გულშემატკივრის სვეტი

10:46 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნახვამდის ევროპა!

ნახვამდის საფეხბურთო ევროპა! ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა თქვენი დამოკიდებულება სპორტისადმი და ყოველთვის ვეტრფოდით თქვენს მწვანედ ახასხასებულ სტადიონებს. ყოველთვის შურით ვუმზერდით იმ მილიონებსა და მილიარდებს, რაც თქვენს ფეხბურთში ტრიალებდა, მაგრამ მხოლოდ მოგვწონდა და მეტი არაფერი სხვა. კაცმა რომ თქვას, ბევრი არც არაფერი გაგვიკეთებია, თქვენ რომ დაგმსგავსებოდით. უფრო მეტიც – ჩვენში ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპასთან მსგავსებას “ერის უბედურებად” და “ქართველობის დაკარგვად” სახავენ.

პირველად რომ გაგიცანით, მაშინ ჩვენი ფეხბურთი სულ ახალი გამოყოფილი იყო საბჭოეთის “დიდი და ძმური ოჯახიდან” და ახალი იმედებითა და ოცნებებით აღვსილნი დღეებსა და წუთებს ვითვლიდით, როდის მოგვეცემოდა შანსი და საშუალება თქვენს ოჯახში რომ შემოვსულიყავით. მერე ნაკრებიც შევქმენით, ჩვენს კლუბებსაც მისცეს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშის უფლება, მაგრამ სხვაობა ჩვენსა და თქვენს შორის იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჩვენმა საუკეთესო ფეხბურთელებმა უმალ თქვენსკენ გამოსწიეს.

მაშინ ვერ ვაფასებდით და ახლა უფრო ვხვდებით, რაოდენი ბედნიერება იყო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ინგლისის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატის უპირველესი ლიგების გუნდებში თამაშობდნენ. მაშინ ალბათ გვეგონა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო და ახლა, როდესაც დიდ ჩემპიონატებში ქართველი ფეხბურთელების ჭაჭანებაც კი აღარაა, უფრო ნათლად ვაცნობიერებთ რა დავკარგეთ და როგორ დავშორდით ევროპას. ევროპას, რომელიც ასე მოგვწონდა და ასე გვინდოდა, რომ მათ მცირედით მაინც მივახლოვებოდით.

მშვიდობით ევროპავ! მშვიდობით ჩვენო ტკბილ-მწარე მეგობრებო და ახლობლებო.  – უკევ მერამდენედ ვამბობთ ქართველები ამ სიტყვებს და თუ არ ვამბობთ, ბევრ რამეში ვგულისხმობთ მაინც. თუკი 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ჩვენი ევროპასთან დამშვიდობება თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური ვაიუბედურებით იყო ნაკარნახევი, დღეს ფაქტობრივად თავად ჩვენვე ვიჭრით იმ გზას, რამაც ევროპულ ფეხბურთამდე უნდა მიგვიყვანოს.

როდესაც მამა ტალანტად სახელდებულ თავის შვილს აზერბაიჯანის ჩემპიონატში სათამაშოდ “გაწირავს”, მას ბევრი მიზეზი შეილება ჰქონდეს ეს ნაბიჯი რომ ახსნას. უპირველესად, რა თქმა უნდა, ყბადაღებული ფინანსური საკითხია. ბევრ ჩვენს თანამემამულეს უფულობასა და მომავლის იმედად ცხოვრებას ანუ “ხვალინდელ ქათამს”, უსახელო ჩემპიონატში თამაში და ორი კაპიკის შოვნა, ანუ “დღევანდელი კვერცხი ურჩევნია. ამ ადამიანებსა და მათ მშობლებს რასაკვირველია ვერც სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებ და ვერც იმას მოსთხოვ, უკეთესის იმედად ყველაფერი გვერდით გადადონ. მაგრამ, უკრაინის ან რუსეთის დაბალ ლიგებში სათამაშოდ წამსვლელ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ მშობლებს მერე ნუღარ ექნებათ კარგი და კაშკაშა მომავლის ილუზია. ეს მომავალი ხომ ყოველი ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვით იქმნება. წლები გადის, ევროპა კი თანდათან უფრო და უფრო მკრთალ, მბჟუტავ წერტილად მოსჩანს შავი ზღვის იქით...

შეიძლება ვაშაპატრიოტიზმად ჩამითვალოთ, მაგრამ, მე მაინც მტკიცედ მწამს, რომ ერთმანეთზე ზეაღმატებული ერები და ქვეყნები არ არსებობს. უბრალოდ არსებობს ქვეყნები, სადაც მოქალაქეებს უფრო მეტად ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების შანსი. საქართველოში კი წლები, ათწლეულები და მეტიც – საუკუნეებია ერთადერთ რამეს – საკუთარ თავს და საკუთარ უცნაურობებს ვებრძვით. ხან პირდაპირი მნიშვნელობით ვწყევლით და ვქოთავთ მარცხნაჭამ ჩვენს სპორტსმენებს და ხან მცირე წარმატებების შემთხვევაში, საერთოდ ზეცაში აგვყავს ქება-დიდებით. არის შემთხვევა, როდესაც ეროპის ხსენებაც არ გვინდა და ჭეშარიტად უმადური ხალხის პოზიციიდან ვამუნათებთ, აქაოდა უფრო მეტად რატომ არ იცლიან ჩვენთვისო. წლები კი გადის...

0.117126