ფეხბურთი

21:44 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” ბაქოდან ფრე და რეალური შანსი “წამოიღო”

საფეხბურთო კლუბს “ჩიხურას” ორგანიზებით, საჩხერელთა ქომაგები და ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი 31 ივლისს დილას აზერბაიჯანში გაემგზავრა. 10-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ბაქოში ჩავედით და “ბაქსელ არენას” მივაშურეთ, რომელზეც ოფიციალური მონაცემებით 15000 ქომაგი ეტევა. არენა სავსე იყო.

თამაშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ “ნეფთჩი” თავის მინდორზე ფავორიტი იყო და მას ფრეც დააკმაყოფილებდა. “ჩიხურამ” ამოცანა შეასრულა და ბაქოდან ფრესთან ერთად, მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი “წამოიღო”.

ტრავმირებული გიგა ბეჭვაიას ნაცვლად, ფრუიძემ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი კორიფაძე დააყენა. სტუმრებს მეკარე გიორგი სომხიშვილიც აკლდათ, რომელიც “ბურსასთან” მატჩში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. 

მატჩი საწყის მონაკვეთში ტერიტორიული უპირატესობა “ნეფთჩის” ჰქონდა, მაგრამ პირველად გოლის გატანა ქართველებს შეეძლოთ. მე-15 წუთზე, ერთი შეხებით გიორგი კორიფაძემ საუცხოო პასით ბესიკ დეკანოიძე ბაქოელთა მეკარეს შეატოვა, მაგრამ “ჩიხურას” ნახევარმცველმა საშა სტამენკოვიჩს ვერ აჯობა. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და ჯაბა ჯიღაურს ორჯერ ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ მასპინძელთა გოლკიპერს ბურთი ვერც მან ააცილა.

2 წუთში, “ნეფთჩიმ” კუთხური მოაწოდა და კარლოს კარდოსოს პასის მერე, ფლავინიომ თითქმის კარის ხაზიდან მიზანს ააცილა. მე-18 წუთზე, ჯულიოს ვობაის სოლო რეიდის მერე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შევიდა და დაარტყა - მაქსიმე ქვილითაია ბურთს ადგილზე დახვდა. ცოტა ხანში, საჩხერელთა მორიგი კონტრშეტევის მერე, გიორგი გაბედავამ მარცხენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მალევე, ლაშა კუჭუხიძე აზერბაიჯანელების საჯარიმოში აღმოჩნდა და დაარტყა - ბურთი “ნეფთჩის” მცველს მოხვდა.

27-ე წუთზე, კვლავ გაბედავამ შეუტია და კარდოსოს ფეხიდან ბურთმა კარის სიახლოვეს ჩაიარა. “ჩიხურამ” კუთხური მოაწოდა და ბაქოელმა მცველმა ბურთი მოიგერია, რომელიც შეუჩერებლად შორი მანძილიდან კორიფაძემ სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ უზუსტოდ დაარტყა.

ერთ მომენტში სტადიონზე სიტუაცია დაიძაბა ქართველ და აზერბაიჯანელ ფანებს შორის. მასპინძელმა ქომაგებმა სტუმრებს პოლიეთილენის ბოთლები ესროლეს და პასუხად იგივე მიიღეს. საბოლოოდ, შუაში პოლიციის კორდონი ჩადგა, რომ ქართველებსა და აგრესიულ ადგილობრივ ფანებს შორის სერიოზული ინციდენტი არ მომხდარიყო. იმ სექტორის დასაცავად, სადაც ქართველები ისხდნენ, პოლიციის დამატებით ძალებსაც უხმეს.

41-ე წუთზე, ბრუნო ბერტუჩიმ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ დაარტყა – ბურთი ქართველების კარს ოდნავ აცდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ ქვილითამ მარჯვენა კუთხიდან არაზ აბდულაევის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია. ერთ წუთში, ქართველების მეკარე უკვე ბრუნო ბერტუჩის სახიფათოდ დარტყმულს გაუმკლავდა. მცირე ხანში, ბაქოელებმა კუთხური მოაწოდეს და კარდოსომ ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა. 57-ე წუთზე, ვობაის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი, რომელსაც ქვილითაიამ თითები წაარტყა ზედა ძელს მოხვდა.

58-ე წუთზე, “ჩიხურას” კონტრიერიშის დროს, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან ჯიღაური შევიდა და დაარტყა - ბურთი ბაქოელი მცველის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა. 62-ე წუთზე, დავით ოდიკაძემ მარცხნიდან “ჯარიმა” დაარტყა და სტამენკოვიჩს ბურთის დაუფლება არ გაჭირვებია. საპასუხო შეტევაში, ვობაიმ მოწინააღმდეგის საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და კარიდან წინ გასულ ქვილითაიას ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელსაც მეორე ცდაზე დაეუფლა. თუმცა, კარდოსოს შეეჯახა და მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ თამაში მალევე გააგრძელა.

72-ე წუთზე, დათუნაიშვილმა “ნეფთჩის” საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაბედავა გაიყვანა, რომელმაც ბურთი მცველს მოახვედრა. 74-ე წუთზე, ქვილითაიამ გოლის გაშვებისგან სტუმრები აშკარად იხსნა, როდესაც მარჯვნიდან სამირ მასიმოვმა ჩამოაწოდა და ახლო მანძილიდან ფლავინიომ თავით დაარტყა. ამ ეპიზოდში “ჩიხურას” მეკარემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში, მან ბერტუჩისა და ვობაის დარტყმები გაანეიტრალა.

79-ე წუთზე გატანა უკვე გაბედავას შეეძლო, როდესაც კუჭუხიძის კარგი პასის მერე, ბაქოელთა საჯარიმოში მყოფმა მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა და მიზანს სანტიმეტრებით ააცილა. 87-ე წუთზე, დეკანოიძემ დროულად მოძებნა მარცხენა ფრთაზე გაბედავა, რომელიც კარდოსოს ვერ გასცდა, თორემ სტამენკოვიჩთან პირისპირ დარჩებოდა.  

საპასუხო მატჩი 7 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

უეფას ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი.

ნეფთჩი (ბაქო) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

31 ივლისი, აზერბაიჯანი, ბაქო. სტადიონი “ბაქსელ არენა”. 15 ათასი მაყურებელი

ნეფთჩი: სტამენკოვიჩი, კარდოსო, იუნუსზადე, აბდულაევი (ნასიმოვი, 66), ფლავინიო (კ), ვობაი, რამოსი, ბერტუჩი, კაუე სეიდოვი (იმამვერდიევი, 81), ნფორი (გურბანოვი, 72).

მთავარი მწვრთნელი: ბეიუქაღა გაჯიევი.

ჩიხურა: ქვილითაია, ჯიღაური, ქიმაძე, გაბედავა, კუჭუხიძე, კორიფაძე (ჭელიძე, 81), გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე (ჩიკვაიძე, 90), რეხვიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (48)

მთავარი მსაჯი: პაველ ბალაი (რუმინეთი).

 

ლაშა თაბაგარი “მსოფლიო სპორტის” სპეციალური კორესპონდენტი ბაქოდან

ავტორის ფოტოები

0.195932