ფეხბურთი

12:02 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო “სიტის” მიუახლოვდა

ინგლისის “მანჩესტერ სიტი” უახლოეს პერიოდში ესპანური “სევილიას” ფორვარდ ნეგრედოსთან კონტრაქტს გააფორმებს.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სერიოზულადაა დაინტერესებული თავდასხმის ხაზის გაძლიერებით. ამის საჭიროება მას შემდეგ გაიზარდა, რაც კარლოს ტევესი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა. მანჩესტერულ კლუბთან არაერთ შემტევს აკავშირებენ, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, ნეგრედო პრიორიტეტული ვარიანტია.

პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ნეგრედომ 25 გოლი გაიტანა და ანდალუსიელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გამტან ფორვარდს ვეღარ შეინარჩუნებდნენ, მით უმეტეს, რომ კლუბის გამოცვლის სურვილი თავად 27 წლის მოთამაშემაც გამოთქვა. ვარაუდობდნენ, რომ ნეგრედო კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებდა და თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ საქმეში “სიტი” ჩაერთო და ამან სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

სავარაუდოდ, ნეგრედო ინგლისის პრემიერლიგაში პელეგრინის ხელმძღვანელობით თამაშზე უარს ვერ იტყვის და სულ მალე “ქალაქელი” გახდება.

0.141152