სტატიები

12:57 | 23.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკი”

ბოლო სეზონები: ქაოსი

მაიკ დანტონის მწვრთნელობის პერიოდში, “ნიუ იორკი”-ს სათამაშო სტილს, ალბათ, ყველაზე მეტად ეპითეტი “ქაოსური” შეესაბამებოდა. გუნდის სამივე ლიდერი (ამარე სტაუდმაიერი, ჯერემი ლინი, კარმელო ენტონი) თვლიდა, რომ მხოლოდ მასზე უნდა აგებულიყო თამაში და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ ამის დამტკიცებას. გუნდური კალათბურთის თამაშის მცდელობის ელემენტები, ფაქტობრივად არ შეინიშნებოდა, დაცვას კი, მხოლოდ ერთი კაცი თამაშობდა – ტაისონ ჩენდლერი. პლეი ოფის პირველივე რაუნდში  სამარცხვინო ანგარიშებით წაგების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობა კლუბის მომავალზე სერიოზულად დააფიქრა და გლობალურ ცვლილებებს მიმართა.
მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლებული იქნა მაიკ დანტონი და იგი მაიკ ვუდსონმა ჩაანაცვლა. კლუბი დატოვა ახალგაზრდა გამთამაშებელმა ჯერემი ლინმა.
ზაფხულში გატარებული სატრანსფერო პოლიტიკის შემდეგ, გუნდი შეავსეს ჯეისონ კიდმა, პაბლო პრიჯიონიმ, კურტ ტომასმა, რაშიდ ვოლესმა და მარკუს კემბიმ. თითოეულმა მათგანმა უკვე გადააბიჯა 35 წლიან ზღვარს. ჩარლზ ბარკლიმ კი ენამოსწრებულად განაცხადა: “მე მგონი, “ნიქსის” ბოსებისათვის  ჯერ კიდევ 90-იანი წლები დგას”.  

მთავარი მწვრთნელი: მაიკ ვუდსონი
ვუდსონი საკმაოდ კარგი მწვრთნელი გახლავთ, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობებით. მაიკს აქვს პოტენციალი გუნდი პლეი ოფში გაიყვანოს, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდამდე მისვლა, ჯერჯერობით, გადაულახავი ბარიერია მისთვის. პირველ რიგში იგი ეცდება “ნიუ-იორკში” წესრიგი დაამყაროს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. უამრავი მაღალი დონის ინდივიდუალისტით დაკომპლექტებულ გუნდში, თუ მოახერხა და მათ რაღაც დონეზე მაინც გუნდური კალათბურთის თამაშიც აიძულა, მაშინ წინა წლებთან შედარებით გუნდს სეზონის ბოლოს რეზულტატი გაცილებით უკეთესი  ექნება. “ნიქსი” ბედის საჩუქარი არავისათვის იქნება და რეგულარულის მიმდინარეობისას მწარე კბენებსაც განახორციელებს, მაგრამ ჯერ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს: ვინ იქნება მთავარი რგოლი “მედისონ სქვერ გარდენში”, ამარე, თუ კარმელო?

უკანა ხაზი: ფელტონი, ბრიუერი, კარმელო ენტონი
სავარაუდოდ, სეზონის სტარტზე, “ნიუ-იორკის” ძირითადი გამთამაშებლის პოზიციას რაიმონდ ფელტონი დაიკავებს. იგი ნიუ-ორკელი პუბლიკისათვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ, რადგან 2010-11 წლებში უკვე იცავდა “ნიქსის” ღირსებას და საკმაოდ წარმატებითაც. ლანდრი ფილდსთან და დანილო გალინარისთან ძალიან კარგი უკანახაზელთა ტრიო ჰქონდა შექმნილი და 54 ჩატარებულ მატჩში, საშუალოდ 17,1 ქულას და 9 შედეგიან გადაცემას ასრულებდა, თუმცა მაიკ დანტონის გაუგებარი თვალთახედვის გამო, იგი, მოულოდნელად,  “დენვერში” მოისროლეს.
მაიკ ვუდსონს არჩევანი უნდა გაეკეთებინა მეორე ნომრის პოზიციაზე სეზონს სასტარტო ხუთეულში  ბრიუერით დაიწყებდა, თუ ჯეი არ სმიტით. სავარაუდოდ, უპირატესობა რონის მიენიჭება, რადგან მას დაცვითი კალათბურთი გაცილებით უკეთ ეხერხება და შავი საქმის გაკეთებასაც არ თაკილობს, შეტევაში ქულების მომხვეჭნი კი, ისედაც ბევრი ჰყავს დღევანდელ “ნიქსს”. სმიტის შეტევის პოტენციალის მქონე მოთამაშე კი, გაცილებით სასარგებლო, სათადარიგოთა სკამიდან იქნება.
კარმელო ენტონი – გუნდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის თამაშზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული კლუბის საერთო შედეგი, “მელოს” თამაშის დროს, თავისი არასტადარტული აზროვნებით და უდიდესი შესაძლებლობებით, არაერთხელ მოუტანია გუნდისთვის წარმატება. მისი ტყორცნები ნებისმიერი დისტანციიდან, ერთი მეორეზე საშიშია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ხშირად ამთავრებს წარმატებით კომბინაციებს 3 წამიან ზონაში შესვლით. თუმცა, მისი სათამაშო სტილი, არცერთ საკალათბურთო ტაქტიკასა და სქემაში არ ჯდება, რაც ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უქმნის მის გუნდს. სწრაფი შეტევისას რამდენჯერაც ბურთს მიიღებს, იქ შეტევა უკვე პოზიციურში გადადის. ყველა დადებით თვისებასთან ერთად, დაჯილდოვებულია ეგოიზმით და იშვიათად იწუხებს თავს იმით, რომ უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს დროული პასი გადააწოდოს.

http://www.youtube.com/watch?v=4uz-U8KRfNw

წინა ხაზი: სტაუდმაიერი, ჩენდლერი
ამარე სტაუდმაიერმა, თავისი თამაშის გასაუმჯობესებლად, გადაწყვიტა ნბა-ს ლეგენდარულ ცენტ ჰაკიმ ოლაჯუონთან ეთანამშრომლა, რაც მისასალმებელია. გასულ სეზონში, ამარე ყველაზე მეტად არ გავდა საკუთარ თავს, რადგან შეტევაშიც ვეღარ იყო ისეთი ეფექტური, ხოლო დაცვაში თამაშში ერთ-ერთი უსუსტესი გახლდათ. წლეულს, მისი სახით, გუნდს ძალიან სჭირდება დაცვაში მოთამაშე მძიმე ფორვარდი, რომელიც პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს გუნდისაზე წინ არ დააყენებს და რიგ შემთხვევებში, საკუთარ თავზე აიღებს თამაშს.

 http://www.youtube.com/watch?v=TrdA_NKceBc
ტაისონ ჩენდლერი, “დალასში” ჩატარებული საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ყოვლად გაუმართლებლად, “ნიუ-იორკში” გაცვალეს და ამ ხნის განმავლობაში ტაისონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მასში ძალიან შეცდნენ “მავერიქსის” “ბოსები”. იგი ნბა-ს ბოლო წლების საუკეთესო დამცველია, რომელიც მეტოქეებს უამრავი დაფარებებით “აჯილდოვებს”. დუაიტ ჰოვარდის ტრავმის ფონზე, იგი “დრიმ თიმის” ძირითადი ცენტრი გახლავთ და მაღალ დონეზე ჩაატარა ლონდონის ოლიმპიადაც. უკანასკნელი სეზონის შემდეგ, ალბათ, ერთადერთი მოთამაშეა, ვის წინაშეც არანაირი პრეტენზია არ ჰქონია არც “ნიქსის” უფროსობას და არც გულშემატკივრებს.

სათადარიგოთა სკამი: ჯეისონ კიდი, პაბლო პრიჯიონი, ჯეი არ სმიტი, იმან შამპერტი, სტივ ნოვაკი, რაშიდ ვოლესი, მარკუს კემბი, კურტ ტომასი

“ნიუ-იორკს” მთელს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სათადარიგოთა სკამი ჰყავს. გამთამაშებლის პოზიციაზე გამობრძმედილი ვეტრეანები: ჯეისონ კიდისა და პაბლო პრიჯიონის სახით, რომელთაც ასაკი აღარ უწყობთ ხელს, თორემ, თავისუფლად შეძლებდნენ გუნდის ლიდერობას.
სნაიპერის პოზიციაზეა ფეთქებადი ჯეი არ სმიტი, რომელსაც, თუ თამაში წაუვიდა, შეუძლია სამქულიანებით უშუალოდ მარტომ მოიგოს შეხვედრა, მნიშვნელოვანი ფიგურაა ასევე იმან შამპერტი, რომელმაც გასულ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა და რომ არა სერიოზული ტრავმა, შეიძლება გუნდისათვის გაცილებით მეტი სარგებელი მოეტანა.
“ნიქსის” წინა ხაზი ძალიან მაგარი დამცველი მარკუს კემბით შეივსო, რომელიც ბლოკშოტების მეფედ ითვლება დღესდღეობით და ასევე აღნიშვნის ღირსია ვეტერანი კურტ ტომასი, რომელმაც მართალია, წლების მატებასთან ერთად სისწრაფე დაკარგა, სამაგიეროდ, უდიდესი გამოცდილების ფონზე კარგად არჩევს პოზიციას და საშუალო დისტანციიდან ტყორცნაც კვლავ ნორმალურ კონდიციაში აქვს.
რაშიდ ვოლესი კი, უბრალოდ, მოვლენაა. “დეტროიტის” ჩემპიონი გუნდის ერთ- ერთი სულიჩამდგმელი კვლავ აგრძელებს ხულიგნობას და კარიერას ერთდრულად. ამჯერად, ეძლევა შესაძლებლობა, უკვე “ნიქსის” მაისურით ჩაიდინოს სიგიჟეები და ერთ ორ სამიანსაც თუ გაუშვებს წარმატებით, მისგან ყველა კმაყოფილი დარჩება.
სასტარტო ხუთეული: რეიმონდ ფელტონი – რონი ბრიუერი – კარმელო ენტონი – ამარე სტაუდმაიერი – ტაისონ ჩენდლერი

http://www.youtube.com/watch?v=RyQ_gViWs88

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში

ქულები: ენტონი 22,5

მოხსნები: ჩენდლერი 9,7

გადაცემები: ფელტონი 5,9

ჩაჭრები: ფელტონი 1,2

დაფარებები: კემბი 1,3

დაკარგვები: ენტონი 2,9

დასკვნა: “ნიო-იორკი”  აუცილებლად გააღწევს ფლეი ოფში, თუმცა იქ, მაქსიმუმ, პირველი-მეორე რაუნდი გადალახოს, რადგან მეტზე, უბრალოდ, შესაძლებლობა არ ეყოფა. რეგულარულის განმავლობაში, ალბათ, ვიხილავთ რამოდენიმე მატჩს, რომელსაც მარტო მოიგებს კარმელო  ენტონი(ისიც მაშინ, როდესაც სტაუდმაიერი ტრავმირებული იქნება), ჯეი არ სმიტიც რამოდენიმეჯერ ჩაატარებს 30+ ქულიან თამაშს, საკუთარ პარკეტზე იდეალურთან მიახლოებულ კალათბურთსაც ითამაშებენ, თუმცა საბოლოოდ, ქაოსური სისტემა მაინც არ შეიცვლება და სურათი მეტ-ნაკლებად იგივე დარჩება. კლუბის ხელმძვანელობას კი, ჩენდლერი–ენტონი–სტაუდმაიერის მრავალმილიონიანი ხელფასების ფონზე მოუწევთ კვლავ, ამ ტრიოს ირგვლივ მინიმალურ ხელფასზე ყაბულს მყოფი მოთამაშეების შემოკრება.
 

 

გიორგი ბარბაქაძე

0.235546