ძალიან გაუჭირდებათ რეგულარულში ამდენი მოგების დაგროვება. ენტონი დევისზე თავიდანვე გაორმაგებული იქნება ყურადღება, მან ხომ ნბა-ში თამაშამდე უკვე მოასწრო ლონდონის ოლიმპიადაზე გამარჯვების მიღწევა “დრიმ თიმთან” ერთად (როგორც ეს 1984 წელს მაიკლ ჯორდანმა შეძლო ლოს ანჯელესში). 2012-13 წლის სეზონის ნომერ პირველ ახალბედას, ძალუძს როგორც მძიმე ფორვარდად, ასევე ცენტრად თამაში. თავის გაბარიტებთან შედარებით საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება საკალათბურთო მოედანზე, შეუძლია პერიმეტრზე ამოსვლაც და 3 ქულიანების ჩაგდება. რაც მთავარია, დაჯილდოებულია ლიდერის თვისებებით და აქვს უნარი გუნდს თამამად წარუძღვეს ნებისმიერ მეტოქესთან. სავარაუდოდ, საწყისი 2 თვე გაუჭირდება, მაგრამ მან თავის კარგი თამაშით უნდა დამტკიცოს საკუთარი სიძლიერე, როგორც ეს თავის დროზე შეძლეს დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა ცენტრებმა (კევინ გარნეტი, იაო მინი, დუაიტ ჰოვარდი, ტიმ დანკანი).
http://www.youtube.com/watch?v=NzhSOfAoTA4
მთავარი ვარსკვლავი: ერიკ გორდონი
გორდონი “ნიუ ორლეანში” კრის პოლის თრეიდის შედეგად მოხვდა, მიუხედავად იმისა რომ ტრავმის გამო მხოლოდ 9 თამაშის ჩატარება მოასწრო ახალი გუნდის მაისურით, იგი მაშინვე კლუბის ლიდერად მოგვევლინა საშუალოდ აგროვებდა რა მატჩში 20,6 ქულას და 3,4 შედეგიან გადაცემას. შეუძლია, როგორც გამთამაშებლის, ასევე მსროლელის პოზიციაზე გარჯა. 2009 წელს აირჩიეს წლის ახალბედათა ნაკრებში, 2010 ში კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თურქეთში ჩატარებულ მუნდიალზე. თუ გასულ სეზონში, თითქმის მარტოს უწევდა ლიდერის ტვირთის ზიდვა, ახლა უკვე გაცილებით ახალგაზრდა და მრავაფეროვანი პარტნიორები ჰყავს, რომელთან ერთადაც კარგად შეთამაშების შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. გუნდში არსებული კონტიგენტით მიღწევადია პლეი ოფში გასვლა და იქ უკვე თუნდაც პირველი ბარიერის გადალახვა.
http://www.youtube.com/watch?v=kzPpdSWH1Cw
მეხუთე ბორბალი: გრევის ვასკესი
კრის პოლის გუნდიდან წასვლით და ერიკ გორდონის ტრავმამ გრევის ვასკესს და ჯარეტ ჯეკს მისცა საშუალება დამკვიდრებულიყვნენ სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლისა და მსროლელის ადგილზე. თამაშის მიმდინარეობისას, ისინი ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთში პოზიციებს, რაც საბოლოოდ დადებით შედეგს აძლევდა გუნდს უმეტეს შემთხვევებში. ვენესუელელმა გამოიყენა საკუთარი შანსი და გააკვირვა საკალათბურთო სამყარო თამაშის დროს მიღებული სწორი გადაწყვეტილებებით. ძალიან კარგად აკონტროლებს თამაშის ტემპს და არ აპატიებს მოწინააღმდეგეს მცირე უყურადღებობასაც. თუმცა, შედარებით ნელია დაცვაში თამაშისას, სისწრაფის ხარჯზე მოწინააღმდეგეები ხშირად ჩაგრავენ. მონტა უილიამსი ახალ სეზონში მას კიდევ მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას და სათადარიგოთა სკამიდან შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს საკუთარ კლუბს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გუნდში სუფთა სტილის გამთამაშებელი არ არსებობს, გრევისის აქციები გაცილებით მაღლა იწევს.
http://www.youtube.com/watch?v=zUy3gFYF48w
X ფაქტორი: ოსტინ რივერსი
ოსტინმა სასკოლო ლიგაში გამოსვლისასავე გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ. იგი „ვინთერ პარკის“ შემადგენლობაში არაერთი ინდივიდუალური, თუ გუნდური პრიზის მფლობელი გახდა, რის შემდეგაც 2011 წელს ჩაირიცხა “დიუკის” უნივერსიტეტში. სადებიუტო სეზონშივე 35 თამაშიდან 34-ში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. იგი საშუალოდ მატჩში 15,5 ქულას და 3,4 მოხსნას აგროვებდა. ამ მაჩვენებლებით გუნდის ლიდერი გახდა და უნივერსიტეტის მრავალწლიან ისტორიაში შეიქმნა მესამე მოთამაშე, როდესაც პირველ კურსელი გახდა გუნდის მთავარი მექულე. თამაშიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი 43,3% უტოლდება. არცთუ ისე დამაჯერებელია საჯარიმოს ხაზიდან 65,8%. “ნიუ ორლეანმა” მეათე ნომრად აირჩია იგი დრაფტზე. ასევე თუ გავითვალისწინებთ მის ოჯახურ ტრადიციებს (ოსტინი წარსულში ცნობილი ნბა-ს მოთამაშის და ამჟამად „ბოსტონ სელტიქსის“ მთავარი მწვრთნელის გლენ „დოკ“ რივერსის უმცროსი ვაჟია) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადვილად დამკვიდრდება სასტარტო ხუთეულში. მისი სახით კლუბმა ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა აიყვანა, რომელსაც ძალუძს ერიკ გორდონთან ერთად სეზონის სტარტზევე „მცველთა“ ბრწყინვალე დუეტი შექმნას.
სასტარტო ხუთეული: ოსტინ რივერსი, ერიკ გორდონი, ელ–ფარუქ ამინუ, რაიან ანდერსონი, ენტონი დევისი.
გუნდის ლიდერთა სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: გორდონი–23,2
მოხსნები: დევისი–10,3
გადაცემები: ვასკესი–5,8
ჩაჭრები: დევისი–1,5
ბლოკშოტები: დევისი–2,2
დაკარგვები: გორდონი–2,8
დასკვნა: ერთი შეხედვით გუნდის ხელმძღვანელობა სწორად მოიქცა, როდესაც მოიშორა ტრევორ არიზა და ემეკა ოკაფორი, ჩაანაცვლა რა ისინი პერსპექტიული ახალგაზრდებით. მისასალმებელია გასულ სეზონში, ყველაზე მეტი სამიანის გამომყენებელ რაიან ანდერსონის გადმოყვანა „ორლანდო მეჯიქიდან“, რომელიც თავის ქულებით ძალიან დაეხმარება ლიგის ახალბედებს. თუმცა, მაინც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება მომავალი რეგულარულის წინ: რამდენი ხანი დასჭირდება დევისს, რათა ადაპტაცია გაიაროს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში? როგორ შეძლებენ ვასკესი და როვერსი გამთამაშებლის პოზიციაზე პრობლემების მოგვარებას? ეყოფა კი ამინუს იმდენი სათამაშო ხედვა და ინტელექტი, რომ ღირსეულად იასპარეზოს მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში? პოტენციალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ დანარჩენ კითხვებზე პასუხს მომავალი სეზონი გაგვცემს, რომელიც სულ მალე იღებს სტარტს.