ფეხბურთი

11:09 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნემანია ვიდიჩი: “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბიცია უცვლელია”

 “მანჩესტერ იუნაიტედის” სერბმა კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა ინტერვიუ მისცა საფეხბურთო ჟურნალ  FourFourTwo-ს. ბალკანელმა კლუბში შექმნილ ახალ რეალობასა და გუნდის უცვლელ მიზნებზე ისაუბრა.

 - მიმდინარე ზაფხულიიუნაიტედისთვისმეტად მნიშვნელოვანი იყო. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. ახალ რეალიებთან შესაგუებლად დიდი დროა საჭირო?

- არა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავინდებურად ის კლუბია, რაც უწინ იყო. მართალია, მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ მოთამაშეები ხომ დავრჩით. ამასთან, საკლუბო აურა ათწლეულების განმავლობაში უცვლელია. დევიდ მოიესმა კარგად დაიწყო. პირადად მე მისი წვრთნებისგან სიამოვნებას ვიღებ. მისტერ დევიდი პირდაპირი და გახსნილი ადამიანია, მასთამ ურთიერთობა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება და მოიესი ყოველთვის მზადაა, ფეხბურთელს დაეხმაროს. მოთამაშეთათვის სერ ალექს ფერგიუსონიდან ახალ დამრიგებელზე გადასვლა უმტკივნეულოდ მოხდა. მოიესს საუბრისას აქცენტიც იგივე აქვს. არცაა გასაკვირი – იგიც ხომ შოტლანდიელია. ერთი სიტყვით, ყველანი კმაყოფილები ვართ, რაც დამაჯერებლობას გვმატებს.

- ბოლო 26 წლის განმავლობაში მატჩის მსვლელობისას ტრიბუნაზე ყოველთვის ფერგიუსონი იჯდა. უჩვეულო ხომ არაა, ამჯერად საკაპიტნო ხიდურაზე სერ ალექსი რომ არ ზის?

- როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, ტრიბუნისკენ გახედვის დრო არ მაქვს. ისე კი, რა თქმა უნდა, უჩვეულო მდგომარეობაში ვართ. მოთამაშეებს და გულშემატკივრებს ვერცკი წარმოგვედგინა, დამრიგებელი ფერგიუსონი რომ არ იქნებოდა. მართლაც მეტად უჩვეულოა – “მანჩესტერ იუნაიტედი” სერ ალექსის გარეშე! მაგრამ ამგვარია რეალობა და ამასთან თვალის გასწორება ყველა ჩვენთაგანს მოუწევს. კლუბის ისტორიაში ახალი თავი იწერება. 7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ფერგიუსონის მეთაურობით და თავს ბედნიერად ადამიანად ვთვლი, ასეთი მაღალი კლასის სპეციალისტთან ერთად რომ ვმუშაობდი. სერ ალექსის გუნდიდან წასვლის მომენტი მეტად ემოციური იყო. ჩვენ მას დავპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით სამომავლო წარმატებების მისაღწევად. ამჟამად გარდამავალი პერიოდი გვაქვს. ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ საიმისოდ, რათა დევიდ მოიესს საადაპტაციოდ დავეხმაროთ. “მანჩესტერ იუნაიტედის” მიზნები კი ყოველთვის უცვლელი დარჩება – ტიტულების მოხვეჭა.

- ბუკმეკერები უნდობლობას გიცხადებენ. მათი აზრით, “იუნაიტედი” პრემიერლიგის ჩემპიონობის მოპოვების უმთავრესი არაა – თქვენზე წინ “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” აყენებენ. ეს ფაქტი არ გაკვირვებთ?

- მთავარი მწვრთნელის ცვლილების შემდეგ გარკვეული ადამიანები ნაკლებად გვენდობიან. მათი პოზიცია ძნელად გასაგები და ასახსნელი არაა, მაგრამ ჩვენ ამ ამბავს ყურადღებას არ ვაქცევთ. ნაკლებად მადარდებს, რაც ფიქრობენ სხვები. მთავარია, ჩვენი ძალა და შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ. საკუთარი თავის რწმენა ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს და იმათ გაწბილებას შევეცდებით, ვინც უპირველეს ფავორიტად არ გვთვლის.

- ადასტურებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ამოცანა კვლავინდებურად ყველა ტურნირის მოგებაა?

- რასაკვირველია ვადასტურებ. “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბიცია უცვლელია. გულშემატკივრები ჩვენგან მხოლოდ პირველობას ითხოვენ და რა მორალური უფლება გვაქვს, მათ იმედი გავუცრუოთ. ჩვენი მიზანი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამაში ახალი არაფერია – 7 წელია “ოლდ ტრაფორდზე” ვთამაშობ და სხვა გადასაჭრელი ამოცანა არასდროს გვქონია.

- ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე არ გიაქტიურიათ. გუნდის სადღეისო შემადგენლობა დასახული მიზნის გადასაჭრელად საკმარისია?

- ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ეს შესაძლოა ჩვენი უმთავრესი კოზირი გახდეს. ამასთან ახალგაზრდებს სათანადო გამოცდილებაც უკვე მიღებული აქვთ. ისინი მუდმივად ვითარდებიან როგორც ფეხბურთელები და პიროვნებები. ეს ჩვენი კლუბისთვის დიდი პლუსია. ცხადია, გამოცდილი ვეტერანების იმედიც გვაქვს. “იუნაიტედში” ახალგაზრდების და გამობრძმედილი მოთამაშეების კარგი შეხამებაა.

0.116172