როჯერ ფედერერმა ჰამბურგის bet-at-home Open – German Tennis Championships-ის ნახევარფინალში მას შემდეგ გააღწია, რაც მძიმე, დაძაბულ ორთაბრძოლაში გერმანელ ფლორიან მაიერს 7:6 (7:4), 3:6, 7:5 სძლია. შვეიცარიელმა ჰამბურგის ტურნირზე მთლიანობაში 32-ე შეხვედრა მოიგო (იგი ამ შეჯიბრების ოთხგზის გამარჯვებულია) და წლევანდელი ასპარეზობის ნახევარფინალში კვალიფიკაციამოვლილ არგენტინელს ფედერიკო დელ ბონისს დაუპირისპირდება.
ფედერერ-მაიერის მატჩი 2 საათს გაგრძელდა. 31 წლის ბაზელელმა 4 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა. როჯერი კარიერის განმავლობაში მეხუთედ შეხვდა მაიერს, მეხუთედ მოახერხა მისი დამარცხება და დარჩენილ შეხვედრებში თამაშის გაძლიერების იმედიც აქვს: “ჯერ კიდევ ვცდილობ საკუთარი სათამაშო რიტმის “დაჭერას”, რაც უფრო მეტ ხანს ვრჩები ბადესთან, მით მეტად დამაჯერებლად გამოვიყურები. დარჩენილ მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატებ”.
შეგახსენებთ, ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი მილიონ 230 500 ევროა.