საერთაშორისო სტუდენტური ლიგის “ბ” ჯგუფში მოასპარეზე სტუ-მ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), პირველი წრის ბოლო, მე-5 შეხვედრა რესუ-თან (როსტოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩაატარა და ამით პირველი წრე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ სტუ-სა და რესუ-ს (რუსეთი) გარდა, “ბ” ჯგუფში გსუ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი), რსფუ (როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი, რუსეთი), კპი (კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უკრაინა) და ხსპუ (ხარკოვის საერთაშორისო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) მონაწილეობენ. სტუ-მ რსფუ-ს 90-71, კპი-ს 73-63, რესუ-ს 99-81 მოუგო, ხოლო მსუ-თან 75-63, ხსპუ-თან 62-67 დამარცხდა და პირველი წრე 3 მოგებითა და 2 წაგებით დაასრულა.
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე პირდაპირ გადიან 1-3 ადგილებზე გასული გუნდები. მე-4 ადგილზე გასულ გუნდსაც აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თუ იგი მეოთხეადგილოსანთა შორის საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
“მსოფლიო სპორტი” სტუ-ს მთავარ მწვრთნელს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინს ესაუბრა.
-საერთაშორისო სტუდენტური ლიგის დებულებიდან გამომდინარე, ლიგაში მონაწილე თითოეულ გუნდს აქვს უფლება 25 წლამდე და ორი 27 წლამდე კალათბურთელები აიყვანოს მისი ქვეყნის ნებისმიერ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან. ვინც გსურთ, ყველა კალათბურთელი გამოიძახეთ?
- მე კი გამოვიძახე, მაგრამ გუნდებმა არ გამოუშვეს.
- რომელ გუნდებზეა საუბარი?
- ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ქუთაისი-2010”-დან გვყავს. ყველამ იცის იმ კალათბურთელთა ვინაობა, რომლებსაც სტუ-ში ვისურვებდი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არ გამოუშვეს. აღარ მინდა ახლა დავკონკრეტდე, რადგან შემდეგ შეიძლება საერთოდ გუნდის გარეშე დავრჩე.
- სად ვარჯიშობთ?
- შეიძლება ითქვას, რომ არ ვვარჯიშობთ. თბილისში ჩასატარებელი მატჩების დროს წინა დღით ვიკრიბებით.
- რატომ არ ვარჯიშობთ?
- ფინანსური პრობლემების გამო დარბაზს ვერ ვქირაობთ. არც კლუბებს სიამოვნებთ მოთამაშეების გამოშვება, ამიტომ კალათბურთელები ძირითადად საკუთარ კლუბებში ვარჯიშობენ. ვერც ვაძალებ, რადგან კალათბურთელებს კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ და საკმაოდ დიდ ხელფასსაც იღებენ. ჩვენთან კი უხელფასოდ თამაშობენ.
- მაშინ რა აზრი აქვს ლიგაზე თამშს?
- კალათბურთელებს შანსი აქვთ, თავიანთი თამაშით უცხოელები დააინტერესონ და ახალი, სარფიანი კონტრაქტი გააფორმონ.
- ჩვენი ჯგუფიდან პირველ სამეულში მოხვედრის ძირითად კანდიდატად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- რომლებთანაც დავმარცხდით, ანუ მსუ-სა და ხსპუ-ს
- მსუ-თან მატჩი, რომელიც თბილისში ჩატარდა, ყველამ ვნახეთ. ხსპუ-თან წაგებულ შეხვედრაზე რას გვეტყვით?
- თამაში გარდამავალი უპირატესობბით მიმდინარეობდა და გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. დროის იმ მონაკვეთში, როცა მატჩი მთავრდებოდა, უკრაინელებმა მოახერხეს წინ გასვლა და გამარჯვებაც მათ დარჩათ. ჩვენ რომ მოგვეგო, მოულოდნელი არ იქნებოდა.
- ლიგაში სტუ-ს მიზნებზე რას ვეტყვით?
- პროგრამა-მინიმუმი პირველ სამეულში მოხვედრა და მომდევნო ეტაპზე თამაშია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.